ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2019

ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2019

ვადამდელი არჩევნები ვითარებას ვერ გამოასწორებს... ყველა დაწყნარდეს - ცისკარიშვილი

კობახიძე უკვე სხვაგან წავიდა... - ნაზი ჯანეზაშვილი

***

ვადამდელი არჩევნები ვითარებას ვერ გამოასწორებს... ყველა დაწყნარდეს - ცისკარიშვილი

"ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შექმნილ ვითარებას ვერ გამოასწორებს. ამიტომ ამ ეტაპზე ვადაზე ადრე არჩევნების ჩატარება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პარლამენტში შექმნილ სიტუაციას“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვადამდელი არჩევნები ვითარებას ვერ გამოასწორებს... ყველა დაწყნარდეს - ცისკარიშვილი

"ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ატეხილი ეს ალიაქოთი მიანიშნებს მხოლოდ იმაზე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ყველა რაღაც გამოსავალს ეძებს. მათ შორის თავად ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც მეტნაკლებად გაერკვა „მეოცნებეებში“ ვინ ვინ არის და უკვე წინმსწრებად ასუფთავებს სავარძლებს მომავალი არჩევნებისთვის“, - აღნიშნავს გამოცემა.

"თარიღის შერჩევაც არ გაუჭირდება, მაგრამ ნაჩქარევად ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები იმისთვის, რომ კრიზისი მეტნაკლებად დაძლეული იყოს, ვფიქრობ, რომ გამოსავალი ვერ იქნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავად საარჩევნო სისტემა არ არის ამისთვის მზად და მივიღებთ იმას, რაც დღეს გვაქვს, საარჩევნო სისტემას კი დახვეწა სჭირდება. ასევე ამისთვის მზად არ არის პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ეს ორი აქოჩრილი, ერთმანეთზე მტრად წაკიდებული პარტია, რომელებიც საკუთარ შეცდომებს ვერ აცნობიერებს. რომელს აქვს გარანტია, რომ გაბრაზებული ამომრჩევლის წკიპურტები არ მისწვდებათ, როგორც ეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა?!“, - განაგრძობს გამოცემა.

"მესამე ძალის შექმნის პერსპექტივასაც, რომელსაც ასე ელოდება ჩვენი საზოგადოება, ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ, რადგან ამასაც დრო სჭირდება. ამიტომ, ჩემი აზრით, გამოსავალი არის ის, რომ ყველა დაწყნარდეს, საკუთარი ამბიციები გვერდზე გადადოს, ერთმანეთის ლანძღვა გინებას და შეცდომების ერთმანეთზე გადაბრალებას თავი დაანებონ. ყველა ერთად, საზოგადოების ჩართულობით მივიდნენ იმ გადაწვეტილებამდე, რაც უკეთესი იქნება ქვეყნის მომავლისთვის, თორემ პოლიტიკური კრიზისის საფრხის წინაშე კი არა, ქვეყნის მომავალის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით“, - განაცხადა „რეზონანსთან“ სოსო ცისკარიშვილმა“, - წერს სტატიის ავტორი.

კობახიძე უკვე სხვაგან წავიდა... - ნაზი ჯანეზაშვილი

"მთელი პროექტი რომ წაიკითხოთ, ხაზად გასდევს, რომ სასამართლო უფრო მეტად იკეტება, ერგება ამ კლანს და მათთვის იხვეწება პროცედურები... კონკურსი იმიტომ კი არ უნდა გამოვაცხადოთ, რომ ისევ ჩინჩალაძე ავირჩიოთ, არამედ იმიტომ, რომ კარგი ხალხი ავარჩიოთ და ამის საშუალება უნდა მოგვეცეს," - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კობახიძე უკვე სხვაგან წავიდა... - ნაზი ჯანეზაშვილი

"ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, კარგია ის, რომ პროცედურები იარსებებს და ისევ ისე ფურცლის ნაგლეჯზე არ დაწერს გიორგი მიქაუტაძე კანდიდატების სიას, როგორც ეს მოხდა დეკემბერში და ასე არ წარადგენს პარლამენტში. ასევე კარგია, რომ ცხადდება კონკურსი და გარკვეული ფორმალური საორგანიზაციო პროცედურები გაწერილია. ახლა რა არის ცუდი. ცუდია ის, რომ არ არსებობს კონცეფცია, რომელიც სასამართლო სისტემაში ღირსეულ კადრებს გარედან შეიყვანს. პროექტი მიილტვის იქითკენ, რომ დავიწროვდეს პირთა წრე, ვინც შეიძლება გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ან უპირატესობა მიენიჭოს ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან სასამართლო სისტემაში ნამუშევარი ადამიანები. სწორედ ეს არის პრობლემური შემოთავაზებულ პროექტში. კონცეპტუალურად არ ვიზიარებ ამ იდეას. მხოლოდ პროცედურების გაწერა არ ნიშნავს იმას, რომ კარგი კანდიდატების შეყვანის შესაძლებლობა მოგვეცემა მთელ ქვეყანას. მე არანაირი ინტერესი არ მამოძრავებს, გარდა საჯარო ინტერესისა, რომ გარედან შევიყვანოთ კარგი კადრები, აქ კი პირთა წრე დავიწროებულია და გეტყვით როგორ. პროექტში წერია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურა შეიძლება იყოს: მოქმედი მოსამართლე, რომელსაც მინიმუმ 5-წლიანი სამოსამართლო გამოცდილება აქვს; ყოფილი მოსამართლე, მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება აქვს და უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი; და სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელსაც აქვს მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება და ამავდროულად ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. ამ მესამე ნაწილზე შეიძლება შედგეს კომპრომისი...“, - აღნიშნავს გამოცემა.

"პროექტში, რომელიც ჩვენ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გადმოგვეცა, იქ ჯერ კიდევ წერია „გამოცდა". დაველოდები შემდგომ ნაბიჯებს. ახლა მთავარი - მთელ პროექტს ხაზად გასდევს ის, რომ თუ კანდიდატები ხმების თანაბარ რაოდენობას დააგროვებენ, უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, ვისაც აქვს პროფესიით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. ეს რამდენიმე ადგილზე არის ნახსენები. ამდენად, როდესაც მოსამართლის გამოცდილებით შემოვა ადამიანი და ამ დროს გვერდით გყავს ადვოკატის 10-წლიანი გამოცდილების მქონე ადამიანი, კანონი პირდაპირ გავალდებულებს, რომ უპირატესობა უნდა მიანიჭო მოსამართლეს. ეს პრობლემურია. კარის გახსნის იდეას მე ამ პროექტში ვერ ვხედავ. ვხედავ იმ იდეას, რომ პროცედურები აქამდე არ გვქონდა, ახლა გვაქვს. კონკურსი ცხადდება, მაგრამ კონკურსი იმიტომ კი არ უნდა გამოვაცხადოთ, რომ ისევ ჩინჩალაძე ავირჩიოთ, არამედ იმიტომ, რომ კარგი ხალხი ავარჩიოთ და ამის საშუალება უნდა მოგვეცეს. კიდევ ერთი პრობლემაა - მე და ანა დოლიძემ შევთავაზეთ პროექტი, სადაც ვამბობდით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ წევრს უფლება არ უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში. არჩევანი გააკეთონ, თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენა უნდათ, დატოვონ საბჭო“, - განაგრძობს გამოცემა.

"ასეთი ვერსია შემოგვთავაზეს - თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია იუსტიციის საბჭოს წევრი, ის მონაწილეობას ვერ მიიღებს მისი კანდიდატურის წარდგენის თაობაზე კენჭისყრაში. თუმცა ეს ადამიანი თავისივე კონკურენტს შეაფასებს. ახლაც დიმიტრი გვრიტიშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ თავიანთი თავები რომ წარადგინეს კანდიდატურებად, არც ერთ თავის თავთან მიმართებაში კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ ხომ მაინც აღმოჩნდნენ იმ სიაში?! მოქმედ წევრს არ უნდა ჰქონდეს თავისი თავის კანდიდატად წარდგენის უფლება, ეს ინტერესთა კონფლიქტია. ამით უნდა დავიწყოთ ნდობის ამაღლება და არა იმით, რასაც გვთავაზობენ, რაც არაფერს არ ცვლის. მთელი პროექტი რომ წაიკითხოთ, ხაზად გასდევს, რომ სასამართლო უფრო მეტად იკეტება, ერგება ამ კლანს და იხვეწება პროცედურები. მურუსიძესთან გასაუბრება ნახეთ? გასაუბრებაზე კითხვებს ვსვამდით მხოლოდ ანა დოლიძე და მე, სხვებმა უარი თქვეს. 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა მისი გასაუბრება, „ლაივში" მიდიოდა მისივე ინიციატივით, მაგრამ რა მივიღეთ?! ხმათა 2/3-მა გადაწყვიტა მისი ბედი და მაინც აირჩიეს. მხოლოდ ფორმალური გამჭირვალობა არაფერს ცვლის. ეს უფრო ორთქლის გამოშვება შეიძლება იყოს, მაგრამ საბოლოო გავლენას ვერ ვახდენთ. გავლენას ვერ ვახდენთ იმიტომ, რომ იუსტიციის საბჭოს უმრავლესობაში არის კლანის წევრი და მათი ხმა საკმარისია გაიყვანონ ის, ვინც თავად სურთ“, - დასძენს გამოცემა.

"კობახიძემ თქვა, რომ კონსტიტუციაში წერია, რომ მოსამართლე განწესდება საბჭოს წევრების არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერით და განწესება ნიშნავს მოსამართლის წარდგენასაც და დანიშვნასაც. კონსტიტუციაში რომ მოძებნოთ ტერმინი „განწესება", ნახავთ, რომ ეს ტერმინი გამოიყენება როგორც დანიშვნა და არსად გამოიყენება, როგორც წარდგენა. კობახიძე ამბობს, რომ საბჭომ 2/3-ით, ანუ 10 ხმით უნდა მივიღოთ წარდგენის გადაწყვეტილებაც, ეს კონსტიტუციაში წერია. კონსტიტუციაში ეს წერია მოსამართლის დანიშვნაზე და არა წარდგენაზე. წარდგენაზე კონსტიტუცია არაფერს ამბობს და მოსამართლე წევრები მართლა გაკვირვებულები იყურებოდნენ. ისეთ სასწაულებს აკეთებენ, ეს უკვე სხვაგან წავიდა. თუ ჩვენს მოსაზრებებს გაითვალისწინებენ, კი ბატონო, თუმცა ჩვენი მოსაზრებები გათვალისწინებული არ არის არც ინტერესთა კონფლიქტში, არც საკონსულტაციო ჯგუფის შექმნაში, არც გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე“, - წერს სტატიის ავტორი.