ჟურნალი „ეკონომისტი“ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე სტატიას აქვეყნებს

ჟურნალი „ეკონომისტი“ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე სტატიას აქვეყნებს. სტატია „ინტერპრესნიუსს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მიაწოდა.

„ახლა ანაკლიაში სეზონი არ არის. სწრაფი კვების პატარა დახლები უქმად დგას, სასტუმროები ცარიელია, პალმის ხეებს თებერვლის სუსტი ნიავი არხევს. საქონელი მანდარინისა და თხილის ბაღებს შორის მინდვრებში ძოვს. მაგრამ საქართველოს ამ მთვლემარე კურორტის შემოგარენში უცნაური სურათი იშლება. ზღვის ფსკერიდან შავი ქვიშა ამოუღიათ, 80 ჰექტარზე რვა მეტრის სიმაღლის პლატო გაუკეთებიათ და ჭაობიანი მიწიდან წყალს 2,500-კილომეტრიანი მილებით ტუმბავენ, რაც ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ეტაპია. საკმარისია, ამ ადგილზე დადგე და სხვადასხვა მიმართულებით გაიხედო, რომ მისი მდებარეობის უდიდეს მნიშვნელობას მიხვდე. სანაპირო ზოლზე ჩრდილოეთით აფხაზეთია, საქართველოს სეპარატისტული რეგიონი, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, შემდეგ რუსეთი, შემდეგ კი ომის ცეცხლში გახვეული უკრაინა. თუ პირდაპირ გაიხედავ, შენ წინ შავი ზღვა იშლება, ჰორიზონტს მიღმა კი ევროკავშირია.

„საქართველოსთვის გეოგრაფიული მდებარეობა ერთდროულად კურთხევაცაა და წყევლაც“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი. კურთხევა, რადგან ის ევროპასა და აზიას შორის აბრეშუმის გზის გზაჯვარედინია. წყევლა, რადგან ის მუდამ ძლევამოსილი იმპერიების სამიზნეს წარმოადგენდა: სამხრეთიდან - სპარსეთის, თურქეთისა და არაბეთის, ხოლო ჩრდილოეთიდან - მონღოლეთისა და რუსეთის. მოსკოვი საქართველოს თითქმის მთელი მეცხრამეტე და მეოცე საუკუნე მართავდა, 2008 წელს კი მის საზღვრებში შემოიჭრა. ის დღემდე აკონტროლებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომელიც, აფხაზეთის მსგავსად, საქართველოს სეპარატისტული რეგიონია. რუსეთმა საქართველო გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის ნატოში გაწევრიანებას შეეცდება, არ უნდა დაავიწყდეს ეს „საშინელი კონფლიქტი“. თუმცა, ქართველებს არა მხოლოდ ნატოში, არამედ ევროკავშირში გაერთიანების სურვილიც აქვთ. „ჩვენ საკუთარ თავს ევროპელებად მივიჩნევთ, ალბათ, ევროპელებზე უფრო მეტადაც“, - ხუმრობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.

უნდა ითქვას, რომ ბრიუსელში, ბერლინსა და პარიზში ლიდერები რომელიმე ზემოხსენებულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებას ჯერჯერობით ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტში, როგორიცაა გამჭვირვალობა, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყნებს უსწრებს. მაგრამ საქართველო შავი ზღვის „არასწორ“ (აღმოსავლეთ) სანაპიროზე მდებარეობს და რუსეთის ერთ-ერთ მეზობლად განიხილება. ანაკლიის პორტის მშენებლობა მიზნად ისახავს ქვეყნის ამგვარად აღქმის ცვლილებას და შედეგად, შავი ზღვის შემცირებას, რაც დასავლეთ ევროპას საქართველოზე ზრუნვის დამატებით საფუძველს მისცემს.

როგორ? დღეს ჩინეთსა და ევროპას შორის სამი სახმელეთო კორიდორი არსებობს: სამხრეთის - ირანის გავლით, რომელიც ერთობ არაპრაქტიკულია ამერიკის სანქციების გამო; შუა - ჯერ კასპიის ზღვის და შემდეგ საქართველოს გავლით შავი ზღვისკენ, რაც, ასევე, არაპრაქტიკულია, რადგან საქართველოში თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი არ არსებობს; და ჩრდილოეთის - რუსეთის გავლით, რომელზეც დღევანდელი სახმელეთო სავაჭრო საქმიანობის მეტი წილი ხორციელდება. ანაკლია ნამდვილად შეცვლის არსებულ ვითარებას, რადგან ის შუა კორიდორის ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ვაჭრობის გასაფართოებლად.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ორი ნავსადგომი საკონტეინერო ტვირთის მისაღებად, და ერთიც ისეთი დიდი მოცულობის ნაყარი ტვირთისთვის, როგორიცაა, მაგალითად, სასუქი. ამას დამატებული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამანქანო და სარკინიგზო გზა, რომლის მშენებლობა 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს. ასევე, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (ჩინეთის მხარდაჭერით), ქართული კონსორციუმისა და ევროპელი და ამერიკელი ინვესტორების დაფინანსებით, პორტის სიმძლავრე მილიონი TEU წელიწადში, მიაღწევს, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება დღეს საქართველოში არსებული ყველა პორტის სიმძლავრეს (1 TEU უდრის ერთ საშუალო კონტეინერს). გრძელვადიანი გეგმა ითვალისწინებს ტვირთბრუნვის გაფართოებას, რაც ოთხი დეკადის განმავლობაში 5 მილიონ TEU-ს შეადგენს და ანაკლიას შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე დიდ პორტად აქცევს. ანაკლიის პორტს საშუალება ექნება, მიიღოს 10,000-TEU გემი, რაც ბოსფორის სრუტეში გამავალი გემების მაქსიმალური რაოდენობაა. საქართველოში არსებული პორტების სიმძლავრე ლიმიტირებულია და ანაკლიის გამტარუნარიანობის დაახლოებით მეათედს შეადგენს. ამჟამად ტვირთი მცირე გემებზე იტვირთება და სტამბულში იგზავნება, სადაც მას უფრო დიდ გემებზე ტვირთავენ და ხმელთაშუა ზღვაზე გააქვთ. ანაკლია დიდ გემებს პირდაპირ საქართველოდან გამგზავრებისა და აღნიშნულ მარშრუტზე ტვირთბრუნვის მკვეთრად გაზრდის საშუალებას მისცემს. ანაკლიის კონსორციუმი, საქართველოს მთავრობა და ევროპელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ეს ფაქტორი საქართველოს დასავლეთისთვის უფრო მისაღებ პარტნიორად აქცევს, გაიზრდება მიმოსვლა ზღვის საშუალებით და (მოსალოდნელია) რუსეთის მომავალი ინტერვენციის დიპლომატიური ფასის ზრდაც. „კარგად ვიცით, რომ ევროკავშირი არ არის მზად ჩვენი გაწევრიანებისთვის, - ამბობს ნატალი საბანაძე, საქართველოს ელჩი ბრიუსელში, - მაგრამ ჩვენ გვსურს, მოვემზადოთ იმ დროისთვის, როდესაც ისინი ამისთვის მზად იქნებიან“.

არსებობს კიდევ ერთი განზომილებაც. ანაკლიიდან ხუთი წუთის სავალზე ქართველი ჯარისკაცები სათვალთვალო კოშკურებიდან აფხაზეთის დემარკაციის ხაზსმიღმა იყურებიან. მდინარე ენგურის მეორე ნაპირზე, ამაღლებულ ადგილას აფხაზეთის მხარის სათვალთვალო კოშკურებია განთავსებული. მათ შორის კი, აფხაზეთის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა ყოველდღე ჭრის საფეხმავლო ხიდს და გადმოდის საქართველოს კონტროლირებად მხარეს, რომელიც სავსეა ტაქსებითა და მაღაზიებით. ისინი თავის კუთვნილ პენსიას იღებენ, წამალს ყიდულობენ და ბავშვები სკოლაში დაჰყავთ. როგორც ქართველი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, სამუშაო ადგილები და გაუმჯობესებული ეკონომიკური სიტუაცია, რომელსაც ანაკლიის პორტის მშენებლობა მოიტანს, აუცილებლად გაზრდის ზეწოლას აფხაზ და რუს ოფიციალურ პირებზე მოსახლეობისთვის გადაადგილების გაადვილების მიზნით - წინა თვეში მათ „საზღვარი“ 26 დღით ჩაკეტეს - და შესაძლოა, საბოლოოდ პროცესი მოლაპარაკებებისკენ დაიძრას.

ახალი აბრეშუმის გზა - ამგვარი ამბიციური პროექტის განხორციელება ასეთ არამდგრად რეგიონში ადვილი არ არის. ანაკლიის მშენებლობა 2016 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დაფინანსება შეფერხდა და პროცესები ხელისუფლების ცვლილებამაც შეანელა. რუსი ჟურნალისტების აზრით, პორტმა შესაძლოა, ნატოს საიდუმლო საზღვაო ბაზის როლი შეასრულოს. ახლა კი, თიბისი ბანკი, პროექტის ერთ-ერთი დიდი დამფინანსებელი, ფულის გათეთრების ბრალდებით, გამოძიების ინტერესის საგანი გახდა, (თიბისი ბრალდებას უარყოფს.) კონსორციუმის თანამშრომლები კი საბოტაჟის მცდელობაზე საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ პორტის მშენებლობისთვის საჭირო თანხა - 600 მილიონი დოლარი მოძიებულია და სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, - ნათქვამია სტატიაში.

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2019
თემურ გოჩიტაშვილი - TANAP-ის ამოქმედების შედეგად საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება
"ორიონ ჯგუფმა" ვირტუალური ფული შექმნა - სიახლე სამშენებლო სექტორში
პროკრედიტ ბანკსა და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ეტაპი „ემბავუდის“ განვითარებაში