სოფლებში ციხისჯვარსა და ანდეზიტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობამ განსახორციელებელი პროექტები შეარჩია

სოფლებში ციხისჯვარსა და ანდეზიტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობამ განსახორციელებელი პროექტები შეარჩია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისჯვარსა და ანდეზიტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობამ განსახორციელებელი პროექტები შეარჩია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, სოფლის კრებებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია დაესწრნენ.

მათივე ინფორმაციით, კრებაზე მოსახლეობამ ის პრიორიტეტული პროექტები გამოავლინა, რომლებიც მათ სოფლებში მიმდინარე წელს განხორციელდება.

„ხმათა უმრავლესობით სოფელ ციხისჯვარში წელს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი შეირჩა. სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი სოფელ ანდეზიტშიც.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და მათ გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მოსახლეობამ ასევე 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების შესახებ მოისმინა ინფორმაცია“, - ნათქვამია ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.