მთიან აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები დაიწყება

მთიან აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები დაიწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მთიან აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს გეგმავს. მიმდინარე წელს ტრენინგების პირველი ეტაპი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში ჩატარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სასტუმრო სახლის მართვა, კვების ობიექტების მენეჯმენტი, მზარეულების ტრენინგი და ინგლისური ენის კურსი - ეს ძირითადი ჩამონათვალია იმ ტრენინგების, რომლებსაც კურორტ გოდერძის, სოფელ დანისპარაულისა და დაბა ხულოს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლები გაზაფხულზე გაივლიან.

ტრენინგები თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს ითვალისწინებს. მათი უმრავლესობა ხულოს მუნიციპალიტეტში პირველად ჩატარდება. რაც შეეხება ინგლისური ენის ტრენინგ-კურსს, მისი ორი ეტაპი კურორტ გოდერძისა და სოფელ დანისპარაულის კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს 2018 წელს ჩაუტარდათ. წელს მათთვის უკვე კურსის მესამე ეტაპი დაიწყება.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია რეგიონში სერვისის გაუმჯობესება და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, რომელსაც ბოლო წლებია, აქტიურად ვახორციელებთ. დღემდე ტურიზმის სექტორში დასაქმებული 2700-ზე მეტი ადამიანის გადამზადება შევძელით და ეს პროცესი, ბუნებრივია, გრძელდება. ჩვენი მიდგომა კომპლექსურია და სერვისის გაუმჯობესებასთან ერთად, ის ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირებას, ტურისტული პროდუქტების შექმნას, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და პოპულარიზაციას ითვალისწინებს. შედეგად, რეგიონში მზარდია საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაც, რომელმაც გასულ წელს 2,1 მილიონს გადააჭარბა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტები სამომავლოდაც უცვლელი იქნება, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.