მეუღლის შეფასებით, ზვიად კუპრავას დაკავება პოლიტიკურია, რადგან „მთავრობას სიმშვიდეს ურღვევდა“

ზვიად კუპრავა კარგად გრძნობს თავს, მხნედაა და ბრძოლისთვის მზად არის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზვიად კუპრავას ცოლმა, ხატია თორდიამ განუცხადა, რომელიც გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებასთან იმყოფება.

როგორც ის აღნიშნავს, კუპრავას დაკავება პოლიტიკურია, რადგან მთავრობას სიმშვიდეს ურღვევდა და ამიტომ მოიშორეს.

„ბრძოლას ვაპირებთ, არ გავჩერდებით. ზვიადი სადაც არის, იქიდან გააგრძელებს ბრძოლას. მე და მისი მეგობრები კი ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანაში მას აუცილებლად დავეხმარებით. ზვიადის დაკავება თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია. ის გარეთ არ აწყობდათ, რადგან ამ მთავრობას სიმშვიდეს ურღვევდა და მოიშორეს, მაგრამ ის არ იციან, რომ ზვიად კუპრავა სადაც არ უნდა იყოს, იქიდან გააგრძელებს ბრძოლას.

კრიმინალებით არის ქვეყანა სავსე და ზვიადის დაკავება იყო ყველაზე საშინელი. არ დაინდეს ქალები, ყველას გადაგვიარეს. ოფისში შემოჭრა, კარის შემონგრევა, ქალების გადავლა საჭირო არ იყო. მათი საქციელი ამაზრზენი იყო“, - აცხადებს თორდია.

ის შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებასაც ეხმაურება, რომლის თანახმადაც ზვიად კუპრავას დაკავებისას პოლიციას ძალისთვის არ გადაუმეტებია.

„უკაცრავად, აბა, ის კადრები დამონტაჟებულია? კადრები ლაივში გვქონდა ჩართული, გადაღების საშუალება არ გვქონდა, მაგრამ მაინც მოვახერხეთ და გადავიღეთ. ქალებს რომ გადაუარეს, ძირს რომ აფორთხიალეს და ზედ რომ გადაუარეს, ეს რა იყო? მთელი ინვენტარი დალეწილია, კომპიუტერები საერთოდ არ ვარგა, ისეა მოშლილი. აბა, რა მოხდა? ყველაფერზე სამართლებრივ ბრძოლას ვაპირებთ, დღეს ელჩებთან გვაქვს 15.00 საათზე შეხვედრა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ხვდებიან და ჩვენც ვიქნებით“, - აცხადებს თორდია.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავა 24 თებერვალს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). აღნიშნული დანაშაულისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება. სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. გირაოს პირობების დარღვევის - ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების - გამო, სასამართლოს გადაწყვეტიებით მიმდინარე წლის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით. სასამართლო სხდომა ჩატარდა ზვიად კუპრავას გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა თავი აარიდა მართლმსაჯულებასაც. 2019 წლის 24 თებერვალს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განხორციელდა ზვიად კუპრავას დაკავება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო