იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსის განცხადებით, მუხნარის ტყეში მიმდინარეობს დაზიანებული ხეების სანიტარული ჭრა და შემდეგ ხეების დარგვა განახლება

პარტია „თავისუფალი საქართველოს" აქციას იმერეთის სატყეო სამსახური გამოეხმაურა. სამსახურის უფროსის კახა გაზდელიანის განცხადებით, მუხნარის ტყეში მიმდინარეობს დაზიანებული ხეების სანიტარული ჭრა, რის შემდეგაც ხეების დარგვა განახლება მოხდება. მისი თქმით, ამ დროისთვის ადგილზე დაახლოებით 10 000 ძირი ნერგი დაირგო. კახა გაზდელიანი ასევე აცხადებს, რომ სატყეო სამსახურის მიერ განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე ინფორმირებულია გოგი წულაია, თუმცა წულაიამ პიარისთვის პერფორმანსი მაინც დაგეგმა.
„ეროვნული სატყეო სააგენტო გეგმაზომიერად, კანონმდებლობით არსებული წესით, ახორციელებს ტყის მოვლას, მოვლის ერთ-ერთი სახეობა არის სანიტარული ჭრაც. აღნიშნულ ტერიტორიაზე მონიშნული არის 1 500 კუბური მეტრის მოცულობის ხე-ტყე, რომელიც მოსახლეობაზე უნდა გაიცეს. ეს ხეები მოიჭრება, მოსახლეობაზე გაიცემა. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე, შედგება პროექტი ტყის აღდგენა-განახლების. მათ შორის ბუნებრივი განახლების ხელშემწყობი პირობები შეიქმნება, პლიუს ამას, მოხდება დარგვა იმ ჯიშების, რომლებიც ადაპტირებულია ამ ადგილზე. ტყეკაფს ორი წელი აქვს ათვისების ვადა, ამის მერე დაიწყება დარგვა. ადგილზე დაახლოებით 10 000 ძირი იფნისა და იმერული მუხის ნერგები დაირგო და მომავალი წლისთვისაც გაგრძელდება. ამ სამუშაოების შესახებ ინფორმირებული იყო გოგი წულაია. რამდენიმე დღის წინ ვესაუბრეთ, თუმცა პიარისთვის მაინც გამართა აქცია", - განაცხადა კახა გაზდელიანმა.
მის განცხადებას ადგილზე მყოფი გოგი წულაიას გაღიზიანება მოჰყვა, რამაც სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. გოგი წულაიას განცხადებით, პრობლემა წლებია არსებობს და ტყე რეალურად ნადგურდება.

























