ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2019

"გოგლი-მოგლიზე გაზრდილმა ბიჭებმა" გაიმარჯვეს, ბესელიას ჯგუფი უმრავლესობიდან მიდის

"ძალიანაც ნუ ინერვიულებენ მავანნი "თიბისი ბანკზე", მას არაფერი ემუქრება" - გიორხელიძე

***

"გოგლი-მოგლიზე გაზრდილმა ბიჭებმა" გაიმარჯვეს, ბესელიას ჯგუფი უმრავლესობიდან მიდის

"ოცნების" შიდაპარტიული ომი, დიდი ურთიერთლანძღვის შემდეგ, საბოლოოდ ე.წ. ახლების გამარჯვებით დასრულდა. 45 მომხრე, 17 წინააღმდეგი - ბესელიას კანონპროექტი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ ჩავარდა და უკვე განაჩენიც გამოტანილია - თავად ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე უმრავლესობას ტოვებენ. ბესელიამ დააანონსა, რომ პარასკევს 12 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის რიგები უკვე დატოვა. ასევე უმრავლესობა დატოვა ბექა ნაცვლიშვილმა. ამ 4 კაცს შეუერთდება თუ არა კიდევ ვინმე, ჯერ უცნობია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "გოგლი-მოგლიზე გაზრდილმა ბიჭებმა" გაიმარჯვეს, ბესელიას ჯგუფი უმრავლესობიდან მიდის

"ბესელიამ წასვლის გარდა დააანონსა ისიც, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე მოჰყვება ყველაფერს, რასაც "ოცნება" მორჩილი სასამართლოს შესაქმნელად აკეთებედა."ოცნების" შიდაპარტიული ომის არენად გადაქცეულ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაპირისპირებულმა მხარეებმა ბევრი ბრალდება წაუყენეს ერთმანეთს. "ახლების" გუნდმა ბესელიას 3-კაციან ჯგუფს "ნაციონალებთან" გარიგებაში დასდო ბრალი და უთხრა, რომ უცოდინრები არიან. ბესელიამ კი კობახიძესა და მის გარემოცვას "გოგლი-მოგლიზე გაზრდილი ბიჭები" უწოდა, რომლებიც ჭუჭრუტანიდან იყურებოდნენ მთელი 9 წლის განმავლობაში, როდესაც ბესელია და მისი მოკავშირეები "ნაციონალებს" ებრძოდნენ. მიუხედავად ამისა, ბესელიას ჯგუფი უკიდურეს უმცირესობაში აღმოჩნდა და ივანიშვილმა არჩევანი სწორედ "გოგლი-მოგლიზე გაზრდილ" ბიჭებზე გააკეთა. ბესელიას 3-კაციანი ჯგუფი უმრავლესობის რიგებს დაემშვიდობა. უმრავლესობა ასევე დატოვა ბექა ნაცვლიშვილმა, თუმცა მან არა მოსამართლეების საკითხის, არამე საპენსიო რეფორმის შესახებ საკუთარი კანონპროექტის ჩავარდნის გამო“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ხუთშაბათს პარლამენტში ნერვების ომი დილიდან დაიწყო. სესიაზე განსახილველი იყო ორი კანონპროექტი, ერთი - მოსამართლეების თემაზე, მეორე - საპენსიო რეფორმაზე და ორივე შემთხვევაში კანონპროექტის ინიციატორებს ერთგვარი ულტიმატუმი ჰქონდათ წამოყენებული - ჩავარდნის შემთხვევაში უმრავლესობიდან წასვლა. საპენსიო რეფორმის ინიციატორი ბექა ნაცვლიშვილი წინასწარვე დარწმუნებული იყო, რომ მისი პროექტი ჩავარდებოდა და აცხადებდა, რომ უმრავლესობის რიგებში ეს მისი ბოლო დღე იყო. მისგან განსხვავებით ბესელიას ჯგუფი მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ ხუთშაბათს გამოჩნდებოდა, რა გზა აირჩია "ოცნებამ" - ხალხის გვერდით დგომა, თუ მისი ნების საწინააღმდეგოდ წასვლა. ყველაზე ცხარე დებატებიც სწორედ ბესელიას კანონპროექტის ირგვლივ გაიმართა, რაც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობდა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე შეჩერების თაობაზე. ბესელიას მცირერიცხოვან ჯგუფს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მთელმა ოპოზიციამ, მათ შორის პოლიტიკურმა მტერმა - "ნაციონალებმაც". მიუხედავად ამისა, წინასწარ იყო ცნობილი, რომ ეს კანონპროექტი ჩავარდებოდა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც კენჭისყრის წინა დღეს ივანიშვილთან პოლიტსაბჭოს შეხვედრა შედგა და შემდეგ განცხადება გავრცელდა, რომ "ოცნება" კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ბესელიას მცდელობა განწირული იყო - ივანიშვილს ნების წინააღმდეგ წასვლას "ოცნებაში" ბევრი ვერ გაბედავდა. უმრავლესობიდან ბესელიას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა ე.წ. ნეიტრალური გუნდის დეპუტატების მხოლოდ ერთეულებმა, მაგალითად ნუკრი ქანთარიამ და ზაზა პაპუაშვილმა. სხვები კი ძირითადად მხოლოდ "ახლების" ლიდერებისა და ბესელიას 3-კაციანი ჯგუფის ურთიერთლანძღვას ისმენდნენ“, - განაგრძობს გამოცემა.

"ყველაზე მწვავე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გამოსვლა იყო, რომელსაც მოჰყვა კიდეც ბესელიას ჯგუფის დიდი გაღიზიანება. კობახიძემ ბესელია და მისი მხარდამჭერები "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში დაადანაშაულა. ასევე უთხრა, რომ ერუდიცია არა აქვთ. "კანონპროექტის ტექსტი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ტექსტს. ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია რაღაცაზე საქართველოს პარლამენტში პირველი კონსტიტუციიდან 98 წლის თავზე, პირველ რიგში უნდა გვქონდეს პრეტენზია ერუდიციაზე, კონსტიტუციის ტექსტის კითხვაზე და შესაბამისად, ამ პირობებში ამ კანონპროექტის მხარდაჭერა აბსოლუტურად დაუშვებელია. ბოლოს, პატარა პოლიტიკური გადახვევა მინდა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არის პოლიტიკური მოცემულობა, ეს კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე," - განაცხადა კობახიძემ, რის შემდეგაც შესვენება გამოცხადდა. სწორედ "ეს პოლიტიკური გადახვევა" გახდა ეკა ბესელიას გაწიწმატების მიზეზი და მან კობახიძეს ჯერ ჟურნალისტებთან უპასუხა, შემდეგ კი სესიაზეც. "ჩვენ რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვებს ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გადავრჩებოდით თუ არა. გოგლი-მოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები თავს უფლებას რომ აძლევენ და ასეთი ტონით ლაპარაკობენ, აი, ამის პასუხს მიიღებენ დღეს, ჩემს ბოლო დასკვნაში. ვინც თვლის, რომ ადამიანები, რომლებიც გუშინ დანაშაულს ჩადიოდნენ, დღეს გასხივოსნდნენ, მორალურად ზუსტად იქ დგას, სადაც ის ადამიანები იდგნენ, ვისაც ვებრძოდით," - განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას“, - დასძენს გამოცემა.

"დარბაზში დაბრუნების შემდეგ კი თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს შეურაცხყოფა მიაყენა, როცა ისინი დაადანაშაულა იმ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში, რომელსაც რეალურად თავად იცავს მთელი ამ ხნის განმავლობაში. ამასთან, თქვა, რომ ის არასდროს თვლიდა კობახიძეს და მის თანამოაზრეებს იმ იდეალების ერთგულად, რის ირგვლივაც შეიკრიბნენ 2011 წელს. "ამ დარბაზში ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანია უმრავლესობაში და ყველას ჩემს პატივისცემას გიდასტურებთ იმათ გარდა, ვისაც მე არ ვთვლი, არასოდეს ვთვლიდი და არასოდეს ჩავთვლი, რომ ის არის იმ იდეალების ერთგული და იმ ღირებულებების დამცველი, რომლითაც არა მხოლოდ 2011 წელს შევიკრიბეთ, არამედ 2011 წლამდე ვიყავით ერთად," - განაცხადა ბესელიამ. მისი თქმით, კობახიძე არ არის ამ პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე, მან ვერ შეძლო ამ პარლამენტის ღირსების დაცვა. "ახლების" გუნდიდან მამუკა მდინარაძემ ბესელიას "ურჩია", რომ სახე არ დაკარგოს. "რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორი ინტერესიც არ უნდა გქონდეს კონკრეტული საკითხების მიმართ, სახე არ უნდა დაკარგო," - აღნიშნა მდინარაძემ. შესვენების შემდეგ კობახიძის ნაცვლად სესიის წაყვანა ზვიად ძიძიგურმა ჩაიბარა. რამაც დეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ირმა ინაშვილმა "ახლების" გუნდი კენჭისყრის განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულა და დაიმუქრა, რომ 100 ადამიანს საპროტესტოდ გამოიყვანდა, თუ კენჭისყრა დროზე არ ჩატარდებოდა. ბესელიას ჯგუფმა კი თქვა, რომ კობახიძემ წასვლით რეგლამენტი დაარღვია და ჩიჩნალაძე-მურუსიძესთან გაიქცა სეპარატისტულად მოლაპარაკებები რომ აწარმოოს. საგულისხმოა ის, რომ პარლამენტის სესიის პარალელურად პარლამენტშივე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობდა, რომელსაც ირაკლი კობახიძე უძღვებოდა. შეხვედრა უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების კრიტერიუმებისა და წესების განხილვას ეხებოდა. ლევან გოგიჩაიშვილმა თქვა, რომ კანონპროექტის განხილვის პარალელურად მოსამართლეებთან შეხვედრის გამართვა ძალიან ცინიკურია. "ძალიან ნიშანდობლივია და ძალიან ცინიკურია, როდესაც ასეთი სერიოზული საკითხის განხილვა მიმდინარეობს და პარლამენტის თავმჯდომარე ხვდება მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და გვრიტიშვილს. ეს არის ნიშანდობლივი და ყველაფერზე ხაზის გადასმა," - განაცხადა გოგიჩაიშვილმა. ბოლოს კობახიძე მაინც დაბრუნდა დარბაზში და კენჭისყრა შედგა. 45 მომხრე, 17 მოწინააღმდეგე - ბესელიას კანონპროექტი ჩავარდა. მმართველი გუნდიდან მხოლოდ 15-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი ინიციატივას. ამის შემდეგ ბესელიამ დააანონსა, რომ ის პარასკევს 12 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს და მმართველი გუნდიდან წასვლაზე განცხადებას გააკეთებს. მისი თქმით, დღეს გამოჩნდა, რომ "ნაცმოძრაობასთან" შეხმატკბილებული სწორედ კობახიძეები, ზარდიაშვილები და ოხანაშვილები არიან", - წერს სტატიის ავტორი.

"ძალიანაც ნუ ინერვიულებენ მავანნი "თიბისი ბანკზე", მას არაფერი ემუქრება" - გიორხელიძე

"ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება არასწორი რომ იყო, ეს ცხადია და ამაში ბრალი ხაზარაძეს არ მიუძღვის. თუ რომელიმე ბიზნესმენი საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს მომსახურების სერვის-ცენტრად გაიხდის, რატომ არ გააკეთებს ამას? მთელ მსოფლიოში აკეთებენ, მაგრამ განვითარებული ქვეყნები ამის უფლებას ბიზნსემენს ნაკლებად აძლევენ" - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ მიდის ბანკიდან, მაგრამ მთელ თავის ძალისხმევას მოახმარს ანაკლიის პორტის პროექტს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ძალიანაც ნუ ინერვიულებენ მავანნი "თიბისი ბანკზე", მას არაფერი ემუქრება" - გიორხელიძე

"აჟიოტაჟი იმის გამო, რომ ხაზარაძის საქმე დააზიანებს საქართველოს ეკონომიკას და თავად "თიბისი ბანკს", უსაფუძვლოა და არც საქართველოს ეკონომიკას და არც ბანკს არაფერი ემუქრება. "თიბისის" ჰყავს თავისი მფლობელები, სერიოზული ხალხი, რომლებსაც გონიერება არ აკლიათ და ცხადია, რაც გასასწორებელია, აუცილებლად გაასწორებენ. არც მამუკა ხაზარაძეა ის ადამიანი, რომ დაუმსახურებლად დაისაჯოს. ნებისმიერ ადამიანს, თუ აქვს საფუძველი იმისა, რომ მისთვის წაყენებული ბრალისგან თავი დაიცვას, უნდა დაიცვას. მოულოდნელი აქ არაფერია და ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მიუხედავად იმისა, ამ საქმიდან ბევრი დეტალი ჩვენთვის უცნობია, რაიმე ტრაგედიის მომტანი ვერ იქნება. ამიტომ, ძალიანაც ნუ ინერვიულებენ მავანნი "თიბისი ბანკის" მომავალზე, რადგან მას არაფერი ემუქრება. ისე, მთელ მსოფლიოში უამრავი პრეტენზიები აქვთ ბანკების მიმართ. სულ ახლახანს ფულის გათეთრებისთვის უზარმაზარი ბანკი სერიოზული თანხით დააჯარიმეს. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ვის მოიცილებენ და ვის არა, ამას ხელშეკრულება არეგულირებს და მთავრობის გავლენა ხელშეკრულების მეორე მხარეზე მინიმალურია, თუმცა ჩვენ არც ამ ხელშეკრულების დეტალები ვიცით. ისე, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება რომ არასწორი იყო, ეს თავისთავად ცხადია და ამაში ბრალი ბატონ ხაზარაძეს არ მიუძღვის. თუ რომელიმე ბიზნესმენი საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს მომსახურების სერვის ცენტრად გაიხდის, ამას რატომ არ გააკეთებს. მთელ მსოფლიოში აკეთებენ, მაგრამ ამის უფლებას განვითარებული ქვეყნები ბიზნესმენებს ნაკლებად აძლევენ", - განაცხადა "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ“, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს