ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმაში ცვლილებებზე იმსჯელეს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმაში ცვლილებებზე იმსჯელეს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმაში ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, საბჭოს სხდომას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები დაესწრნენ.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ქვემო ქართლის რეგიონს 7 300 000 ლარი დაემატა, აღნიშნული თანხით, რუსთავში, თეთრიწყაროში, ბოლნისსა და დმანისში დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

"ჩვენ 7 300 000 ლარი დაგვემატა რეგფონდიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს დამატებით რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს განვახორცილებთ. დღეს, სწორედ ეს პროექტები განვიხილეთ და მოვიწონეთ. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქვემო ქართლისათვის 29 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, როგორც აღვნიშნე, დაგვემატა 7 მილიონ ლარზე მეტი და ჯამში 36 000 000 ლარი გვექნება. წელს, ეს თანხა არ იქნება საბოლოო, რადგან გაგვიორმაგდა სოფლის მხარდაჭერის პროექტის, სტიქიის პრევენციისა და სკოლების დაფინანსება. ძალიან ბევრი მიმართულებით, ისეთი პროექტებია, რომლებიც გამოსაყოფ თანხაში სრულად აისახება და ცენტრალური ბიუჯეტიდან, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებისათვის ჯამში 55 000 000 ლარის ღირებულების პროექტები გვექნება შესასრულებელი", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განაცხადებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი დამატებითი თანხით, რუსთავში კიდევ ორი ინფრასტრუქტურული პროექტის, კერძოდ კოსტავას გამზირზე, შენობების ფასადების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და #17-ე ბაგა-ბაღის ერთი ფლიგელის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

„საბჭოს წევრებმა, დღევანდელ სხდომაზე რეგიონის მასშტაბით უკვე დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს და სამუშაოების მიმდინარეობა შეაფასეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.