ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია მრავალშვილიან დედებს სახლში ესტუმრა და დედის დღე ყვავილებით, ტკბილეულითა და სასურსათო ნობათით მიულოცა.
“ყველა დედა დასაფასებელია, რომელიც სოციალური სიდუხჭირის მიუხედავად ზრუნავს ქვეყნის დემოგრაფიის განვითარებაზე. ჩვენი მოვალეობა კი მათი გვერდით დგომაა“, -აღნიშნა მერმა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორჯომში რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება 4 და მეტშვილიანი ოჯახების პროგრამა, რომელიც ასეთი ოჯახებისთვის ყოველთვიურ დახმარებას ითვალისწინებს. მუნიციპალიტეტი ფულადი თანხით ეხმარება მათ ასევე ახალი წლის, აღდგომისა და დედის დღესთან დაკავშირებით.
პროგრამაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოთხი და მეტშვილიანი 96-ვე ოჯახია ჩართული. “მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ეს დღე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს ქეთევან ლაღიძესაც მიულოცა და მას ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და მხნეობა უსურვა. ქალბატონი ქეთევანი დაბა წაღვერის მკვიდრია. მას თებერვლის თვეში 100 წელი შეუსრულდა“, - ნათქვამია ბორჯომის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























