შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა

შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები.

„შეწყალება, სასამართლო სისტემა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა სწორედ ისეთი საკითხებია, რომლებიც დღეს საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს.

შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას.

ამნისტია ზოგად კრიტერიუმებზე დაფუძნებული სრულიად სხვა სამართლებრივი ფორმაა, რომელიც მოიცავს სასჯელისგან გასათავისუფლებელ პირთა ფართო წრეს.

პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არც პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შემცვლელია და არც სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი.

შეწყალების დისკრეციული უფლება ნიშნავს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმის შერჩევას, სადაც უპირატესობა ჰუმანურ პრინციპებს ენიჭება.

ამ პრინციპების ზედმიწევნით დაცვა ნიშნავს იმას, რომ შეწყალების აქტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ეს ასევე შეამცირებს რისკებს საზოგადოებისთვის, რომლებიც ყოველთვის თან ახლდა მასობრივ შეწყალებას.

გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა. კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები.

იგი განიხილავს იმ განცხადებებს, რომლებიც დააკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს და მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს. საბოლოო გადაწყვეტილება კი რჩება პრეზიდენტის პრეროგატივად.

გადაწყვეტილების მიღებისას ვერ იქნება გათვალისწინებული პირადი, სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის ჩარევები.

შეწყალება გამორიცხავს იმასაც, რომ საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს განემარტოს რომელიმე კონკრეტულ საქმეზე შეწყალების მიღების, ან მასზე უარის თქმის, საფუძველი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა