ზურაბ აბაშიძე - სიტყვა პროგრესი, წინსვლა, გაუმჯობესება არასდროს გვიხსენებია ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ვამბობთ, რომ ურთიერთობები ჩიხშია შესული

ჩვენ სიტყვა პროგრესი, წინსვლა, გაუმჯობესება არასდროს გვიხსენებია ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები არის ჩიხში შესული, მიმდინარეობს ქართული ტერიტორიების ოკუპაცია და იქ ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, მიუხედავად ამისა, ქართული მხარე ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან.

„ჩვენ სიტყვა პროგრესი, წინსვლა, გაუმჯობესება არასდროს გვიხსენებია ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები არის ჩიხში შესული, მიმდინარეობს ქართული ტერიტორიების ოკუპაცია და იქ ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება. ამავე დროს, ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან, გვაქვს ამ ქვეყანასთან ვაჭრობა, გვაქვს ჰუმანიტარული კავშირები, ტურიზმი, რაც პრინციპში ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავუხატოთ რეალური სურათი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებობს. ამიტომ გვაქვს მუდმივი კონსულტაციების რეჟიმი. ამ კვირაში მაქვს რამდენიმე შეხვედრა ამერიკელ კოლეგებთან, ევროკავშირის ელჩთან და ა.შ. ბიძინა ივანიშვილსაც სიამოვნებით შევხვდები, მასთან მაქვს კარგი, ადამიანური ურთიერთობები, ამჯერად ასეთი შეხვედრა ნამდვილად არ იგეგმება“, - განაცხადა აბაშიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას, როგორ აბაშიძემ აღნიშნა, სხდომაზე არც ერთი საკითხი პასუხგაუცემელი არ დარჩენილა.

„გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი, დეტალური საუბარი იმ თემებზე, რაც პარლამენტარებს აინტერესებდათ და აინტერესებთ როგორც ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ საკმაოდ ამომწურავად ისაუბრა, ასევე მე ვისაუბრე პრაღის შეხვედრაზე. მე არ მაქვს განცდა და არც სხდომაზე დაფიქსირებულა, რომ რაღაც დარჩა პასუხგაუცემელი. არაფერი კითხვა არ დასმულა, რაზეც საჯაროდ არ ვისაუბრეთ სხდომის დაწყებამდე. საერთო ჯამში, შეხვედრა იყო საქმიანი, სასარგებლო. თუ მივაღწევთ იმას, რომ 2011 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებით იქნება აზრთა ერთიანობა ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, ეს ძალიან სასარგებლო იქნება და წაადგება ამ საკმაოდ რთული პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნა აბაშიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა