რუსთავის მერმა ლაშა ტალახაძეს უმასპინძალა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილს, ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს გიორგი ასანიძეს, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონსა და რეკორდსმენს, ლაშა ტალახაძეს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.
რუსთავის მერიაში გამართულ შეხვედრას, რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და ქალაქის საკრებულოს დეპუტატებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და ძალოსნობის პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, მათ შორის რუსთავში ახალგაზრდა სპორტსმენების საწვრთნელი ბაზის მშენებლობის გეგმა განიხილეს.
"ძალიან შთამბეჭდავ დელეგაციას ვუმასპინძლეთ დღეს. შევხვდით ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებსა და ჩვენ სახელოვან სპორტსმენებს,რომელთაც გამონახეს დრო და ჩამოვიდნენ ქალაქ რუსთავში. შეხვედრაზე განვიხილეთ ინიციატივა, რუსთავში საწრთვნელი ბაზის მშენებლობის თაობაზე. გვინდა, რომ ერთი დიდი კომპლექსი გაკეთდეს, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა იმისათვის, რომ სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო განვითარდეს“, - განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ. "ყოველთვის სასიამოვნოა იმ ხალხთან ერთად ყოფნა, რომლებიც ზრუნავენ ჯანსაღი ცხოვრების წესზე და სპორტზე. შეხვედრაზე განვიხილეთ ინიციატივა, რომელიც ეხება ძალოსნებისთვის ახალი ბაზის მშენებლობას რუსთავში, რომელიც გვესაჭიროებოდა. ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრებას, შეჯიბრებებზე კარგი შედეგების მიღწევას და ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებების მოტანას“, - განაცხადა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა.
შეხვედრის დასასრულს, ირაკლი ტაბაღუამ ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და საჩუქრად, რუსთავის ნაქალაქარზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, 1230 წლით დათარიღებული, რუსუდან დედოფლის მონეტის ასლი გადასცა.

























