ადგილობრივების განცხადებით, ფოთში, პალიასტომის ტბის მიმდებარედ სამედიცინო ნარჩენებია დაყრილი

მოსახლეობის განცხადებით, ფოთში, პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას მიმდებარე ტერიტორიაზე სამედიცინო ნარჩენებია დაყრილი, რაც საფრთხის შემცვლელია.

მოსახლეობა აცხადებს, რომ იქვეა საძოვრები, სადაც საქონელი გაჰყავთ. ისინი შესაბამის უწყებას დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვენ.

„ვინ დაყარა ეს სამედიცინო ნარჩენები, ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან საშიშია, ინფექციის მატარებელია და რომ უნდა დაიმარხოს, ეს ყველამ იცის. აქ საძოვრებია, საქონელმა რომ შეჭამოს, ჩვენც საფრთხე გვემუქრება. ამ საკითხით დაინტერესებული აქ მოსული არავინ მინახავს. შესაბამისი სამსახური უნდა მოვიდეს, ნახოს და სათანადო ზომები მიიღოს“, - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები გოგი აბურჯანია.

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სამედიცინო ნარჩენები სახიფათო ნარჩენების კლასს მიეკუთვნება და მისი გატანა-უტილიზაცია ლიცენზირებულმა ფირმამ უნდა მოახდინოს. მათივე თქმით, დაიწყება მოკვლევა თუ საიდან აღმოჩნდა სამედიცინო ნარჩენები აღნიშნულ ტერიტორიაზე.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა აღნიშნული ფაქტის დაფიქსირება, შესაბამისად ჩვენც მივიღეთ შეტყობინება. ადგილობრივი ზედამხედველობის სამსახური ამ ეტაპზე ახორციელებს სწრაფ რეაგირებას, რადგან არსებული ნარჩენები წარმოადგენს სახიფათო ნარჩენების კლასს, რაც გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებაში წარმოქმნილ ნარჩენებს. პრევენციის მიზნით, სასწრაფოდ მისაღებია მისი გატანისა და ლიკვიდაციის ზომები. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლობს მოკვლევა დაწყებული აქვთ, თუ საიდან აღმოჩნდა ეს ნარჩენები აღნიშნულ ტერიტორიაზე და ამ პროცესში ჩვენც ვართ ჩართულები,“- განუცხადა ჟურნალისტებს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჯგერენაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა