ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ფოთის ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს დროშა დაუშვეს

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ფოთის ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს დროშა დაუშვეს

საქართველოს ჰიმნის თანხლებით, სახელმწიფო დროშა დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინაც დაუშვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს, სახელმწიფო დროშის დაშვების ცერემონიალს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიაში 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. 98 წლის წინ ქართველი პატრიოტებისა და იუნკერების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციით დასრულდა. საბჭოთა რეჟიმის მმართველობამ შეიწირა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ათასობით ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე. ამის მიუხედავად, თავისუფლების იდეა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არასოდეს ჩამქრალა ჩვენს ერში და არ შეწყვეტილა ამ ღირებულებებისთვის ბრძოლა“, - განაცხადა ფოთის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ.

ფოთის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, 1921 წლის 25 თებერვალს დაღუპული იუნკრებისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

1921 წელს საბჭოთა რუსეთის არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით, ფოთში კვირეული ჩატარდება, რომლის ფარგლებში საჯარო სკოლებსა და დაწესებულებებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.