აჭარაში დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი გაიხსნა

აჭარაში დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი გაიხსნა. „ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების მიზანი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, მათ პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაზე ზრუნვაა, ვინაიდან სწორედ კურსდამთავრებულთა ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებელი განსაზღვრავს ამა თუ იმ სასწავლებლის ეფექტურობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი ფორუმი საზღვაო აკადემიის ეგიდით ტარდება. უმაღლეს სასწავლებელსა და საჯარო თუ კერძო სექტორს შორის მოსაზრებების გაცვლის პარალელურად, კურსანტებს მომავალ დამსაქმებლებთან პირდაპირი დიალოგის საშუალება ეძლევათ“, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ „დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმის“ გახსნის ღონისძიებაზე.
დავით გაბაიძე ყოველწლიურ ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, მთავრობის წევრებთან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ცნობისთვის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიების მიზანი საზღვაო სფეროს სიახლეების, მოთხოვნების, გამოწვევების გაცნობა, საბაზრო მოთხოვნილებების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და აკადემიის სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობაა.

























