ბათუმში, მუყაოს ე.წ. ოცნების ქალაქში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დაიწყება

მუყაოს ე.წ. ოცნების ქალაქში ავაშენებთ საცხოვრებელ კორპუსებს, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, რომ არც ერთ ადამიანს არ დარჩეს უსამართლობის გრძნობა.

„ჩვენი გუნდი ვერ შეეგუება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ და დამამცირებელ პირობებში ცხოვრებას და რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ვზრუნავთ, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ რეალობას შეცვლის და შეცვლის ასობით ადამიანის ყოფა-ცხოვრებას. მუყაოს ე.წ. ოცნების ქალაქში ავაშენებთ საცხოვრებელ კორპუსებს. მართლა ახალ სიცოცხლეს შეიძენს აღნიშნული დასახლება და ე.წ. ოცნების ქალაქი ნამდვილად გახდება ახდენილი ოცნებების ქალაქი. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას ხალხზე და მათი პრობლემების მოგვარებას იწყებს. ბინების აშენება და გადაცემა ეტაპობრივად მოხდება, ფაზების შესაბამისად. სამუშაო ჯგუფმა უკვე პრაქტიკულად დაასრულა იქ არსებული შენობა-ნაგებობების აღწერა, უმოკლეს ვადებში დაიდება დასკვნა და უწყვეტ რეჟიმში მოხდება გადაწყვეტილებების მიღება. აღნიშნული გადაწყვეტილებები იქნება სამართლიანი ისე, რომ არც ერთ ადამიანს უსამართლობის განცდა არ დარჩეს. მე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრსა და სამთავრობო გუნდს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოიჩინეს აღნიშნული საკითხის მოგვარების თაობაზე“, - განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, პროცესში ჩართული იქნება არასამთავრობო სექტორიც და საზოგადოებაც.

„ჩვენ უყურადღებოდ არც იმ ადამიანებს დავტოვებთ, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ სახელმწიფო ფართებში და მათთან მიმართებაშიც იქნება მიღებული გადაწყვეტილებები. დღეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მინისტრს დაევალება მოამზადოს მშენებლობის როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო დოკუმენტაცია და უმოკლეს ვადებში ტენდერის პროცედურების ჩატარება უზრუნველყოს. ამავე დროს, დღესვე დაიწყება მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების გატარება“, - განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, პროექტი საბიუჯეტო რესურსით დაფინანსდება.

„წელს ჩვენ ვგეგმავთ, რომ მოხდება 10 მილიონი ლარის ათვისება და წელსვე დაიწყება მშენებლობა“, - განაცხადა რიჟვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა