უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველომ ნატო-ს გაფართოების საკითხებისადმი  მიძღვნილ მრგვალ მაგიდას უმასპინძლა

მიუხენში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველომ ნატო-ს გაფართოების საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდას უმასპინძლა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ქართული მხარე უძღვებოდა.

გამომსვლელებს შორის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიმართა, რომელმაც დეტალურად მიმოიხილა ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წინ გადადგმული ნაბიჯები და ქვეყანაში გატარებული რეფორმები.

დავით ზალკალიანმა ფართოდ მიმოიხილა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ ნატო-სთან გაფორმებულ შეთანხმებაზე, მიულოცა თავის კოლეგას და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის მაგალითი იმედის მომცემია საქართველოსთვისაც ნატო-ს ღია პოლიტიკის თვალსაზრისით. მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე ქვეყნის მოსახლეობის მაღალ მხარდაჭერას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა, რომ მოსახლეობის 78%-ზე მეტი მხარს უჭერს ნატო-ში ინტეგრაციას.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბრიუსელში ნატო-ს უკანასკნელ სამიტზე საქართველოს მონაწილეობის ფაქტი, რამეთუ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ქვეყანა უკრაინასთან ერთად ამ დონის სამიტზე იყო წარმოდგენილი და განიხილებოდა შავი ზღვის უსაფრთხოების ჭრილში. აშკარაა, რომ შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის სტრატეგიული თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელის სამიტზე მიღებული დეკლარაცია, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის მზაობას, ამყარებს ბუქარესტის სამიტის გზავნილებს, რომ ნატო-ს კარი საქართველოსთვის ღიაა და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.

გამოსვლისას დავით ზალკალიანმა ასევე მიმოიხილა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განსაკუთრებით კი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში გაძლიერებული თანამშრომლობა.

მრგვალი მაგიდის სტუმრებს შორის წარმოდგენილნი იყვნენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი, ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრი რადმილა შეკერინსკა და საექსპერტო წრეების ცნობილი წარმომადგენლები.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება