სააპელაციო სასამართლომ ფარული ვიდეოჩანაწერის საქმეზე დაკავებული ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატის საჩივარი დაუშვებლად სცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფარული ვიდეოჩანაწერის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას საჩივარი დაუშვებლად სცნო.

ადვოკატმა თბილისის საქალქო სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც, სოლომნიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით საჩივარი დაუშვებლად სცნო.

ადვოკატის თქმით, ეს თავის მხრივ გულისხმობს, რომ კანონის ყველა დარღვევა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუშვა, ძალაში დარჩა.

"ფარული ჩანაწერების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლემ მაკა გველესიანმა 2019 წლის 3 თებერვლის განჩინებით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ ზურაბ სოლომნიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

განსაკუთრებით უხეში დარღვევა დაფიქსირდა დაკავების კანონიერების ნაწილში, ზ. სოლომნიშვილი სასამართლოს განჩინების გარეშე დააკავეს, რისი უფლებაც გამოძიებას არ ჰქონდა, ვინაიდან ბრალდებულის განჩინების გარეშე დაკავების კანონიერი საფუძვლებიდან არც ერთი არ იყო სახეზე, სასამართლომ კი ეს ქმედება გასაოცარი არგუმენტით გაამართლა, რომ დაკავება განხორციელდა 19:35 საათზე, რის გამოც ბრალდების მხარე ვერ შეძლებდა სასამართლოსთვის მიემართა დაკავების განჩინების გაცემის შუამდგომლობით, ვინაიდან უკვე არასამუშაო დროს იყო. ამ განცხადებაში საოცარი არის ორი გარემოება - ერთი მხრივ, სასამართლოს არასამუშაო საათებში და არასამუშაო დღეებში ჰყავს მორიგე მოსამართლეები, რომლებიც ასეთ დროს შესულ შუამდგომლობებს იხილავენ და მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ცნობს ვითარებას, როდესაც პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთის გამართლება იქნება შესაძლებელი იმ მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების გვერდის ავლით, რომელსაც კანონი აწესებს. სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებები შაბლონური ხასიათისაა და მათი უკანონობა იმითაც დასტურდება, რომ მოსამართლე განჩინების დასაბუთებისას იყენებს კონსტიტუციის ძველი რედაქციით არსებულ ნორმებს", -აცხადებს ღურწკაია.

ის კონკრეტულად ამ განჩინების ადამიანის უფლებათა ვეროპულ სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. "საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული განჩინებები არსებით წინააღმდეგობაში მოდის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, რის გამოც, ჩვენ ვაპირებთ კანონით დადგენილ ვადაში მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს“,- აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ სოლომნიშვილს ფარული ვიდეოჩანაწერის სოციალურ ქსელ "იუთუბზე" ატვირთვას ედავებიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა