საია - საჯარო სამსახურის რეფორმით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვა ხარვეზებით მიმდინარეობს

საჯარო სამსახურის რეფორმით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვა სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატში ხარვეზებით, რიგ შემთხვევებში, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა, რომელიც სამინისტროებიდან და სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციას ეფუძნება.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არ მოგვაწოდეს საჯარო ინფორმაცია, შესაბამისად, წარმოდგენილი კვლევა არ მოიცავს აღნიშნულ სამინისტროებში არსებულ ვითარებას“,- განაცხადა სალაძემ.

კვლევა ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საჯარო სამსახურში მიღება; პროფესიული საჯარო მოხელის შეფასება; საჯარო დაწესებულების მიერ რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების რაოდენობა და მათი მობილობის წესით დასაქმებას, რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისათვის გადახდილი კომპენსაციის ოდენობას.

„სამინისტროების მიერ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე პირების უკონკურსოდ დასაქმების მაჩვენებელი 2-ჯერ აღემატება კონკურსის საფუძველზე დასაქმებული პირების რაოდენობას, რაც, ერთი მხრივ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისათვის არსებულ გამარტივებულ კონკურსს აზრს უკარგავს და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის ნეპოტიზმის რისკებს საჯარო დაწესებულებაში“,- განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ნინო ცუხიშვილმა.

მისივე თქმით, რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების სხვა სამინისტროებში მობილობის დაბალი მაჩვენებელია და სამინისტროების მიერ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისათვის გადახდილი კომპენსაციის ოდენობა ძალიან მაღალია.

„სამინისტროებმა ვერ უზრუნველყვეს საჯარო მოხელეთა საქმიანობის შეფასების შედეგების გონივრული და პროპორციული გადანაწილება, რაც საჯარო მოხელეთა მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე ობიექტური სურათის დანახვის შესაძლებლობას არ იძლევა“- აცხადებს ნინო ცუხიშვილი.

რეკომენდაციის სახით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს სამინისტროებს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე პირის მისაღებად, როგორც წესი, გამოაცხადონ გამარტივებული კონკურსი და უკონკურსოდ მიღება დაუშვან მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც საჯარო დაწესებულების ფუნქციონირება შეიძლება მნიშვნელოვნად შეფერხდეს; სამინისტროებმა შესაფასებელი წლის დაწყებისთანავე დაამტკიცონ პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების წესი და მეთოდოლოგია, დროულად ჩაატარონ შუალედური შეფასებები და უზრუნველყონ შეფასების შედეგების გონივრული და პროპორციული გადანაწილება საჯარო მოხელეთა შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით; სამინისტროებმა ხელი შეუწყონ რეორგანიზაციის საფუძველზე შტატების შემცირების შედეგად გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა მობილობის წესით გადაყვანას, როგორც სამინისტროს სისტემაში, ასევე სხვა სამინისტროში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო