ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის, ჭაბუკა ლემონჯავას საქმეზე ცხრა მოწმე დაიკითხა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის, ჭაბუკა ლემონჯავას საქმეზე ცხრა მოწმე დაიკითხა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე შოთა ბიჭიამ ფოთის საავადმყოფოს ექთანს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებს და ექსპერტ-კრიმინალისტებს მოუსმინა. ფოთის საავადმყოფოს ექთნის, ლია ხურციას ინფორმაციით, მათთან შეყვანისას ლემონჯავას თავის არეში სიწითლე აღენიშნებოდა და თავს ცუდად გრძნობდა.

„მისი გამოკვლევების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საავადმყოფოში დაეტოვებინათ. საავადმყოფოში დაახლოებით ექვსი დღის განმავლობაში იყო. დიაგნოზი არ ვიცი, თუმცა მკურნალობა დაუნიშნეს, ისეთი, რაც ტვინის შერყევის მქონე პაციენტებს ენიშნებათ“, -აღნიშნა ხურციამ.

ექსპერტები, რომლებმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს და შესაბამისი ნივთმტკიცებები ამოიღეს, დეტალებს ვერ იხსენებენ. მათი თქმით, მომხდარიდან დიდი დრო გავიდა და ყველაფრის გახსენება უჭირთ.

დღესვე დაიკითხა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გიორგი ხაჭვანი. მისი თქმით, ის შემთხვევის ადგილას შეტყობინების საფუძველზე მივიდა.

„შემთხვევის ადგილას რომ მივედი, მანქანიდან გადმოსვლისთანავე ასმეთაური მოვიდა და გვითხრა, რომ ჩვენი ადგილზე დარჩენის საჭიროება არ იყო და გაგვეგრძელებინა პატრულირება. ამ დროს დავინახე ჭაბუკა ლემონჯავა აქეთ-იქით დადიოდა, სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული“, - განაცხადა ხაჭვანმა.

კიდევ ერთმა მოწმემ, პოლიციის თანამშრომელმა ვლადიმერ ნადარაიამ, რომელიც შემთხვევის ადგილას ყველაზე ადრე მივიდა, სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ჩასარიცხი აპარატი გატეხილი იყო, მის წინ ადამიანი იწვა და იქვე ეგდო რკინის ჩაქუჩიც.

„შეტყობინება შემოვიდა, რომ რევაზ საჯაიას სჭირდებოდა დახმარება. ადგილზე მივედით ათ წუთში. პირდაპირ გავემართე აპარატთან. ის გატეხილი იყო. მის წინ იწვა ადამიანი, თავთან სისხლის გუბე იდგა. იქვე ეგდო რკინის ჩაქუჩიც“, - განაცხადა ნადარაიამ.

შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცავებმა ლემონჯავას კუთვნილი იარაღი ექვსი მჭიდით, ჩაქუჩი და ერთი ვაზნა ამოიღეს. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. სასმართლომ ასევე უნდა მოუსმინოს ერთადერთ პირდაპირ მოწმეს, რომელიც შემთხვევის ღამეს ჭაბუკა ლემონჯავასთან ერთად მორიგეობდა.

2018 წლის 23 ივლისს მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ საქმე სს კოდექსის 333-ე მუხლის 3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით აღძრა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს