მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ჯამში „თიბისი ბანკის“ აქციების 20%-ზე მეტს ფლობენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ჯამში „თიბისი ბანკის“ აქციების 20%-ზე მეტს ფლობენ. კერძოდ, მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ ყველაზე მსხვილი აქციონერია და ის ბანკის აქციების 13.52%-ს ფლობს.

ამასთან, ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ბანკის სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბების დღიდან, 1992 წლიდან იკავებდა, ხოლო 2016 წლის მაისში დაინიშნა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, ის „თიბისი ბანკის“ აქციების 6.76%-ს ფლობს. ჯაფარიძე 1995 წელს აირჩიეს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ხოლო 1996 წლიდან თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა. ამასთან, ბადრი ჯაფარიძე არის „თიბისი კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და „თიბისი ლიზინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ის „თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ 2016 წლის მაისში დაინიშნა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ბანკს რამდენიმე საერთაშორისო აქციონერიც ჰყავს. ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით, ასე გამოიყურება: მამუკა ხაზარაძე - 13.52%; ბადრი ჯაფარიძე - 6.76%; European Bank for Reconstruction and Development - 8.17%; JPMorgan Asset Management - 8.39%; Schroder Investment Management - 7.07% და Dunross & Co. - 5.50%.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭო მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დღეს დატოვეს. რაც შეეხება საბჭოს სხვა წევრებს, მისი დამოუკიდებელი წევრები არიან: ერიკ რაჯენდრა, ცირა კემულარია, ნიკოლოზ ენუქიძე, ნიკოლას დომინიკ ჰააგი და მარია ლუიზა ჩიკონიანი.

„თიბისი ბანკის“ განცხადებით, სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაცია იმდაგვარად მოხდება, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ამასთან ისინი ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის 100% იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავმჯდომარის და მოადგილის პოზიციებს.

ამასთან, როგორც ბანკში აცხადებენ, მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება.

იხილეთ სტატია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს