დუშეთში გარემოსდაცვითი რეგიონული ცენტრი გაიხსნა

დუშეთში გარემოსდაცვითი რეგიონული ცენტრი გაიხსნა

დუშეთში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“-ს მიერ დაფუძნებული რეგიონული ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელშიც პროექტის განმახორციელებელ ჯგუფთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი ირაკლი ხმალაძე, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი მონაწილეობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, რეგიონული ცენტრი ევროკომისიის 2014-2020 წლების თემატური პროგრამის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები“ ფარგლებში იმპლიმენტირებული პროექტით გაიხსნა, რომელსაც მცხეთა-მთიანეთში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, რეგიონული ცენტრის დაარსების მიზნების, ამოცანების და პროექტის გზამკვლევის შესახებ საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ, გარემოსდაცვითი შეფასების ექსპერტმა აკაკი ფანჩულიძემ და პროექტის ხელმძღვანელმა ირინა ფუტკარაძემ ისაუბრეს.

პროექტის მიზანია, მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა ევროკავშირის დირექტივებთან დაკავშირებით, ადგილობრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მხარდაჭერა და სოციალური ჯგუფებს მობილიზაცია. რეგიონული ცენტრი მოქალაქეებს ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის კონსულტაციებსაც გაუწევს. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.