ძლიერმა ქარმა სოფელ შავშვების სკოლის ეზოში მდებარე შენობას სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების სკოლის ეზოში მდებარე შენობას სახურავი გადახადა.

აღნიშნული შენობა წლების წინ პედაგოგების საცხოვრებლად გამოიყენებოდა, ამჟამად კი უფუნქციოდაა დარჩენილი. შენობის სახურავი ქარმა სკოლის ეზოში გადაადგო.

„უკვე მესამე დღეა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძლიერი ქარია. ქარმა შავშვების სკოლის მიმდებარედ არსებული შენობის სახურავი დღეს დილით მოგლიჯა და სკოლის ეზოში გადაადგო. საბედნიეროდ, ამ დროს აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსწავლეები და პედაგოგები არ იმყოფებოდნენ და შესაბამისად, არავინ დაშავებულა. კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ცოტა ხანში დაიწყებენ სკოლის ეზოს დასუფთავებას სახურავის ნარჩენებისგან“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.