ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2019

"ბესელიას ჯგუფის“ წასვლა საბოლოოდ გადაწყვეტილია - "ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს

სამხედრო სამსახურის გავლის გარეშე შესაძლოა საჯარო სამსახურში დასაქმება შეიზღუდოს

***

"ბესელიას ჯგუფის“ წასვლა საბოლოოდ გადაწყვეტილია - "ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს

“სულ მალე ბესელიას გუნდის წევრები, ე.წ. ამბოხებული დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს დატოვებენ. ჯერ დაზუსტებული არ არის, რამდენი დეპუტატი გადადგამს ამ თამამ ნაბიჯს, ეს იქნება მხოლოდ, 7, თუ მეტი და ასევე მხოლოდ დროის საკითხია, ეს თებერვალში მოხდება, თუ მარტში. ის, რომ "ამბოხებულებს" წასვლა გარდაუვალია, ეს უკვე აშკარაა, რადგან ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე შეჩერებას გულისხმობს, ე.წ. ახლების ჯგუფის განცხადებით, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ამიტომაც მას მხარს არ დაუჭერენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ბესელიას ჯგუფის“ წასვლა საბოლოოდ გადაწყვეტილია - "ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს

"ბესელიას და მისი გუნდის რამდენიმე წევრს კი ღიად გაცხადებული აქვთ, რომ სწორედ ეს კანონპროექტი იქნებოდა წითელი ხაზი და თუ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდნენ, მათთვის პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდებოდა „ოცნების" გუნდში დარჩენა. მათი წასვლის შემდეგ კი პარლამენტში კონფიგურაციაც იცვლება. თუ მინიმუმ მხოლოდ სამი დეპუტატი დატოვებს „ოცნების" რიგებს, მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს. ხოლო თუ 7 ან მეტი დეპუტატი აღმოჩნდება უმრავლესობიდან წასულებს შორის, მაშინ „ევროპული საქართველოც" გამოეთხოვება უმცირესობის სტატუსს. „ქართული ოცნებიდან" სავარაუდოდ 7 დეპუტატის წასვლაზე განცხადება „ოცნებიდან" გასულ წელს გარიცხულმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა, რომელიც ამ ე.წ. ამბოხებულების გვერდით დგას მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში. მისი თქმით, „ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას, „ევროპული საქართველო" კი საპარლამენტო უმცირესობას გამოეთხოვება“, - აღნიშნავს გამოცემა.

"საქმე ისაა, რომ ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას" პარლამენტში 115 დეპუტატი ჰყავს. საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობას მანდატების საერთო რაოდენობის, ანუ 150-ის ¾ ესაჭიროება, რაც მინიმუმ 113 დეპუტატს ნიშნავს. ამიტომ, თუ „ოცნებას" მინიმუმ 3 დეპუტატი გამოაკლდება, პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს და მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის სტატუსს დასჯერდება. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის საკითხს, კანონით, უმცირესობაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა უნდა აჭარბებდეს უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს. ამ დროისთვის „ევროპულ საქართველოს" პარლამენტში 20 დეპუტატი ჰყავს და საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი აქვს. უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ კი დეპუტატების რაოდენობა ასეთია: ექვს-ექვსი დეპუტატია ორ ფრაქციაში - „ნაციონალურ მოძრაობასა" და "პატრიოტთა ალიანსში", ორი კი დამოუკიდებელი დეპუტატია - ნატო ჩხეიძე და მამუკა ჩიქოვანი. თუკი მინიმუმ 7 დეპუტატი დატოვებს „ოცნებას", „ევროპული საქართველოს" წევრთა რაოდენობას გადააჭარბებს უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ დანარჩენი დეპუტატების რიცხვი და უმცირესობა დაიშლება. შეიქმნება თუ არა ახალი უმცირესობა, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული რამდენი დეპუტატი დატოვებს „ოცნების" რიგებს“, - განაგრძობს გამოცემა.

"როგორც დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობას შვიდი დეპუტატი დატოვებს. შვიდი დეპუტატის გამოსვლის შემდეგ უმცირესობა დაიშლება, რადგან უმცირესობაში მყოფი დეპუტატების რაოდენობა უმცირესობის გარეთ მყოფთა რაოდენობას გადააჭარბებს. ახალი უმცირესობის შექმნის საშუალებაც იქნება", - განუცხადა ჭიჭინაძემ „პირველ არხს". საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ შესაძლოა საპარლამენტო კონფიგურაცია შეიცვალოს, მაგრამ სტატუსის დაკარგვაში განსაკუთრებული არაფერია და ამას მათ საქმიანობაზე არანაირი გავლენა არ ექნება. მისი თქმით, მთავარი ამოცანაა „ქართული ოცნების" უმრავლესობა დაიშალოს და ხელისუფლებიდან წავიდეს. საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვის შესაძლებლობაზე წუხილი „ოცნებაშიც" არ შეინიშნება და როგორც ადრე პარლამენტის თავმჯდომარე განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე მიღებული აქვთ, ამიტომ დაიშლება თუ არ დაიშლება, საერთოდ არ არის აქტუალური დღევანდელ დღეს, გამომდინარე იქიდან, რომ პრინციპული მნიშვნელობა საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობას არ აქვს. ზუსტად რამდენი დეპუტატი შეიძლება წავიდეს უმრავლესობიდან და როდის მოხდება ეს, ჯერ ღიად და მკაფიოდ გაცხადებული არ არის. ყველასთვის ცნობილია, რომ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს და ლევან გოგიჩაიშვილს წასვლაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ და განცხადებები მათ 6 თებერვალს "ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს“, - დასძენს გამოცემა.

"ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ უმრავლესობის დატოვებაზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებდა. მანამდე კი პარლამენტში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ ინიციატივის წარდგენა მოხდებოდა და სწორედ კანონპროექტი გადაწყვეტდა რამდენად ემთხვევა მისი და „ოცნების" ფასეულობები ერთმანეთს. მაშინ ლევან გოგიჩაიშვილმაც თქვა, რომ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა გადაწყვეტილებას საჯაროდ ჯერ არ გაახმოვანებდა, ასევე გედევან ფოფხაძემ ღიად დაანონსა, რომ პარტიის დატოვებას გეგმავდა. ამ სამი დეპუტატის გარდა დამატებით საუბარია იმაზეც, რომ მათ შესაძლოა სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ. მაგალითად ისინი, ვინც ბესელიას მიერ დაწერილ და პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025-წლამდე შეჩერების შესახებ, ხელი მოაწერეს. ხელმომწერთა შორის არიან: ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, ასევე ბექა ნაცვლიშვილსაც აქვს დაანონსებული, რომ დატოვებს უმრავლესობას, თუკი საპენსიო რეფორმაზე მის მიერ ინიცირებულ პროექტს არ დაუჭერენ მხარს. კანონპროექტის შეტანა პარლამენტში 7 თებერვალს მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ახლების გუნდი შეეცადა მისი განხილვა იურიდიულ კომიტეტზე რაც შეიძლება მეტი ხნით გაეწელათ, ორშაბათს ლევან გოგიჩაიშვილის და ბესელიას დიდი ბრძოლის შემდეგ პროექტის განხილვა შედგა, რაც ნიშნავს, რომ „ამბოხებულების" გუნდის წასვლა მხოლოდ დღეებით გადაიდო. „ახლების" ჯგუფის წევრებმა უკვე მერამდენედ განაცხადეს, რომ კანონპროექტი კონსტიტუციას „ეწინააღმდეგება და არ დაუჭერენ მხარს,ეს კი პოლიტოლოგების პროგნოზითაც, ნიშნავს, რომ ბესელიას გუნდს მოუწევს უმრავლესობა დატოვოს“, - წერს გამოცემა. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია ფაქტი, როდესაც ვინმე მას ეწინააღმდეგება „ოცნებაში", ბესელიას და რამდენიმე დეპუტატს მოუწევს უმრავლესობის დატოვება. წავა იგივე ბესელია, გოგიჩაიშვილი, ფოფხაძე. ბიძინა გეგიძეზეც და ლაშა ნაცვლიშვილზეც არის საუბარი და კიდევ რამდენიმე ადამიანზე. ბესელიას ბევრი მიმდევარი არ ეყოლება, იმიტომ რომ, ყველასთვის ცხადია, უმრავლესობის დატოვების შემდეგ მათ მომავალ არჩევნებში წარმატების მიღწევის შანსი არ ექნებათ და ეს ბევრს შეაჩერებს. თავად „ოცნებაც" არ იქნება წინააღმდეგი, რომ ბესელიას გუნდმა დატოვოს მათი რიგები. ივანიშვილს, ალბათ, აწყობს კიდეც, რომ პარტია „გაიწმინდოს" და მაქსიმალურად ლოიალური ადამიანები იხილოს პარტიაში, ვინც მის ნებას დაემორჩილებიან,"- ამბობს ჩიტაძე“, - წერს სტატიის ავტორი.

სამხედრო სამსახურის გავლის გარეშე შესაძლოა საჯარო სამსახურში დასაქმება შეიზღუდოს

“სამხედრო სამსახურის გავლის გარეშე შესაძლოა საჯარო სამსახურში დასაქმება შეიზღუდოს - კანონის ინიციატორი ინფრასტრუქტურის სამინისტროა. სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების გარანტია არც უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტობას ექნებათ. სამინისტრო პარლამენტში აღნიშნულ ახალ კანონპროექტს წარადგენს. ინიციატივას ოპოზიცია და ანალიტიკოსების ნაწილი უკვე აკრიტიკებს. მათთვის გაუგებარია, რატომ უწესებენ შეზღუდვებს მოქალაქეებს, რომლებსაც საჯარო სამსახურში მუშაობის სურვილი აქვთ. სამხედრო ექსპერტები კი ამბობენ, რომ როდესაც შენ ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, სამხედრო სამსახური ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს და მოქალაქეები ელემენტარულ სამხედრო მომზადებას უნდა გადიოდნენ. მათი აზრით, ასევე აუცილებელია რეზერვის შექმნა, რათა სამხედრო ინტერვეციის შემთხვევაში მოსახლეობას საკუთარი თავის დაცვა შეეძლოს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სამხედრო სამსახურის გავლის გარეშე შესაძლოა საჯარო სამსახურში დასაქმება შეიზღუდოს

"ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი კი ამბობს, რომ ეს მხოლოდ მოქალაქეზე მორგებული გეგმაა და ის ჯერ კანონპროექტი არ არის. „ეს არის გეგმა, რომელზეც მუშაობს სამინისტრო, ეს ნორმა არის მოქმედი ნორმა, დღეის მდგომარეობით კანონში, რომელიც მიღებულია 1999 წლიდან, ჩვენი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს ამ ნორმის დაზუსტება და, პირიქით, მოქალაქეზე იქნას მორგებული, იქ არ არის დათქმა, რომ ეს ნორმა არ გავრცელდება იმ პირებზე რომლებსაც კანონით აქვს გადავადებული ან გათავისუფლებულები არიან სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან, შესაბამისად ეს ჩანაწერი გაჩნდება."მიმღებ უწყებას აქვს ეს, რომ შეიძლება დააწესოს, იმათ ვეღარ დაუწესებს, ვისაც გადაუვადდა, ან კანონის საფუძველზე გათავისუფლდა,"- ამბობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, დავით მეტრეველი“, - აღნიშნავს გამოცემა.

"სამხედრო ჟურნალის "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კარგი იქნება საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოდგენა მაინც ჰქონდეს სამხედრო სამსახური რა არის. ალადაშვილი ამბობს, რომ დღეს სამწუხაროდ არმიასა და მოქალაქეებს შორის დაახლოება ნაკლებად იგრძნობა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს ქვეყნის დამცველების ბედი არ ადარდებს. ალადაშვილი ამბობს, რომ ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაშია, რომ პირი სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობას ვერ დაიკავებს, თუ მას სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არა აქვს. მისი აზრით, საქართველოს შემთხვევაში, შესაძლოა ეს იყოს როგორც სამხედრო სავალდებულო სამსახური, ასევე რეზერვი. „მივესალმები და მგონია, რომ უკეთესი იქნება, თუ სამხედრო სავალდებულო სამსახურს ახალგაზრდები თავდაცვის ძალებში გაივლიან. ყოველ შემთხვევაში ის მოსამზადებელი კურსი რაც ელემენტარულ სამხედრო უნარჩვევებს ეხება, ყველას უნდა ჰქონდეს გავლილი და ეს ერთ ადგილას იქნება თავმოყრილი. რაც შეეხება საყარაულო სამსახურს, რომელიც ასეთი ყბადაღებული თემაა, მგონია, რომ აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა. "საყარაულო სამსახური იგივე საბრძოლო მომზადებაა. ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს, სადაც იარაღი, საბრძოლო მასალა ინახება, არავინ იფიქროს, რომ საყარაულო სამსახური მეორადია", - აცხადებს ალადაშვილი "რეზონანსთან", - განაგრძობს გამოცემა.

"ანალიტიკოსი ამბობს, რომ სტარტეგიული მნიშვნელობის ობიექტების და ხიდების დაცვაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. მისი აზრით, საკონტრაქტო სამსახურში სპეციალურად გაწვრთნილი ჯარისკაცები, რომლებიც ბრძოლის ველზე გვჭირდება, ამისთვის არ უნდა მოვაცდინოთ. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ინიციატივა გაუგებარია და უკუეფექტის მომტანი იქნება. მისი განცხადებით, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანაში სამხედრო სარეზერვო სისტემა გააუქმა. შაშკინა ამბობს, რომ ქვეყანაში უკვე 7 წელია წვევამდელთა ინსტიტუტი სრულიად დაკნინებულია. ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ 7 წლის შემდეგ ხელისუფლება ახლა მიხვდა, რომ თურმე რეზერვი საჭიროა. მისივე თქმით, ამ ხელისუფლებას 2013 წელს რეფორმა რომ არ გაეფუჭებინა, ახლა ქვეყანას 70 ათასიანი რეზერვი და პლუს რეგულარული ჯარი ეყოლებოდა. ამით კი იმ კონკრეტულ ამოცანაზე გავდიოდით, რომელიც ჩვენი თავდაცვის დოქტრინის მიერ იყო დასახული. ეს კი ამერიკელი და ევროპელი მრჩევლების მიერ შემუშავებული რეფორმა იყო“, - დასძენს გამოცემა.

"ახლა რეფორმას გაურკეველი მანიაკალური აკრძალვების მეშვეობით იწყებენ. თუ ჩვენს მოქალაქეებს ვთავაზობდით ჯარში სამსახურისთვის მოტივაციას და ვახალისებდით მათ, ამ რეფორმით გამოდის, რომ პირიქით, მათ ჯარს შევაჯავრებთ. ჩვენ გვქონდა ასეთი ინიციატივა, რომ თუ სტუდენტი ვერ გადაიხდიდა სასწავლებლის ფულს, მაშინ ის ერთი წელი ჯარში წავიდოდა და ამ თანხას ჩვენ დავუფარავდით. ესეთი წახალისებით შესაძლებელია, რომ კარგი სამხედრო სისტემა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც შემდეგ რეზერვს შექმნის. ასეთი აკრძალვები უკუშედეგის მომცემი იქნება. წარმატებული და ნიჭიერი ხალხი საჯარო სექტორში აღარ წავა. ის ეცდება რომ სამსახური კერძო სექტორში ეძებოს. როდესაც 24 წლის ახალგაზრდას, რომელიც სასწავლებელს ამთავრებს, ეუბნები, რომ სამსახურის ძებნის მაგივრად ჯერ ჯარში წადი თორემ ვერ დასაქმდები, რა თქმა უნდა, ის ეცდება, რომ თავი აარიდოს. ჩვენ ქვეყანაში ამ ასაკში უკვე ოჯახები აქვთ შექმნილი. მის ცოლ-შვილს ვინ მიხედავს, სახელმწიფო ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ამიტომაც სახელმწიფო სამსახურში დაიწყება ნეპოტიზმი. გაჩნდება გრკვეული გამონაკლისები და კორუფცია", - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო