რუსთავის მერიაში კონკურსი ,,ახალი საზოგადოებრივი სივრცის კონცეფციის შემუშავება ქალაქ რუსთავის მაგალითზე’’ გაიმართა

რუსთავის მერიაში კონკურსი ,,ახალი საზოგადოებრივი სივრცის კონცეფციის შემუშავება ქალაქ რუსთავის მაგალითზე’’ გაიმართა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, საკონფერენციო დარბაზში დღეს კონკურსის ფინალისტები გამოავლინეს და გამარჯვებულები დააჯილდოეს.
ქალაქის რევიტალიზაციის პროექტი, რომლის კონცეფციაზე მუშაობაც რუსთავის მერის ინიციატივით, მერიის ინოვაციების ჰაბმა ერთი წლის წინ დაიწყო, პირდაპირ კავშირშია კონკურსთან, რომლის მიზანიც, რუსთავში ახალი საზოგადოებრივი სივრცის მოსაწყობად საუკეთესო პროექტის გამოვლენა და ურბანული ჰაბის შექმნაა.
კონკურსში, ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის 63 სტუდენტი მონაწილეობდა. სტუდენტების მიერ მომზადებული ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც, მერიის წარმომადგენლები, ქართველი და გერმანელი ექსპერტები შედიოდნენ.
სტუდენტების ნამუშევრების გამოფენაც დღეს დილიდან რუსთავის მერიის ფოიეში მოეწყო. შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ოფიციალური პირები, საქართველოში გერმანიის საელჩოსა და კომპანია „ბაზალტ ფაიბერს“-ის წარმომადგენლები, ასევე, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების პროექტის მენეჯერი მარიამ ბრეგაძე ესწრებოდნენ.
კონკურსის წინა ეტაპზე შერჩეული 10 ნამუშევრიდან, 4 საუკეთესო, დღეს, სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. მეორე ადგილი თეო გეგეშიძემ და ბარბარე კიკილაშვილმა, ხოლო პირველი ადგილი ქეთევან კაჭარავამ და რევაზ ძეგველაშვილმა დაიკავეს. საუკეთესო პროექტების ავტორები, სერთიფიკატებით და ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ. კონცეფციის შესაქმნელ ძირითად თემად, სტუდენტებს რუსთავის ,,პირამიდა“ ჰქონდათ შერჩეული, ერთ-ერთი პირველი ადგილიც, სწორედ ,, პირამიდის“ საუკეთესო კონცეფციამ -,,მეტალურგმა“ აიღო.
პროექტი რუსთავის მერიისა და კომპანია „ბაზალტ ფაიბერს“-ის ინიციატივით, ბავარიის არქიტეტქორთა გაერთიანებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

























