ლევან ხაბეიშვილი - კახა კალაძემ პარკირებასთან დაკავშირებით თბილისელები კიდევ ერთხელ მოატყუა და გააცურა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პარკირებასთან დაკავშირებით თბილისელები „კიდევ ერთხელ მოატყუა და გააცურა“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა, პარკირებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ახსოვს, რომ კახა კალაძემ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ადმინისტრირებიდან ტაშფანდუით გაიყვანა „სითი პარკი“, თუმცა მოსახლეობის პარკირების პრობლემები ამით არ გადაწყვეტილა.

„სითი პარკის“ სახელთან კი არ ჰქონდა თბილისელებს პრობლემა, არამედ პრობლემა იყო პარკირების ადგილები. ჯარიმები იყო დიდი და საურავები ერიცხებოდათ მოქალაქეებს. მათ შორის, ავტომობილების გადაყვანა ხდებოდა საჯარიმო სადგომზე. დღეს რა შეიცვალა? არც ერთი საპარკინგე ადგილი არ დამატებია თბილისს, ჯარიმები არის იგივე, საურავებიც იგივე. ადრე თუ ავტომობილი „სითი პარკს“ გადაყავდა, ახლა სატრანსპორტო სამსახურს გადაყავს იგივე სახით, ანუ, ადმინისტრირება არის აბსოლუტურად იგივე, ერთადერთი რაც იცვლება პარკირებასთან დაკავშირებით არის საფასური“, – განაცხადა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

მისივე თქმით, თუ პარკირების საათობრივი საფასური 50 თეთრი გახდება, 5–6 საათით პარკინგზე ავტომობილის გააჩერების შემთხვევაში მფლობელს დღეში დაახლოებით 3 ლარის გადახდა მოუწევს, თვეში დაახლოებით 70–80 ლარის, ხოლო წელიწადში – 700–800 ლარის. ხაბეიშვილის განმარტებით, მანამდე საპარკინგე ადგილი წელიწადში 50 ლარი ღირდა.

ამასთან, ხაბეიშვილმა იმის შესახებაც ისაუბრა, პარკირების თანხებით რამდენად გაიზრდება თბილისის ბიუჯეტი.

მისივე თქმით, ლოგიკა, რომ პარკირების საფასურს გავზრდით და შედეგად ქალაქში აღარ იქნება საცობები, „ანეკდოტია და წარმოუდგენელია“. ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქში შესაბამისად არ არის განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მოქალაქეები ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასხდნენ.

„2014 წლამდე, წინა ხელისუფლების დროს, დედაქალაქის ბიუჯეტში ჯარიმების სახით შედიოდა 20 მლნ ლარი. წელს კალაძეს დაგეგმილი აქვს 40 მლნ ლარი. 2–ჯერ მეტს ამოიღებენ მოსახლეობის ჯიბეებიდან, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. ვინმეს ორჯერ მოემატა ხელფასი, ან ორჯერ გაეზარდა შემოსავალი? – არა. პირიქით, ორჯერ გაღარიბდნენ მოქალაქეები. დავით ნარმანიასთან შედარებითაც კი 12 მლნ ლარით მეტის ამოღებას გეგმავს კალაძე. თავიდან საუბრობდნენ, რომ საათობრივი 20 თეთრი იქნებოდა, ახლა ამბობენ, რომ 50 თეთრი იქნება. დაფიქრდნენ თბილისელები, კალაძე რამდენად კარგი მერია. ჩვეულებრივი თაღლითი და აფერისტია, რომელიც ადგა და თბილისელები მოატყუა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, მათი ფრაქცია იბრძოლებს, რომ მერიის მიერ დაგეგმილი ეს ცვლილებები საკრებულომ არ მიიღოს ან გადავადდეს.

პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, თუმცა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული გადასახადი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო