სალომე სამადაშვილი - რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვასა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიისთვის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმდა, მოვითხოვთ, მის გასაჯაროებას

დღეს ჩვენი გადასახადის გადამხდელების სახსრები საოკუპაციო რეჟიმის დახმარებისთვის, მისი სუბსიდირებისთვის გამოიყენება,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციისთვის ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას გადაწყვეტილებით გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთიდან 45 მილიონი კვ/სთ ელექტროენერგიის შესყიდვისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიისთვის უფასოდ მიწოდების შესახებ. სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, საჯარო გახადოს აღნიშნული ხელშეკრულების დეტალები.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი ყველანაირად ამყარებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიას, ზრდის საკუთარ სამხედრო ინფრასტრუქტურას ამ რეგიონებში, საქართველოს მთავრობამ, კერძოდ, მინისტრმა ქობულიამ მიიღო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, სუბსიდირება გაუკეთოს ოკუპირებული ტერიტორიების ენერგოსისტემას ქართველი გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან. კონკრეტულად, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქობულიას დავალებით გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთიდან 45 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის შესყიდვისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიისთვის უფასოდ მიწოდების შესახებ, რასაც განახორციელებს საქართველოს ენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის „ესკოს“ და რუსულ კომპანია “ინტერაოს“ შორის გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე. „ენგურჰესის“ მეშვეობით რეალურად უკვე ვუკეთებდით სუბსიდირებას აფხაზეთის ენერგოსისტემას, 55% მიეწოდებოდა სწორედ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას. მაგრამ, როგორც ჩანს, გაჩნდა დეფიციტი და მის დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე 7 მილიონი ლარი დაიხარჯა. იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივად გადასახადის გადამხდელების სახსრები გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის დახმარებისთვის, მისი სუბსიდირებისთვის, რომ ფაქტობრივად ვაფინანსებთ რუსი სამხედროების სამხედრო ბაზებს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში, უფლება გვაქვს, მოვითხოვოთ ამ ხელშეკრულების ყველა დეტალის გასაჯაროება. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, სახელმწიფო ინტერესებში რამდენად შედის მსგავსი კონტრაქტის გაფორმება. საკითხავია, სანაცვლოდ რას იღებს ჩვენი სახელმწიფო დეოკუპაციის თვალსაზრისით, რეალურად არანაირი პროგრესი არ გვაქვს, რუსეთის ხელისუფლება სულ უფრო აგრესიულ განცხადებებს აკეთებს. გამოვითხოვეთ ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან, ჯერჯერობით არ გასცემენ ინფორმაციას და ითხოვენ, წერილობით მივმართოთ, რის შემდეგაც გაასაჯაროვებენ, მაგრამ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს კერძო ინტერესებთან. როგორც ჩანს, რაღაც კავშირები არსებობს შესაბამის რუსულ კომპანიებთან და მათი და რუსების საოკუპაციო ინტერესები ბევრად პრიორიტეტულია დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ვიდრე ის, თუ რაში დაიხარჯება ჩვენი გადასახადის გადამხდელების სახსრები“, - განაცხადა სამადაშვილმა.­­

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა