რამაზ საყვარელიძე - მმართველი გუნდი ნიჩაბ-ნიჩაბ ითხრის სამარეს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომისადმი ინტერესი დიდი იყო, ვინაიდან მასზე „თიბისი“ ბანკთან დაკავშირებულ საკითხებზე უნდა ემსჯელათ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებდა, რომ სხდომაზე არ მივიდოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ სხდომას დაესწრებოდნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე, როგორც ჩანს, კობა გვენეტაძის მისვლა გადაწყდა, მაგრამ პროცედურასთან დაკავშირებით გამართული ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც გვენეტაძე იმ მიზეზით ითხოვდა სხდომის დახურვას, რომ ეს „თიბისი“ ბანკს აზარალებდა, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ სხდომა დახურულად გამოაცხადა. შეიძლება ითქვას, რომ გვენეტაძის პარლამენტში მოსმენა ჩაიშალა.

არშემდგარი სხდომის დასრულების შემდეგ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კვლავ განაცხადეს, რომ მიზანმიმართული და ორკესტრირებული ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, არ ეთანხმებიან გვენეტაძის განცხადებას რომ „თიბისი“ ბანკის გარშემო საჯარო მსჯელობა ქვეყანას აზიანებს, ვინაიდან ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პარლამენტში ამ თემაზე გამართულმა თუ არგამართულმა დისკუსიამ?

- ერთ დეტალს მივაქცევდი ყურადღებას. რომან კაკულიამ სხდომა კენჭისყრაზე დააყენა და შემდეგ დახურა იგი. კენჭისყრაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ სხდომის დახურვა არ იყო მარტო ეროვნული ბანკის პოზიცია, როგორც ჩანს, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ სხდომის დახურვის ხერხი გამოეყენებინა და ეროვნულმა ბანკმა ის „სიბრძნე“ განავითარა, რაც ჩვენ კობა გვენეტაძისგან მოვისმინეთ.

კომიტეტის არშემდგარმა სხდომამ დაგვანახა, რომ „თიბისის“ თემაზე ინფორმაციის გახსნა პარლამენტის უმრავლესობის უმრავლესობას არ უნდოდა, ეს კი მათთვის უკვე წამგებიანია

ფაქტია, რომ „თიბისი“ ბანკისთვის ვნების მომტან მოვლენაზე სიფრთხილე უპირველეს ყოვლისა „თიბისი“ ბანკის აქციების მფლობელებს უფრო მოეკითხებათ და არა ეროვნულ ბანკს.

გაუგებარია, რატომ თქვა უარი გვენეტაძემ და უმრავლესობამ საკითხის საჯაროდ განხილვაზე, ვგულისხმობ იმას, რომ მათ შესთავაზეს გვენეტაძეს არ გაეცა პასუხები იმ თემაზე, რაც მხოლოდ დახურულ ფორმატში შეიძლებოდა ესაუბრა.

კომიტეტის არშემდგარმა სხდომამ დაგვანახა, რომ „თიბისის“ თემაზე ინფორმაციის გახსნა პარლამენტის უმრავლესობის უმრავლესობას არ უნდოდა, ეს კი მათთვის უკვე წამგებიანია. სახლის შენებისას ვამბობთ, რომ სახლი აგურ-აგურ შენდება, მმართველი გუნდი კი ნიჩაბ-ნიჩაბ ითხრის სამარეს. ერთ-ერთი ასეთი ნიჩაბი იყო „თიბისის“ თემაზე სხდომის დახურვა.

- მოსამართლეთა საკითხზე შეიძლება ითქვას, რომ მმართველმა გუნდმა, უფრო სწორად როგორც თქვენ ბრძანეთ, უმრავლესობის უმრავლესობამ თავისი გაიტანა. დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის საკითხში მმართველ გუნდში განვითარებული პროცესების შემდეგ საზოგადოების უმეტესობა დაბნეულია, ეს პირველ რიგში ეხებათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს.

თქვენი დაკვირვებით, საზოგადოებრივი აღქმის თვალსაზრისით მოსამართლეთა საკითხში პოზიციის გამო, სავარაუდოდ რა შედეგი მიიღო მმართველმა გუნდმა?

- თქვენ ალბათ, მმართველი გუნდის მმართველ გუნდს გულისხმობთ. მადლობა ღმერთს, მმართველი გუნდი ისეთი მონოლითური აღარ არის, როგორც თავის დროზე გამოიყურებოდა.

2020 წლის შემდეგ რა მოხდება არავის იცის, რადგან მმართველმა გუნდმა მოსამართლეთა თემის გამო კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახადა თავისი პოლიტიკური მომავალი და ბედი

გასაგებია, რომ ხელისუფლება მოახერხებს მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ შერჩეული მოსამართლეების მართლმსაჯულების სისტემაში შეყრას, მაგრამ 2020 წლის შემდეგ რა მოხდება, არავის იცის, რადგან მმართველმა გუნდმა მოსამართლეთა თემის გამო კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახადა თავისი პოლიტიკური მომავალი და ბედი.

მე კიდევ უფრო რბილად ნათქვამი გამომივიდა.

უფრო ზუსტად მოსახლეობისთვის უფრო და უფრო მიუღებელი იქნება ის პარტია, რომელმაც მოსამართლეების საკითხში ის ნაბიჯები გადადგა, რაც უკვე გადაიდგა და ეს, მე მგონი, ბუნებრივიც იქნება.

- მმართველი გუნდისადმი დამოკიდებულების საკითხს თუ დავუბრუნდებით, ამ თემაზე ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები გამოითქმის.

ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას აზრით, - ,,საქართველოს მოსახლეობა შეშინებული, დაღლილი და მოტყუებულია - პასუხისმგებლობა ხელისუფლების სამივე შტოს ერთნაირად ეკისრება“.

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე თვლის, - „ქვეყანაში შექმნილი ვითარების აღქმა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე არსებული რეალობა.“ თქვენი დაკვირვებით, რომელი შეფასება უფრო ახლოსაა რეალობასთან?

- ორივე საინტერესო ანალიტიკოსი და კარგი ადამიანია, ამ შემთხვევაში ორივეს ამ ინტერვიუთი დაუსწრებლად მივესალმები. ჩემი ვარაუდით, ვალერიან გორგილაძის მეტ-ნაკლებად ოპტიმისტური გამონათქვამი, არც ისე მძიმეა სურათიო, შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ სურათი დასრულებული არაა, 2020 წლამდე კიდევ ბევრი რამ მოხდება. ივანიშვილს რესურსები კიდევ აქვს საიმისოდ, რომ მან მისთვის სასარგებლო მიმართულებით წაიყვანოს პროცესები.

- უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ გააკეთა მეტად საინტერესო განცხადება, კერძოდ, - „არც იმ ანეკდოტამდე ვართ მისული „მოიფიქრე რამე, თორემ დაგვენგრა ოჯახიო“, თუმცა, არც ბევრი აკლია“.

ფაქტია, რომ „ოცნებაში“ დიდი გადაჯგუფებებია მოსალოდნელი. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები მმართველ პარტიაში?

- პროცესების დიდ ტალღას თავად მმართველი გუნდის მმართველმა ნაწილმა მისცა ბიძგი. მხედველობაში მაქვს მოსამართლეთა თემის გამო პარტიიდან იმათი გასვლა, ვინც ამ საკითხში მმართველ გუნდს არ დაეთანხმა უმრავლესობის უმრავლესობას. მათ თავისი გასვლით, პრაქტიკულად საფუძველი ჩაუყარეს ახალი პოლიტიკური გუნდის ფორმირებას.

ვახტანგ ძაბირაძე ხშირად აღნიშნავს, „ოცნებაში“ ბევრს არ ექნება იმის გარანტია, რომ 2020 წლის საპარლამენტო სიაში მოხვდებიან. ვისაც არ ექნება გარანტია, იმათ ურჩევნიათ ახალ პარტიაში შევიდნენ, სადაც შემდეგ პარლამენტში მოხვედრის მეტი გარანტია ექნებათ

ახალი პოლიტიკური გუნდის ფორმირება შესაძლოა ბევრს მოუვიდეს თავში, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამის გამო „ოცნებაში“ ბევრს ექნება დისკომფორტი. არავის არ შეიძლება მოსწონდეს, რომ ექცევიან, როგორც მანქანის ჭანკჭიკს და როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ მხოლოდ თავად უნდა იყოს საჭესთან. ალბათ, იმავე გუნდში ბევრი თვლის, რომ ის, ვინც ახლა დგას საჭესთან, მესაჭის ადგილს არ იმსახურებს.

ვახტანგ ძაბირაძე ხშირად აღნიშნავს, რომ „ოცნებაში“ ბევრს არ ექნება იმის გარანტია, რომ 2020 წლის საპარლამენტო სიაში მოხვდებიან, ვისაც არ ექნება გარანტია, იმათ ურჩევნიათ ახალ პარტიაში შევიდნენ, სადაც შემდეგ პარლამენტში მოხვედრის მეტი გარანტია ექნებათ. ახლა მთავარია ვის მხარეს იქნება ხალხი. ამის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი გადავა და გადმოვა ამა თუ იმ გუნდში.

„ვარდების რევოლუციას“ გაგახსენებთ. როცა ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა დაინახეს, რომ მთელი რიგი მიზეზების გამო ხალხი შევარდნაძის წინააღმდეგი იყო, ეს გახდა იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ რეფორმატორები ცალკე გასულიყვნენ და ცალკე ბრძოლა დაეწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი „მოქკავშირთან“ შედარებით ცოტანი იყვნენ, სწორედ მათ შეცვალეს ხელისუფლება.

- დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ივანიშვილი შეეცდება შექმნას პატარ-პატარა პარტიები თუნდაც „ოცნებიდან“ გასულებიდან და 2020 წლის არჩევნებში მათ მიაღებინოს მონაწილეობა. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია მოვლენათა ამგვარად განვითარება და სავარაუდოდ, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდეს ამგვარი რამ ივანიშვილისა და „ოცნებისთვის"?

- რამდენადაც ვხვდები, საუბარია ივანიშვილის მიერ პოლიტიკური ჯგუფებისაგან სათავისოდ პოლიტიკური მოზაიკის შექმნაზე. თუკი ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური ჯგუფებისაგან სათავისოდ პოლიტიკური მოზაიკის შექმნაზე, იგი საქართველოს ბოლო პერიოდის პოლიტიკურ ისტორიაში ერთ-ერთი ჭკვიანი ადამიანი იქნება.

თუკი ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური ჯგუფებისაგან სათავისოდ პოლიტიკური მოზაიკის შექმნაზე, იგი საქართველოს ბოლო პერიოდის პოლიტიკურ ისტორიაში ერთ-ერთი ჭკვიანი ადამიანი იქნება

2003 წელს შევარდნაძეს ვკითხე - რას აპირებთ, მონოლითური გუნდი გინდათ თუ მოზაიკური სურათი-თქო? მონოლითური, მონოლითურიო. მისი ხელისუფლება სწორედ იმ “მონოლითურმა“ გუნდმა დაანგრია მერე.

მონოლითური გუნდი რთული მოვლენაა, ვინაიდან შეიძლება შემდეგ ლიდერიც კი წაშალოს, მაგრამ თუ იმოქმედებ დაყავი და იბატონეს პრინციპით და ე.წ. მოზაიკის ფორმირებას შეძლებ, ეს უფრო შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა, ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა. თუ ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული ივანიშვილს, ამაში რაციონალური მარცვალი ძალიან დიდია.

- ჩვენ მიერ მიმოხილული თემების გარდა აქტუალურია ანაკლიის პორტის მშენებლობის თემა. ალბათ იმიტომ, რომ საკმაოდ სერიოზული პროექტია და თან ხაზარაძესა და „თიბისი“ ბანკსაც უკავშირდება.

ამ თემებზე მსჯელობისას დავით უსუფაშვილმა განაცხადა - „ხაზარაძეს რა უნდა ვიცით; რა უნდა ივანიშვილს?“ რადგან აქტიურად მსჯელობენ იმაზე, რომ შესაძლოა ივანიშვილს არ სურს ანაკლიის პორტის მშენებლობა ანდა თავად უნდა მასში მონაწილეობა მიიღოს, თქვენი დაკვირვებით, ანაკლიის პორტთან მიმართებაში სავარაუდოდ, რა უნდა ივანიშვილს?

- თუ დათომ არ იცის, არც მე არ ვიცი. ბუნებრივია, დათო უფრო კარგად იცნობს ივანიშვილს და მისი ფიქრის გამოცნობა უფრო შეუძლია. ჩემთვის ეს ბევრად უფრო ძნელია.

ამ თემაზე ჩემი მსჯელობით შესაძლოა შეთქმულების თეორია უფრო რთულიც კი გავხადო. ფაქტია, რომ ამ საქმეში დიდია პროკურატურის როლი. მე არ ვიცი ამ საკითხთან მიმართებაში პროკურატურის შემადგენლობის მიმართულება.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სააკაშვილს აქვს კრიტიკული დამოკიდებულება. ეს ბუნებრივიცაა იმიტომ, რომ მას მიაჩნია, რომ მის იდეას სხვები, ამ შემთხვევაში ხაზარაძე-ჯაფარიძე ახორციელებენ. არ გამოვრიცხავ ანაკლიის პორტის საკითხში რუსეთის დაინტერესებას, მაგრამ სააკაშვილის და რუსეთის ინტერესი ხშირად ემთხვევა ხოლმე

ჩვენში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მოსამართლეები სააკაშვილის შერჩეულები და მასთან ნამუშევრები არიან და ამიტომ არ გვინდაო. უნდა გავიხსენოთ, რომ ამ თვალსაზრისით, ბევრი რამ არც პროკურატურაში შეცვლილა.

შესაძლოა, ანაკლიის პორტის საკითხში ივანიშვილის დამოკიდებულება სულაც არ ფიგურირებდეს და ამ ისტორიაში პროკურატურას აქვს თავისი პოლიტიკური მოტივები.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სააკაშვილს აქვს კრიტიკული დამოკიდებულება. ეს ბუნებრივიცაა, იმიტომ რომ მას მიაჩნია, რომ მის იდეას სხვები, ამ შემთხვევაში ხაზარაძე-ჯაფარიძე ახორციელებენ. არ გამოვრიცხავ ანაკლიის პორტის საკითხში რუსეთის დაინტერესებას, მაგრამ სააკაშვილის და რუსეთის ინტერესი ხშირად ემთხვევა ხოლმე.

- თქვენ გაქვთ იმის იმედი, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას პრობლემები არ შეექმნება?

- მაინც მაქვს იმედი იმის გამო, რომ ამ პროცესში და იდეის ირგვლივ ის მოქმედი პირები არიან ჩართული, რომლებსაც ამ პროექტის რეალიზება შეუძლიათ.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა