ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ არბოში ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ამ ეტაპისთვის პროექტირება უკვე დასრულებულია, მშენებლობაზე ტენდერი კი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. პროექტის ფარგლებში კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება სახლ-მუზეუმს და მოეწყობა ეზო. აღდგება მუზეუმში მდებარე ბიბლიოთეკაც.

„მიმდინარე პროცესში აქტიურად არის ჩართული შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია. საკითხთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაციაშია როგორც მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ისე ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა მათი მოსაზრებები პროექტის მიმდინარეობისას გათვალისწინებული იყოს.

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილზე შეხვდა ადგილობრივებს და სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში მათი საჭიროებები მოისმინა. სხვა პროექტებთან ერთად, მიმდინარე წელს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - დიცის, ქორდისა და არბოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება“, - ნათქვამია შიდა ქართლის რწმუნებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„,ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს სათანადო ყურადღება მივაქციოთ და თავისი ფუნქცია დავუბრუნოთ. ისეთი საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმს, როგორიც ნიკო ლომოურია, ნამდვილად სათანადო დაფასება სჭირდება. მეორე მხრივ, კი არბო საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და პრიორიტეტულია სოფლის გაძლიერება და ხელშეწყობა, ეს იქნება საყოფაცხოვრებო, სპორტის თუ კულტურის ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გზით. მუზეუმის რეაბილიტაცია ნამდვილად ხელს შეუწყობს დამთვალიერებლების სიმრავლეს, ახალგაზრდების გააქტიურებასა და სოფლის განვითარებას. ერთობლივი ძალებით უნდა გავუფრთხილდეთ როგორც ჩვენს ისტორიას, ისე ვიზრუნოთ მომავალზე“, - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.