საფეხბურთო გუნდ ,,კოლხეთის“ გულშემატკივრებმა ახალი ხელმძღვანელის და მწვრთნელის დანიშვნა გააპროტესტეს

საფეხბურთო გუნდ ,,კოლხეთის“ გულშემატკივრებმა ახალი ხელმძღვანელის და მწვრთნელის დანიშვნა გააპროტესტეს

ფოთში საფეხბურთო გუნდ ,,კოლხეთის“ გულშემატკივრებმა გუნდის ახალი ხელმძღვანელისა და მწვრთნელის დანიშვნა გააპროტესტეს. მათი თქმით, აღნიშნული თანამდებობები კომპეტენტურმა პირებმა უნდა დაიკავონ.

„ეს საკითხი მერიამ უნდა მოაგვაროს. გუნდი შარშან უმაღლესი ლიგიდან გავარდა და სერიოზული მომზადება სჭირდება, რისთვისაც სპონსორების მოძიება აუცილებელია“, -განუცხადა ჟურნალისტებს საფეხბურთო გუნდ ,,კოლხეთის“ გულშემატკივარმა იგორ შურღაიამ.

„კოლხეთის“ ახალი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჯაში კი, გულშემატკივრების პროტესტს პროვოკაციად აფასებს. მისი თქმით, მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა და გუნდს სიტუაციის გამოსასწორებლად კარგი ტემპი აქვს აღებული.

,,მოგეხსენებათ თუ რა დღეშია ფოთის ,,კოლხეთის“ რეპუტაცია, ხელში მაქვს დოკუმენტი, სადაც არის მითითებული რამხელა ხელფასების მქონე ხალხმა ჩაძირა გუნდი, ფაქტი სახეზეა. გადავწყვიტე ფოთს დავდგომოდი გვერდში. მე ვარ ჩემი საქმის პროფესიონალი, მე და ჩემს გუნდს დიდი პრობლემების გადალახვა მოგვიწევს. ყველას შეუძლია მობრძანდეს და თავისი აზრი დააფიქსიროს. უბრალოდ, აქამდე ვისაც ნდობა გამოვუცხადე ძველი გუნდიდან, არანაირი ნაბიჯები არ გადადგეს საქმის გამოსასწორებლად, ამის შემდეგ მე თვითონ შევუდექი კადრების დაკომპლექტებას, ანუ სხვა გზა ვნახე და ნელ-ნელა საქმე დაიძრა წინ. მიუხედავად ამისა, ასეთ პროვოკაციებს აქვს ადგილი, სადაც ნათლად იკვეთება ვიღაცების პირადი ინტერესები. პირველ რიგში, ჩვენი მიზანია კვალიფიცირებული მწვრთნელებით, მაღალი დონის ფეხბურთელებით გუნდის დაკომპლექტება. ფოთელი ახალგაზრდები უნდა წამოვიდნენ წინა პლანზე. ეს არის სწორედ ჩვენი გეგმა, რომ დავაბრუნოთ გუნდი უმაღლეს ლიგაში. მივმართავ მთელ ფოთს, ყოველი ჩემი ნაბიჯი აკონტროლონ“, - განაცხადა ნიკოლოზ ჯაშმა.