ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2019

ახალი გეოპოლიტიკური რეალობა - რატომ თმობს აშშ პოზიციებს და რისი იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს

"ძვირფასო რუსებო, თქვენ შედიხართ ტერიტორიაზე, სადაც კანონები არ მოქმედებს და რუსეთი ვერ დაგიცავთ”!

***

ახალი გეოპოლიტიკური რეალობა - რატომ თმობს აშშ პოზიციებს და რისი იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს

"დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ის საგარეო პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებულია ბარაქ ობამას საგარეო პოლიტიკისაგან. ამაზე მიგვანიშნებს ტრამპის ნაბიჯები, რომელსაც ის საერთაშორისო არენაზე დგამს. მიმდინარე წლის დასაწყისში, აშშ ნატოს დატოვების შესახებ კიდევ ერთხელ ალაპარაკდა, რისი ინიციატორიც სწორედ აშშ-ის პრეზიდენტი იყო, თუმცა, ამერიკის წარმომადგენლთა პალატამ 22 იანვარს კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ადმინისტრაციას ჩრდილატლანტიკური ალიანსიდან გასვლა ეკრძალება. ამ კანონპროექტს კონგრესში 357 წევრმა მხარი დაუჭირა, ხოლო 22 წინააღმდეგი იყო. კენჭისყრის შემდეგ, კანონპროექტი „ნატოს მხარდამჭერი აქტი" სენატს გაეგზავნა, - ადმინისტრაციას ნატო-დან გამოსვლის ხარჯების დასაფარად ფედერალური ბიუჯეტის გამოყენება ეკრძალება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ახალი გეოპოლიტიკური რეალობა - რატომ თმობს აშშ პოზიციებს და რისი იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს

"აღსანიშნავია ისიც, რომ 2 თებერვალს რუსეთმა „მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმების" დატოვების შესახებ განაცხადა - ეს გადაწყვეტილება აშშ-ის საპასუხოდ იქნა მიღებული რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ. პირველ თებერვალს ამერიკის მიერ „მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმებას" დატოვების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა. მისი თქმით, 1987 წელს საბჭოთა კავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გასვლის პროცესი 180 დღეში დასრულდება. რა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შეიძლება მივიღოთ აშშ-ის მონაწილეობით?“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ტრამპმა პოზიციები დათმო, თუმცა გაზის წარმოებით აშშ უმსხვილესი ენერგომწარმოებელი გახდა.„დღევანდელი საერთაშორისო პოლიტიკის გეოპოლიტიკური გამოწვევა გამოიხატება იმაში, რომ აშშ თმობს თავის პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში და საკუთარ სტრატეგიულ მოკავშირეებს საუდის არაბეთს, ისრაელს და იორდანიას ტოვებს მარტო იქ არსებული უსერიოზულესი გამოწვევების წინაშე. გარდა ამისა, აშშ აპირებს გამოვიდეს აფრიკიდან და ცენტრალური აზიიდან. ყველაზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აშშ-ს უკვე ნაკლებად აინტერესებს, ახლო აღმოსავლეთში წარმოებული ნავთობი, რადგანაც ფიქლური ნავთობის, გაზის წარმოებისა და ახალი ტექნოლოგიის - თხევადი გაზის ტრანსპორტირების სისტემის ხარჯზე, თვითონ გახდა უმსხვილესი ენერგომწარმოებელი. ამიტომაც, ამ კუთხით დონალდ ტრამპმა, მისი მოსაზრებით, პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო," - აღნიშნა მაისაიამ. ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის აზრით, გარკვეულ საკითხებში აშშ-ის უპირატესობა შეინიშნება. ამასთანავე, მისი თქმით, აშშ ცდილობს თავისი გავლენის გაძლიერებას ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში. ამ ეტაპზე „მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმების" გადახედვის შესახებ მიმდინარეობს საუბარი. რუსეთი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში საპასუხო ზომებს მიიღებს. თუკი ეს ხელშეკრულება მომავალში არ იმოქმედებს, აშშ-ს უფრო „აწყობს" ეს ფაქტი, ვიდრე რუსეთის ფედერაციას, რადგან აშშ-ის სამხედრო პოტენციალი რუსეთის სამხედრო პოტენციალს აღემატება. რუსეთი აშშ-ს ერთადერთი, ტანკების რაოდენობით უსწრებს. აშშ თავის სამხედრო დასწრებას რუსეთის საზღვრის სიახლოვეს ზრდის. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის წარმოქმინილი კონფლიქტის შემდეგ, მიმდინარე წლის დასაწყისში შავი ზღვის აკვატორიაში აშშ-ის პირველი ამერიკული გემი შევიდა. ამიტომაც, აშშ შეიძლება დაინტერესებული იყოს, როგორც ბალტიის, ასევე შავი ზღვის რეგიონებში სამხედრო დასწრების გაძლიერებით," - აცხადებს ჩიტაძე“, - განაგრძობს გამოცემა.

"მაისაია მიიჩნევს, რომ სამი ქვეყნის, - რუსეთის, თურქეთისა და ირანის პოზიციების გამყარებასთან ერთად, შესაძლოა სირიის ასადის რეჟიმიც გაძლიერდეს, რაც საქართველოსთან მიმართებაში უარყოფით ასახვას ჰპოვეს. რაც შეეხება აშშ-ს, მისი გეოპოლიტიკური გავლენა დაეცა. რეგიონში ამით ძლიერდება რუსეთის, ირანის და თურქეთის საგარეო-პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული პოზიციები და სამწუხაროდ, სირიის ასადის რეჟიმსაც სერიოზული გავლენა ენიჭება, - გაერთიანებულმა არაბთა ემირატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, აღადგინონ მასთან დიპლომატიური ურთიერთობა და მომდევნო კვირას ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს ასევე ბაჰრეინიც. არაა გამორიცხული ამ პროცესს სხვა სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებიც შეუერთდნენ, ხოლო სირიელი ქურთების ეროვნული ასამბლეის თანა-თავჯდომარემ ილხამ ახმედმა გამართა მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციის მთავრობის მაღალჩინოსნებთან. ამავე დროს, შეიძლება გაიზარდოს ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ფართობიც და მათ ქურთების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიც დაერთოს. ასადის რეჟიმის გაძლიერება აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის გასვლის ფონზე, უარყოფითად აისახება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პოზიციებზე, - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არა-აღიარებითი პოლიტიკის განხორციელების კუთხით. აშშ-ს გეოპოლიტიკური გავლენის მკვეთრ დაცემაზე მოწმობს ასევე ის ფაქტიც, რომ დონალდ ტრამპს, რომელიც სასწრაფო წესით ჩაფრინდა გასული წლის 26 დეკემბერს ერაყში, არ შეხვდა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ადილ აბდულ-მახდი, - ეს უკვე ამ პროცესის საკმაოდ საშიში სიმპტომია," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ“, - დასძენს გამოცემა.

"ჩიტაძე რუსეთის რეალურ ბერკეტებზე საუბრობს. ამასთანავე, მისი თქმით, რუსეთი მჭიდრო თანამშრომლობის გაღმავებას ჩინეთთან ცდილობს, რომელიც უშუალოდ აშშ-ის დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენს. რუსეთი ცდილობს დაუახალოვდეს ჩინეთს და წინ აღუდგეს დასავლეთის ქვეყნების გავლენის გაფართოებას; გასულ წელს, რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს და ამ წვრთნებში 300 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ეს, თავისი რაოდენობის თვალსაზრისით, პირველი მსხვილმასშტაბიან წვრთნა იყო 1982 წლის შემდგომ პერიოდში. რუსეთი შეეცდება ჩინეთთან სამხედრო სფეროში გააღრმაოს ალიანსი. თანაც, ჩინეთი გეოპოლიტიკურად, თუ იდეოლოგიურად აშშ-ს უპირისპირდება, თუმცა ეკონომიკურად მაინც აშშ-ზეა დამოკიდებული," - განაცხადა ჩიტაძემ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ანდრეა ტომპსონმა თავისი ოფიციალური "ტვიტერის" გვერდის საშუალებით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, განაცხადა, რომ „საქართველო რჩება მნიშვნელოვან მოკავშირედ რეგიონული სტაბილურობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით." ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც შესაძლოა მივიღოთ და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი ვინ იქნება ამ ახალ რეალობაში - რამდენად რეალურია, რომ საქართველო ვაშინგტონის მჭიდრო მოკავშირე გახდეს - რა როლი ექნება საქართველოს? მაისაია თვლის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „შერჩეული ჩარევის" პრინციპით მოქმედებს, ამიტომაც, რთულია განისაზღვროს ის „ბედნიერი" ქვეყანა, რომელიც სწორედ ამ სტატუსს მოიპოვებს. ჩიტაძე აცხადებს, რომ საქართველო განიხილება, როგორც აშშ-ის პოტენციური პარტნიორი, რაზეც მიგვანიშნებს სამხედრო პროგრამების განხორციელება და ასევე ფოთის პორტის მოდერნიზაციის დაფინანსება“, - წერს გამოცემა.

"მოსალოდნელია ნატო-ს კიდევ უფრო გაძლიერება, საუბარი არ შეიძლება ნატო-დან აშშ-ის გასვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ევროპა ცდილობს საკუთარი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებას. ევროპა მაინც იძულებული იქნება, რომ ევროპის უსაფრთხოების მიზნით აშშ-ს სამხედრო პოტენციალი გაითვალისწინოს. თუკი მოხდება ნატო-ს შემდგომი გაძლიერება, აღნიშნული დადებითად აისახება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. საქართველოს აშშ განიხილავს როგორც პოტენციურ პარტნიორს, - საქართველო და აშშ ახალი სამხედრო პროგრამის განხორციელებას აპირებენ, რომელიც ერთობლივ წვრთნებს გულისხმობს, ერთობლივ სასწავლო ცენტრის შექმნას. ასევე, ვიცით, რომ აშშ თანხებს გამოყოფს ფოთის პორტის მოდერნიზაციისთვის. ალბათ, ფოთის პორტს თავისი სამხედრო დანიშნულებაც ექნება. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მოვლენები საქართველოს სასარგებლოდ წარიმართება და ნატო-ს გაძლიერება, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე დადებითად აისახება," - აცხადებს ჩიტაძე. მაისაია აღნიშნავს, რომ საქართველო და აშშ შესაძლოა მოვიაზროთ სტრატეგიულ პარტნიორებად, თუმცა, აღსანიშნავია ის ნეიტრალური პოზიციაც, რაც აშშ საქართველოსთან მიმართებაში ინარჩუნებს. ბოლო კონგრესის საქართველოს მხარდაჭერი რეზოლუციის მიხედვით აშშ წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის რბილად, რომ ვთქვათ „ნეიტრალური" პოზიციები საქართველოსადმი ქმნის ცოტა ორჭოფულ ვითარებას. აშშ-ს რეგიონიდან გასვლის ალბათობის ერთგვარი სიმპტომია, თუნდაც ამერიკული კორპორაციების გასვლა კასპიის საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტიდან, თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ აღნიშნული არ განხორციელდება საქართველოს მიმართ. ამ ეტაპზე გეგმურად მიდის საქართველო-აშშ-ს სამხედრო სტრატეგიული თანამშრომლობის პროექტები," - განაცხადა მაისაიამ“, - წერს სტატიის ავტორი.

"ძვირფასო რუსებო, თქვენ შედიხართ ტერიტორიაზე, სადაც კანონები არ მოქმედებს და რუსეთი ვერ დაგიცავთ”!

"რუსულ მედიაში არ ცხრება აღშფოთება იმაზე, რომ აფხაზეთში რუს ბიზნესმენებს სასტიკად ავიწროებენ, ართმევენ ბიზნესებს, იტაცებენ და კლავენ და კონკრეტული ისტორიების გახსენების გარდა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი მოსკოვის მზარდ შეშფოთებას იწვევს. როგორც რუსული მედია წერს, აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხის გაუარესებაზე წერია დახურულ დოკუმენტში, რომელიც სერგეი ლავროვის უწყებამ შეადგინა და ამ დოკუმენტმა მედიაში გაჟონა. დახურული დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთში ძალიან გაზრდილია ყაჩაღობის, იარაღის უკანონო შენახვა-ტარების, ადამიანთა გატაცების შემთხვევების რაოდენობა და მათ შორის, გახშირდა მკვლელობები და ყაჩაღური თავდასხმები რუსეთის მოქალაქეებზე, რაც მოსკოვის მზარდ შეშფოთებას იწვევს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ძვირფასო რუსებო, თქვენ შედიხართ ტერიტორიაზე, სადაც კანონები არ მოქმედებს და რუსეთი ვერ დაგიცავთ”! / აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებზე გახშირებული თავდასხმების გამო მოსკოვში შეშფოთებას არ მალავენ.

"დაუცველად გრძნობენ თავს რუსი მეწარმეები, რომლებმაც რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვადსხვა პროექტებში ინვესტირება განახორციელეს. ზოგიერთ მათგანს მოუწია, ყველაფერი მიეტოვებინა და შინ დაბრუნებულიყო. სოხუმში ჩვენი დიპლომატები მუდმივ კონტაქტზე არიან აფხაზურ სამართალდამცველ უწყებებთან ყველა იმ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, რომლებშიც დაზარალებულად რუსეთის მოქალაქეები ფიგურირებენ,"- ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც რუსულ მედია ავრცელებს. გარდა ამისა, სხვადასხვა რუსული გამოცემები აქტიურად წერენ იმაზე, რომ აფხაზეთში რუსების წინააღმდეგ თავდასხმები გრძელდება და აფხაზეთში კანონები არ მუშაობს. უფრო მეტიც, ერთ-ერთი დაზარალებული რუსი ბიზნესმენი, მიხაილ პანოვი მოსკოვიდან ითხოვს, რომ როგორც დონალდ ტრამპი გეგმავს მექსიკასთან დიდი კედლის აშენებას, ასევე მოსკოვმაც ფსოუსთან, აფხაზეთის შესასვლელში უნდა აიგოს დიდი ღობე, გამაფრთხილებელი წარწერით - „ძვირფასო რუსებო, გაცნობებთ, რომ თქვენ შემოდიხართ ტერიტორიაზე, სადაც კანონები არ მოქმედებს და რუსეთის ხელისუფლება თქვენ ვერ დაგიცავთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს". პანოვი ერთ-ერთი ის დაზარალებული რუსი ბიზნესმენია, რომლის ისტორია გახმაურდა. მან აფხაზეთში პლასტმასის საწარმო ააგო, რომელიც დღესაც ერთადერთი მოქმედი საწარმოა აფხაზეთში და ეს ბიზნესი მას აფხაზებმა წაართვეს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"როგორც პანოვი ამბობს, მას ზღაპრულად გაუმართლა იმის გამო, რომ არ მოკლეს და არ გაიტაცეს. გატაცებები და მკვლელობები კი აფხაზეთში არც თუ იშვიათი მოვლენაა და სწორედ ბოლო თვეში ორი რუსის მკვლელობის გამო არის ატეხილი რუსულ მედიაში დიდი შფოთი და აფხაზების ლანძღვა-გინება. მაგალითად, 26 იანვარს გარდაიცვალა მოსკოველი ბიზნესმენი მიხაილ ევალენკო. ევალენკო გაგრის რაიონში წლები ცხოვრობდა. მისი მანქანა 15 იანვარს ააფეთქეს, რა დროსაც ბიზნესმენი სერიოზულად დაშავდა და მოგვიანებით გარდაიცვალა მოსკოვის საავადმყოფოში. ევალენკოს აფეთქებამდე კი ოჩამჩირის სოფელ ტამიშში მოკლეს კიდევ ერთი რუსი, 41 წლის მიხაილ მასლოვი. მისი მკვლელები, ადგილობრივი აფხაზები უკვე დაპატიმრებულები არიან და მკვლელობის მოტივად ყაჩაღობა სახელდება. რუსული მედია წერს, რომ მსგავსი შემთხვევებისას „აფხაზეთის ხელისუფების" ჩვეულმა როტორიკამ, რომ რუსი მოქალაქის მკვლელობა „ქართული დივერსიული ჯგუფების მიერ" მოხდა, ამ შემთხვევაში ვერ იმუშავა“, - განაგრძობს გამოცემა.

"რუსული მედიის ცნობით, აფხაზეთში რუსებზე თავდასხმები არც თუ იშვიათია და რამდენიმე რეზონანსულ საქმეს იხსენებს. მაგალითად, 2013 წელს სოხუმში რუსეთის დიპლომატი დიმიტრი ვიშერნევისა და მისი ცოლის მკვლელობას, ასევე 2012 წელს ბიზნესმენ სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი მდივნის, ოლგა სკარედნოვას მკვლელობას, როდესაც ცხედრები ერთ წელზე მეტ ხანს იყო გადამალული ერთ-ერთი სოფლის ჭაში და თანაც, ამ დანაშაულის ორგანიზატორი ადგილობრივი „პარლამენტის დეპუტატი" აღმოჩნდა. მკვლელობების გარდა ასევე ხშირია რუსი ინვესტორებისათვის ბიზნესის წართმევაც და ბოლო დღეებია რუსული მედია 2 ასეთ ისტორიაზე აქტიურად წერს. ერთია, მოსკოველი მეწარმე მიხაილ პანოვი, რომელიც ყოფილი სამხედროა და კარგად იცნობს აფხაზეთს. ის სოხუმში სტრატეგიული დანიშნულების რუსული სარაკეტო ძალების ოფიცერი იყო. მოსკოველი ბიზნესმენი ყვება, რომ 2015 წელს გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში პლასტმასის მილსადენის წარმოება დაიწყო, რომელიც ერთადერთი მსხვილი წარმოებაა აფხაზეთში დღესაც, თუმცა, 2-მა აფხაზმა პარტნიორმა ის ქარხნიდან გამოაგდო, მუქარით ფსოუზე წაიყვანა და დაემუქრა, რომ აფხაზეთის მიწაზე რაც არის, ყველაფერი ეკუთვნით აფხაზებს და თუ დაბრუნდებოდა, მას მოკლავდნენ. პანოვი აცხადებს, რომ ამ საქმეში მხოლოდ მისი ფული, 100 მილიონი რუბლი ჩაიდო, აფხაზებმა - საიდ ლაკობამ და რომან გერიამ კი უსაფრთხოების პირობა მისცეს მცირე მოგების მიღების სანაცვლოდ, თუმცა შემდეგ მთელი ბიზნესის ხელში ჩაგდება მოუნდათ და პანოვი მუქარით გააძევეს“, - დასძენს გამოცემა.

"პანოვი გეგმავს საზოგადოებრივ ორგანიზაციის შექმნას, რომელსაც ორი სია ექნება, იმ რუსების, ვინც აფხაზეთში დაზარალდნენ და მეორე - ყაჩაღი-რეიდერების, ასევე იმ ჩინოვნიკების, ვინც ამ კრიმინალებს მფარველობენ. პანოვი აცხადებს, რომ რუსეთის სახელმწიფო იძულებული იქნება დაზარალებულ რუსებს პასუხი გასცეს და აფხაზი დამნაშავეები დასაჯოს. მსგავსია მეორე გახმაურებული ისტორიაც ბიზნესმენ იგორ ვაროვის, რომელიც გაგრაში ყველაზე მსხვილი სუპერმარკეტის „კონტინენტის" მფლობელი იყო. ვაროვის თქმით, მან 2004 წელს ბიზნესში ნახევარი მილიონი დოლარი ჩადო და ე.წ. აფხაზური ტრადიციაც დაიცვა, თანადამფუძნებლად აფხაზი ძმები ალხას და ჯამირ ჩანბები მოიყვანა, მაგრამ ამან მაინც არ უშველა, ისე როგორც „აფხაზურმა მოქალაქეობამ". სქემა აქაც იგივეა, ფულს მთლიანად რუსი ბიზნესმენი დებს, შემდეგ კი აფხაზები მთელ ბიზნესს ართმევენ. ვაროვს რამდენჯერმე მოუწყვეს თავდასხმა, ციხეშიც ჩასვეს ყალბი ბრალდებით. დღეს „კონტინენტი" აღარ მუშაობს და შენობა ინგრევა, თუმცა ვაროვი არ აპირებს დატოვოს აფხაზეთი, სანამ ბიზნესს არ დაიბრუნებს. რუსული მედია წერს, რომ ყველა მსგავსი დავის სასამართლოში წარმოებისასაც კი, რუს ბიზნესმენს ადგილობრივ მოსახლეობასთან მოგების არანაირი შანსი არ აქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ადგილობრივი „პატივცემული" აფხაზური კლანის წარმომადგენელი იქნება. რუსული მედია ასევე წერს, რომ აფხაზები ასევე სასტიკად მოექცნენ აფხაზეთში დაბადებულ-გაზრდილ რუსებსაც კი, როდესაც მათ ომის შემდეგ საკუთარი მშობლიური სახლებიც წაართვეს. რუსული მედიის ცნობით, მაშინ რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო და აფხაზეთში ბინებწართმეული რუსების მცირე ნაწილს სოჭში გადასცეს ბინები, მეორე ნაწილი კი ყველაფრის გარეშე დარჩა და ახლა კითხვას სვამენ - რას იზამს რუსეთის ხელისუფლება, ისევ ხელს გადააფარებს დამნაშავე აფხაზებს და დაზარალებულ რუსი ბინზესმენებისთვისაც ზარალს რუსეთის ხელისუფლება გადაიხდის? აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრის ლევან კიკნაძის თქმით, კრემლის პოლიტიკაა, ოღონდ აფხაზებმა ქართველებისკენ არ გაიხედონ და აფხაზებს ამგვარ რეიდებს „პატიობენ" ხოლმე, ამიტომ ახლაც ასე იქნება - მოსკოვში აღშფოთდებიან, მაგრამ არაფერი შეიცვლება. მიუხედავდ იმისა, რომ აფხაზეთში რუსული ჯარი დგას, აფხაზეთში რუსები მაინც დაუცველები არიან და ეს რა თქმა უნდა, რუსებში დიდ აღშფოთებას იწვევს, მაგრამ აფხაზეთში სიტუაცია ვერ შეიცვლება. იქ, სადაც კრიმინოგენური ვითარება ასეთი გართულებულია, მოსკოვი მარტო რუსებს ვერ დაიცავს. რუსები აფხაზებს ელოლიავებიან, რათა ქართველებისკენ არ გამოახედონ და ამის გამო აფხაზებმაც მშვენივრად იციან, რომ რუსეთი მათ ვერაფერს მოსთხოვს,"- აცხადებს კიკნაძე“, - წერს სტატიის ავტორი.