ქართული პრესის მიმოხილვა 27.02.2019

"ოცნებაში" რღვევა დაიწყო - ივანიშვილი დახურულ შეხვედრებს მართავს, ბესელია ახალ ფრაქციას ქმნის

"ოცნების" ნგრევის, დაშლის პროცესი დაიწყო, მაგრამ ყველაფერი ივანიშვილის ხელშია" - არეშიძე

***

"ოცნებაში" რღვევა დაიწყო - ივანიშვილი დახურულ შეხვედრებს მართავს, ბესელია ახალ ფრაქციას ქმნის

“კრიზისი "ქართულ ოცნებაში" მწვავდება, უახლოეს მომავალში პარტიას კიდევ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს. ამის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილი დეპუტატების ნაწილთან შეხვედრებს არა პარტიის ოფისში, არამედ თავის ბიზნესცენტრში აგრძელებს. უმრავლესობა შესაძლოა, კიდევ 4-მა დეპუტატმა დატოვოს, თუმცა კულუარებში უფრო მეტზეა საუბარი. "სოციალ-დემოკრატების" ლიდერი გიორგი ჟორჟოლიანი "რეზონანსთან" უკვე ადასტურებს ფაქტს, რომ ის უახლოეს მომავალში უმრავლესობას დატოვებს და მან ამის შესახებ საქმის კურში ბიძინა ივანიშვილიც ჩააყენა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოცნებაში" რღვევა დაიწყო - ივანიშვილი დახურულ შეხვედრებს მართავს, ბესელია ახალ ფრაქციას ქმნის

"ასევე, სავარაუდოდ, უმრავლესობას მისი ფრაქციის კიდევ 3 წევრი დატოვებს - მირიან წიკლაური, კობა ნარჩემაშვილი და რუსლან პოღოსიანი. რამდენიმე დღის წინ ამავე ფრაქციის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა უკვე დატოვა. მათ მსგავსად უმრავლესობიდან წასვლა შეიძლება, ბიძინა გეგიძემ, გიორგი აბესაძემ, ზაზა პაპუაშვილმა და ოთარ ჩრდილელმა გადაწყვიტონ, თუმცა გეგიძე ამბობს, რომ მას ამ ეტაპზე არაფერი გადაუწყვეტია და მოვლენების განვითარებას აკვირდება. მმართველი გუნდიდან წასვლის ფაქტს ჯერჯერობით ზაზა პაპუაშვილი და ოთარ ჩრდილელი უარყოფენ.ამის პარალელურად, ივანიშვილი შეხვედრებს აგრძელებს. არსებული ინფორმაციით, გუშინ გამართულ შეხვედრას მმართველი გუნდის რამდენიმე წევრი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, დეპუტატები რომან კაკულია და ზვიად ძიძიგური ესწრებოდნენ. ივანიშვილის რეზიდენციაში შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლაშა ნაცვლიშვილი და რეჟისორი გოგა ხაინდრავა. მათ რეზიდენციის ტერიტორია ისე დატოვეს, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა."ჩემთვის ძალიან დასანანი და მტკივნეულია ჩვენი უმრავლესობის ამ ფორმით დაშლა", - ამბობს იუსტიციის მინისტრი, - "იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო დანაკლისი ჩვენი გუნდისათვის. ერთობა ძნელად საშენებელია, ამიტომ მას ერთად უნდა მოვუფრთხილდეთ". ამ პროცესების პარალელურად, ეკა ბესელიამ პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნა დააანონსა. ბესელიას განცხადებით, პოტენციურ მოკავშირეებთან კონსულტაციებს დღეიდან იწყებს და მისი თქმით, შემოიკრებს იმ ადამიანებს, ვისთანაც ღირებულებითი ერთობა აქვს. ბესელიას ახალი ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად მინიმუმ 6 წევრი სჭირდება, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ უმრავლესობიდან წამოსული გია ჟორჟოლიანი და მისი ფრაქციის წევრები ბესელიასთან ვიხილოთ."მე დღეიდან დავიწყებ კონსულტაციებს ყველა იმ ადამიანთან, ვინც შეიძლება იყოს მოაზრებული ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ. ეს პირველ რიგში გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება პირველ ეტაპზე და ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმასა და სამართლიანობის პროცესს. თემატურად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მათ შორის "სოციალ-დემოკრატებთანაც". მე ვიცი, რომ ისინიც ფიქრობენ ამაზე. არ გამოვრიცხავ, რომ მალე მოხდეს ეს", - ამბობს ეკა ბესელია“, - განაგრძობს გამოცემა.

"მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობა მას შემდეგ დაიშლება, რაც უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი გამოაკლდება."უმცირესობა დაიშლება, ერთი დეპუტატი როგორც კი გამოვა უმრავლესობიდან. ის შექმნილ უმცირესობას ავტომატურად დაშლის იმიტომ, რომ რაოდენობრივად იქნება თანაბარი უმცირესობაში მყოფი დეპუტატები და უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატები. ასე რომ, ახალი უმცირესობა როდის შეიქმნება, არ ვიცით", - განაცხადა ეკა ბესელიამ."სოციალ-დემოკრატების" ლიდერი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ის და მისი პარტიის წევრები, "ნაციონალებისა" და "ევროპული საქართველოს" გარდა, ყველასთან ითანამშრომლებენ, ვისი შეხედულებებიც ქვეყნის განვითარების საკითხშიც მათსას დაემთხვევა. ჟორჟოლიანი ამბობს, რომ პარასკევს, 22 თებერვალს ივანიშვილთან შეხვედრისას მან პარტიის ლიდერი უკვე საქმის კურსში ჩააყენა, რომ ისინი უახლოეს მომავალში უმრავლესობას დატოვებენ."ივანიშვილთან შეხვედრა გამონაკლისი არ ყოფილა, ჩემი შეხვედრა მასთან მოხდა, როგორც სხვა დეპუტატებთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად. ეს საუბარი დღეს არ დაწყებულა და ჩემი მოსაზრებების შესახებ მან დიდი ხანია, იცის."ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაში "ნაციონალების" გავლენა კვლავ არის და ინერციით მოჰყვება. ჩვენ ჯერ კიდევ კონსტიტუციის შეცვლისას საგადასახადო პოლიტიკის ცვლილების შესახებ საკითხი დავაყენეთ, თუმცა არაფერი არ გამოვიდა."ივანიშვილს ვუთხარით, რომ დრო იწურება, ამიტომ 2020 წლისათვის არჩევნებში მონაწილეობა ჩვენმა პარტიამ დამოუკიდებლად გადაწყვიტა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა პოლიტიკურ პლატფორმას ირჩევს. ვეცდებით, რომ გადაწყვეტილება მალე მივიღოთ და უმრავლესობა დავტოვოთ", - აცხადებს ჟორჟოლიანი "რეზონანსთან". მისივე თქმით, ფუნდამენტურად ეს პოლიტიკა, რაც ახლა ქვეყანაში მიდის, მათ შეხედულებებს ეწინააღმდეგება. მისი აზრით, უმრავლესობაში მიმდინარე მოვლენები ჯანსაღი დისკუსიაა და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებას ხელს უწყობს“, - დასძენს გამოცემა.

"დეპუტატი ამბობს, რომ არ შეიძლება, პერსონალურ დაპირისპირებას ყველაფერი გადავაყოლოთ. მისი აზრით, ამ დაპირისპირების შედეგად მსოფლიოში ყველაფრის მიღმა ვართ, ამიტომაც მისი ამოცანა ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე ვიღაცის დაშლა ან არდაშლა."ამ მოვლენებმა, რაც ახლა "ოცნებაში" მიდის, საზოგადოების განწყობა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკა უნდა შეცვალოს. საზოგადოებასთან პირდაპირ ურთიერთობის ტენდენცია უნდა ჩამოვაყალიბოთ."რაც შეეხება იმას, მომავალში ვისთან ვითანამშრომლებთ, ცხადია, ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვისთანაც საჭირო იქნება, გარდა "ნაციონალებისა" და "ევროპელებისა"."ჩვენი ამოცანა ის არ არის, პარლამენტში რამდენი კაცი ვიქნებით. გვინდა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკა შეიცვალოს. ჩვენ უმრავლესობაში ამ ცვლილების რესურსი აღარ გვაქვს. საზოგადოების მხარდაჭერა თუ გვექნება, ჩვენი ოპოზიცია ბევრად უფრო ძლიერი იქნება", - აცხადებს ჟორჟოლიანი "რეზონანსთან".ჯერჯერობით წასვლაზე გადაწყვეტილება ჟორჟოლიანის პარტიის წევრმა მირიან წიკლაურმა ვერ მიიღო. "რეზონანსთან" საუბარში ის ადასტურებს, რომ პარასკევს ივანიშვილსა და მას შორის საუბარი შედგა. მისი თქმით, ივანიშვილი პარტიაში მიმდინარე მოვლენებს ძალიან განიციდის და ამ გულისტკივილს ღიადაც გამოხატავს."არ ვიცი, ზუსტად რას ვიზამ. პარასკევს ივანიშვილთან შეხვედრაზე ამაზე საუბარი ასე კონკრეტულად არ ყოფილა, თუმცა ჟორჟოლიანის პოზიცია უკვე ჩვენთვის ცნობილია და ყველა თავის გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს. "ჩემი გადაწყვეტილება რიგ საკითხებზე იქნება დამოკიდებული. ვნახავ, "ოცნება" რას და როგორ გადაწყვეტს, ამიტომაც არ მინდა, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღო. "ამ კვირაში ივანიშვილს კიდევ შევხვდებით და, ალბათ, უფრო კონკრეტულადაც ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, ის მიმდინარე მოვლენებს ძალიან განიცდის. დაპირისპირება და ჩხუბი პარასკევს შეხვედრაზე არ ყოფილა, ეს ჩვეულებრივი შიდა დისკუსია იყო", - აცხადებს "რეზონანსთან" წიკლაური. საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ დატოვა. ფოფხაძემ მიზეზებზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა და თანაგუნდელები საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა“, - წერს გამოცემა.

"ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბესელია და მისი თანამოაზრეები "ოცნების" ოპოზიციაში მიდიან და არა - ბიძინა ივანიშვილის. მისი თქმით, ივანიშვილთან საქმის გაფუჭება არავის უნდა. ამიტომაც არსებობს მოლოდინი, რომ პარტიის თავმჯდომარე ამ ჯგუფებისაგან 2020 წლის არჩევნებისათვის სრულიად ახალ გუნდს შეკრებს. კაკაჩია ამბობს, რომ თავად ივანიშვილსაც ჰგონია, რომ "ოცნებამ" იმ მოცემულობით, რაც ახლა არის, თავი ამოწურა და პარტიაში მყოფ ოდიოზურ პიროვნებებთან ყოფნა მასაც აღარ სურს. აქედან გამომდინარე, გემი იძირება და ყველა გადარჩენისათვის იბრძვის. "ივანიშვილი ახლა ყველა ჯგუფს თუ მათ წარმომადგენლებს ინდივიდუალურად ხვდება და მას, როგორც ჩანს, თავისი ინტერესები აქვს, რომლისგანაც კონკრეტული დასკვნები გამოაქვს, თუმცა მას აქვს სურვილი, რომ 2020 წლამდე მინიმალური დანახარჯებით მიაღწიოს. მას არ აქვს სურვილი, რომ "ოცნება" ერთბაშად ჩამოიშალოს, რადგანაც ეს უკვე მის იმიჯს დაარტყამს და ასევე ქვეყნისთვისაც კარგი არ იქნება. "თუ უმრავლესობა მოიშალა, ამას უკვე შეიძლება, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. მას ხელისუფლების დაკარგვის შიში აქვს და ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობს, რომ გუნდი როგორმე ხელოვნურად შეინარჩუნოს. ამასობაში მას დრო ექნება, რომ ალტერნატიული კოალიციასავით რაღაც გუნდი შექმნას, რომელიც საზოგადოებისათვის უფრო მისაღები იქნება. მან კარგად იცის, რომ ამ ძველ სახეებს მოსახლეობა აღარ მიიღებს", - აცხადებს კაკაჩია. მისივე თქმით, ივანიშვილი ღიად და მკვეთრად არც ერთი ჯგუფის მიმართ პოზიციას არ აფიქსირებს. ის აკვირდება ყველას და ამ კონკურენტული ჯგუფების მეშვეობით ნახავს, რა ვარიანტები იქნება და მისთვის კარგი, მომგებიანი სვლა რომელიც იქნება, იმას აირჩევს. მით უმეტეს, რომ ახლა ამ ჯგუფების რესურსები მასაც სჭირდება და აინტერესებს, რადგანაც საზოგადოებაში ავტორიტეტი მან უკვე დაკარგა“, - წერს სტატიის ავტორი.

"ოცნების" ნგრევის, დაშლის პროცესი დაიწყო, მაგრამ ყველაფერი ივანიშვილის ხელშია" - არეშიძე

"ბევრი ის დანაპირები, რომელიც ჩვენ თვითონ ("ქართულმა ოცნებამ") გავეცით, არ შესრულდა და არც დაწყებულა შესრულება, ყველაზე მთავარია სამართლიანობის აღდგენა. თუ მეკითხებით, ამ ნაწილში ივანიშვილმა გადადგა თუ არა ქმედითი ნაბიჯები, სამწუხაროდ, არ გადადგა. (უმრავლესობა) ცხვრის ფარა არ არის, როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია. ვისაც უმრავლესობაში თავმოყვარეობა აქვს, აწუხებს იმ დანაპირების ვერშესრულება, რომელიც მთელი პარტიის სახელით მისცა მოქალაქეებს," - აცხადებს კავკასიოლოგი, "ოცნების" ძველი წევრი, მამუკა არეშიძე“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოცნების" ნგრევის, დაშლის პროცესი დაიწყო, მაგრამ ყველაფერი ივანიშვილის ხელშია" - არეშიძე

"მამუკა არეშიძის თქმით, ნგრევის, დაშლის პროცესი დაიწყო, მაგრამ რამდენად გაგრძელდება ეს, საბოლოო ჯამში, პარტიის ხემძღვანელობის ხელშია. პარტიის ბედის გადაწყვეტის თვალსაზრისით ივანიშვილზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. დეკემბრის ბოლოს, როდესაც რღვევის პირველი ნიშნები გამოჩნდა, მაშინ იყო საჭირო ხანძრის ჩაქრობა. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე ენერგიული ნაბიჯი სიტუაციას აუცილებლად შეცვლიდა. დღეს პროცესი ღრმად წავიდა, მაგრამ მდგომარეობის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება. არ ვიცი, ივანიშვილი როგორ მოიქცევა, მაგრამ თუ ერთი მხარის მხარდაჭერა გაგრძელდა, მდგომარეობა ვერ გამოსწორდება. თუმცა დღეს უმრავლესობის ზოგიერთ წევრთან მქონდა საუბარი და მათი მინიშნებებით მივხვდი, რომ პარტიის ხელმძღვანელთან გარკვეული კომუნიკაცია შედგა და რაღაც გადაწყვეტილებები მიღებულია, თუ როგორ გადაარჩინონ გუნდი“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ისე არ არის, რომ "ახლებს" დაუჭირა მხარი და "ძველებს" უშვებს. "ახლებში" ასევე არის კიდევ მცირე ჯგუფი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის გარშემოა კონსოლიდირებული და ამაზეა საუბარი, რომ მათი პოზიცია ივანიშვილისთვის უფრო მისაღებია. მისი მესმის. კობახიძისნაირი პარლამენტის თავმჯდომარე მისთვის ხელსაყრელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კობახიძის ყველა მიდგომა სასარგებლო იყოს მისთვის, ან პარტიისთვის და საქმისთვის. როდესაც ასეთი აურზაურია ქვეყანაში და უმრავლესობაში, ძალიან რთულია ეკონომიკურ და სოციალურ გარდატეხაზე ფიქრი. ირაკლი კობახიძე 2012 წელს თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობდა. ძალიან აქტიურად არ ჩანდა, ის კაბინეტის პიროვნებაა. წინა ფლანგზე გამოჩნდა 2014-2015 წლებში, გახდა პარტიის მაღალი დონის ფუნქციონერი და საორგანიზაციო საქმიანობას უძღვებოდა. როგორც ჩანს, მაშინ მან მოწონება დაიმსახურა, ამიტომ მოხდა მისი, როგორც იურისტის, საერთაშორისო ორგანიზაციებში სერიოზული გზაგავლილი ადამიანის, შერჩევა. თუმცა სულ სხვაა პარლამენტის თავმჯდომარედ მუშაობა და ქვეყნის წარდგენა მსოფლიოს წინაშე“, - განაგრძობს გამოცემა.

"არეშიძის თქმით, კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარედ რომ არ გაამართლა, ამის ნათელი მაგალითია, როგორ იშლება უმრავლესობა.ერთი კაცი ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ ყველაფერს - ვერ. ასეთი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს. საორგანიზაციო საკითხი იქნება, საკადრო საკითხი იქნება, ყველაფერში ივანიშვილი ვერ ჩაერევა. ამისთვის არიან სხვები. მოსამართლეებთან დაკავშირებით კობახიძის გუნდმა ისეთი ამინდი შექმნა, მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება, რომ ჩინჩალაძე-მუურუსიძისნაირი ადამიანები შეუცვლელები არიან და მათ შეუძლიათ, გარდამავალ პერიოდში გარკვეული ფონი შექმნან სასამართლო სისტემაში, რაც ტყუილია. ინტრიგანობა კი, იცოცხლეთ, შეუძლიათ. ბოლო შეხვედრებზე უმრავლესობის იმ წევრებმა, ვინც მაინცდამაინც აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ, თქვეს თავისი სათქმელი და აუხსნეს ივანიშვილს, რასთან გვაქვს საქმე“, - დასძენს გამოცემა.

"ვნახეთ, რომ საპნის ბუშტი გამოდგა ეს და არავინაც არ გაურიცხავთ. გარჩევა მწვავედ და ხმაურიანად დაიწყო და დამთავრდა მშვიდად. ერთმა დეპუტატმა მითხრა, რომ ჯერჯერობით უმრავლესობის შიგნით ვარ საჭირო იმისათვის, რომ ის უბედურება არ მოხდეს, რაზეც ზოგიერთია პარტიაში ორიენტირებულიო. ვინ ვის გაუშვებს, ეს კიდევ საკითხავია. იქ ცხვრის ფარა არ არის, როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია. თავის გადარჩენის მომენტიც არსებობს და ასევე იმ პრინციპების გადარჩენაც, რისთვისაც "ქართული ოცნება" იბრძოდა თავიდანვე. ადამიანებს თავმოყვარეობა აქვთ და ვისაც უმრავლესობაში თავმოყვარეობა აქვს, აწუხებს იმ დანაპირების ვერშესრულება, რომელიც მთელი პარტიის სახელით მისცა მოქალაქეებს. ასევე, არ მოსწონთ, რომ ყველა ლანძღავს და ახლა პარტიიდან რომ გავიდნენ, ეს იქნება სიტუაციის გარიდება, ამიტომ უმრავლესობის შიგნით უნდა იბრძოლონ. იმედს ვიტოვებ, რომ ეს შეიცვლება. საკმარისია მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის საკითხი მათთვის დადებითად გადაწყდეს, ეს საშინელ კატაკლიზმს გამოიწვევს პარტიაში და, აქედან გამომდინარე, ქვეყანაში. საზოგადოების დამოკიდებულებას თუ არ გაიგებს პარტიის ხელმძღვანელობა, ცუდად დამთავრდება ყველაფერი. როცა ამ ფორმით სვამთ კითხვას, ივანიშვილმა უღალატა თუ არა საკუთარ პრინციპებს, ამაზე მკაფიო პასუხი არ არსებობს. რასაკვირველია, ბევრი ის დანაპირები, რომელიც ჩვენ თვითონ ("ქართულმა ოცნებამ") გავეცით, არ შესრულდა და არც დაწყებულა შესრულება, ყველაზე მთავარია სამართლიანობის აღდგენა. თუ მეკითხებით, ამ ნაწილში ივანიშვილმა გადადგა თუ არა ქმედითი ნაბიჯები, სამწუხაროდ, არ გადადგა. იმიტომ კი არა, რომ უღალატა, არამედ იმიტომ, რომ მიაჩნია, ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებისთვის საჭიროა კომპრომისი, კოაბიტაცია. მე ასე არ მიმაჩნია. არ მიმაჩნია ეს ივანიშვილის მხრიდან ღალატად, მაგრამ შეცდომად მიმაჩნია“, - წერს სტატიის ავტორი.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს