მირდატ ქამადაძე - არსებობს ეჭვი, რომ კომპანიამ, რომელსაც სამტრედიაში საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შეჰქონდა, აღნიშნული ხორცი ბათუმის საბავშვო ბაღებშიც შეიტანა

მირდატ ქამადაძე - არსებობს ეჭვი, რომ კომპანიამ, რომელსაც სამტრედიაში საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შეჰქონდა, აღნიშნული ხორცი ბათუმის საბავშვო ბაღებშიც შეიტანა

საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ კომპანიას, რომელსაც სამტრედიაში საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შეჰქონდა, ბათუმის საბავშვო ბაღებშიც შეიტანა, რადგან ტენდერში აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცხენის ხორცის დადასტურების შემთხვევაში ბათუმის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დადგება, რადგან ეს პირები მიზანმიმართულად საბავშვო ბაღებსა და უფასო სასადილოებში მოკვლევას არ აწარმოებენ.

„სამტრედიაში, სადაც საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შეჰქონდა კომპანიას, მისი წარმომადგენელი დააკავეს. სწორედ აღნიშნული კომპანია ბათუმის საბავშვო ბაღებს ხორცით ამარაგებს. საკრებულოს სხდომაზე დღეს დავაყენეთ საკითხი, რომ ეს საქმე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ შეისწავლოს. შესწავლის გარეშე ცალსახად გვიდასტურებს ქალაქ ბათუმის მერიც და საკრებულოს თავმჯდომარე, რომ ასეთი რამ ბათუმის საბავშვო ბაღებში არ ხდება. სიტყვაზე არ უნდა ვენდოთ ამ ადამიანებს, რადგან იმ პირმა, რომელმაც სამტრედიის საბავშვო ბაღებს ცხენის ხორცი მიაწოდა, ამის საფუძვლიანი ვარაუდიც არსებობს, რომ ბათუმის საბავშვო ბაღები და უფასო სასადილოები ცხენის ხორცით მოამარაგა. პრევენციის მიზნით საკითხის დეტალური შესწავლა მოვითხოვეთ, რადგან ბათუმში ლაბორატორია არ არსებობს, რომელიც ხორცის ჯიშს განსაზღვრავს. დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს ყველა დოკუმენტაცია, რის საფუძველზე იღებენ ხორცს დაწესებულებებში, რა კვლევები აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ფაქტს თუ აქვს ადგილი, ბათუმის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დადგება იმიტომ, რომ აღნიშნული პირები ამ კომპანიაზე გადაფარებული არიან",- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.