აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ მედალოსანი კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, 2016-2017 წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები მედლებით დააჯილდოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრა მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. მერთან ერთად, მერის მოადგილემ, ირაკლი პერტენავამ მედლები და სერთიფიკატები კურსდამთავრებულებსა და იმ ახალგაზრდების მშობლებსაც გადასცა, რომლებიც შეხვედრას არ ესწრებოდნენ.
„გილოცავთ ამ მნიშვნელოვან ჯილდოს, ჩემთვის დიდი პატივია, პირადად გადმოგცეთ ოქროსა და ვერცხლის მედლები. თქვენთან ერთად ვულოცავ სკოლას, პედაგოგებს, მშობლებს, თქვენი წარმატება მათი დიდი დამსახურებაა. საბედნიეროდ, თითოეული თქვენგანი დღეს სტუდენტია. გისურვებთ, წარმატებით გაგევლოთ ეს ბედნიერი ხანა, მიიღეთ კვალიფიციური განათლება, გახდით თქვენ მიერ არჩეული პროფესიის საუკეთესო მსახურნი, თქვენ უკან არ დგანან მხოლოდ მშობლები და ოჯახის წევრები. თქვენც და თითოეული ჩვენგანიც ვეკუთვნით იმ ულამაზეს ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია. მერწმუნეთ, ყველაზე დიდი ბედნიერება სამშობლოს წინაშე სამსახურია. თქვენი ენერგია, განათლება, ინტელექტი, დღეს საოცრად სჭირდება ჩვენი ერის მომავალს. გისურვებთ წარმატებებს“, - მიმართა ლევან მაკალათიამ კურსდამთავრებულებს.
მედალოსნებს წარმატება მიულოცა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მერაბ მიგინეიშვილმაც. 2016-2017 სასწავლო წელს აბაშის მუნიციპალიტეტს 11 ოქროსა და 5 ვერცხლის მედალოსანი ჰყავდა. დაჯილდოების ცერემონიალს სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

























