გაერთიანებული ოპოზიცია „საქართველოს კულტურის პალატისთვის" ქუთაისში შენობის და მიწის ნაკვეთის გადაცემას აპროტესტებს

გაერთიანებული ოპოზიცია „საქართველოს კულტურის პალატისთვის" ქუთაისში შენობის და მიწის ნაკვეთის გადაცემას აპროტესტებს

„საქართველოს კულტურის პალატისთვის" ქუთაისში 2104 კვ.მ ფართობის შენობის და 6 420 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთის გადაცემას გაერთიანებული ოპოზიცია აპროტესტებს. როგორც საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ ბრიფინგზე განმარტა, კულტურის პალატის თავმჯდომარის დავით ოქიტაშვილისთვის ობიექტის უსასყიდლოდ გადაცემით, ხელისუფლება მის მიმართ მადლიერებას გამოხატავს.

შუშანია ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ქუთაისში კულტურის სფეროს ოქიტაშვილისთვის ჩაბარებას გეგმავს.

"მიგვაჩნია, რომ დავით ოქიტაშვილს ქონება გადასცეს იმ განცხადებების საფასურად, რასაც ის აკეთებს და ამით აჯილდოებენ. სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში ყოფნის დროს განაცხადა, რომ ქუთაისი უნდა გახდეს კულტურის ცენტრი და ალბათ, ოქიტაშვილისთვის აპირებენ ამ სფეროს ჩაბარებას. დაუშვებელია, ოქიტაშვილისნაირ ადამიანს უსასყიდლოდ მისცენ ქალაქის ქონება, ასევე შეურაცხყოფაა ქუთაისისთვის ასეთ ოდიოზურ ფიგურას ჩააბარონ მისი კულტურა", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

"ქუთაისი არენა" სულხან-საბას გამზირზე მდებარეობს, სადაც საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით კონცერტები ტარდება. მისთვის ქონების გადასაცემად ქუთაისში რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა.