ჩოხატაურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამდენიმე სოფელს ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, ჩოხატაურის გაზგამანაწილებელ სადგურის DN 200 მმ განშტოებაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული განშტოების 5,3 კილომეტრზე მდინარის ზემოქმედების შედეგად გაშიშვლებული მილსადენის ნაწილი მდინარის კალაპოტშივე ჩაღრმავდება. აღნიშნული სამუშაოების შედეგად თავიდან იქნება აცილებული სტიქიის შემთხვევაში გაზსადენის დაზიანების შესაძლებლობა.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 07:00 საათიდან 11:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დაბა ჩოხატაურსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების: ფარცხმას, ხიდისთავის, ერკეთის გუთურის, ჯვარცხმის, გოგოლესუბნის, შუაამაღლების, გორაბერეჟოულის, ბუკისციხის, დაბლაციხის, იანეულის, ნაბეღლავის, ვაზიანის, ინტაბუეთის, საყვავისტყის, ქვენობანის, ახალშენის, ზემოერკეთის, ჩაისუბნის, თავპანტას, ამაღლების, ქვემოერკეთისა და შუაგანახლების მოსახლეობას.
კომპანია გეგმურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას“, - აღნიშნულია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























