ნინო ბურჯანაძე - ეუთო-ს დასკვნა ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის სავარძელი იყიდა

მე ველოდებოდი ეუთო-ს ასეთ დასკვნას, რადგან წარმოუდგენელი იყო, მას თვალი დაეხუჭა ისეთ უკანონობაზე და კანონის უხეშ დარღვევაზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამ დოკუმენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან მთელი მსოფლიო დარწმუნდა იმაში, რაზეც აქამდე მხოლოდ ჩვენ, ოპოზიცია ვსაუბრობდით, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძე აღნიშნულ დოკუმენტს, როგორც უმძიმეს დასკვნას, ისე აფასებს და მიაჩნია, რომ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი დოკუმენტის გამოქვეყნება, პრეზიდენტის ლეგიტიმაციის საკითხს დააყენებდა.

„მე პირადად ასეთი დასკვნა საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს, დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი ქმედებები არის დასჯადი, როგორც საარჩევნო კანონმდებლობით, ასევე სისხლის სამართლის კოდექსით. ეუთოს დასკვნა ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის სავარძელი იყიდა. გაჭირვებული ხალხის საბანკო ვალები ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის გაახსენდა. სოციალურად დაუცველებს არჩევანის უფლება არ მისცა, რადგან სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრა. ამის შემდეგ არ მგონია ვინმეს კითხვა გაუჩნდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები იყო ფალსიფიცირებული, გაყალბებული, მოსყიდვით, შანტაჟით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მოგებული და შესაბამისად ლეგიტიმაციაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მისი განმარტებით, ხელისუფლება იმდენად ცინიკური და თავხედია, რომ ყველაფრის მიუხედავად, დაჟინებით იმეორებს თუ როგორი მაღალი დემოკრატიულობით ჩაატარეს არჩევნები და თურმე არ ეთანხმებიან ეუთოს დასკვნას.

„ნუ დაეთანხმებით, მთელი მსოფლიო ეთანხმება და თქვენ რას იტყვით რა მნიშვნელობა აქვს?! ბიძინა ივანიშვილს მოუწევს მძიმე საფასური გადაიხადოს 2018 წლის არჩევნების გაყალბებისთვის და თუ კიდევ 2020 წელს ის გაბედავს და შეეცდება კვლავ გაყალბებას, შანტაჟს, მუქარას, მას ეს არ შერჩება. ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება გადაჰყვება თავიანთ უგუნურებას. ეუთო-ს დასკვნამ, ოპოზიციას კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვცა რადიკალურად მოვითხოვოთ საარჩევნო სისტემის შეცვლა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენი, 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტიის შეხვედრა და შეთანხმება, ნამდვილად სწორი და დროული იყო. ასევე, ეუთო-ს ეს დასკვნა კიდევ მეტ მორალურ უფლებას გვაძლევს, რომ როგორც ხელისუფლება და საზოგადოება, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა გავაფრთხილოთ, თუ იგივე პრინციპით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, მაშინ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და რევოლუცია გარდაუვალი იქნება“, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა