ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2019

გადადგა თუ არა თეა წულუკიანი და მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები
“ოცნების” ლიდერი მიხვდა, რომ მონებისგან პოლიტიკურ პარტიას ვერ შექმნის” - კახა მიქაია
* * *
გადადგა თუ არა თეა წულუკიანი და მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები
“მმართველ პარტიაში უკვე ღიად საუბრობენ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე. ეს ცვლილებები, როგორც ამბობენ, ისედაც დაგეგმილი იყო, მაგრამ თიბისი ბანკის გარშემო აგორებულმა სკანდალმა რაღაცები შეცვალა და “ოცნება” იძულებულია პროცესები დააჩქაროს. 8 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა დატოვა. ეს ინფორმაცია “ოცნებაში” დაუდასტურეს რამდენიმე მედიასაშუალებას, თუმცა საჯაროდ იუსტიციის მინისტრის გადადგომას არავინ არ ადასტურებს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით გადადგა თუ არა თეა წულუკიანი / დავით ზალკალიანი და დავით ბაქრაძე თანამდებობებს ცვლიან.
“არის ვარაუდი, რომ ეს ამბავი მომავალ კვირას, სამუშაო დღეებში გახმაურდება. ოპოზიცია და ხელისუფლების მოწინააღმდეგეები უკვე ზეიმობენ წულუკიანის წასვლას. მის გადადგომას დიდი ხანია ითხოვენ ოპონენტები, მაგრამ ივანიშვილი მას აქამდე ვერ შეელია. ხმები მისი შესაძლო გადადგომის შესახებ ადრეც გავრცელდა. იმ პერიოდისთვის “ოცნება” ჯერ კიდევ მყარად იდგა ფეხზე და არც ეკა ბესელიას ეჩვენებოდა მურუსუძე პირსისხლიან ჯალათად. მაშინ “ოცნების” კულუარებში ითქვა, რომ წულუკიანი საფრანგეთში საქართველოს ელჩად დაინიშნებოდა. მის ადგილს კი პარლამენტის ვიცე-სპიკერი დაიკავებდა, თუმცა წულუკიანს ივანიშვილი ვერ ელეოდა... “ოცნებასთან” დაახლოებული წყაროს თქმით, იუსტიციის მინისტრის გადადგომა შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებასთან იყოს დაკავშირებული. როგორც წყარო ამბობს, იუსტიციის მინისტრს და ღარიბაშვილს დიდი უთანხმოება აქვთ. ყველას ახსოვს დრო, როცა ბევრს საუბრობდნენ პრემიერ ღარიბაშვილის ნათესავებზე. პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ ღარიბაშვილის “კეთილისმსურველებმა” პრემიერის ნათესავებზე მასალები ივანიშვილს დასტა-დასტა აუტანეს. ჩვენი წყარო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი, ვინც ივანიშვილს კომპრომატებით სავსე საქაღალდეები აუტანა, თეა წულუკიანი იყო. აქედან გამომდინარე გასაგებია, რომ ღარიბაშვილს მასზე მზე და მთვარე არ ამოსდის. “ოცნების “ კულუარებში ამბობენ, რომ თეა წულუკიანის გადადგომა ყოფილმა პრემიერმა მოითხოვა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებს განათლების მინისტრი ბატიაშვილიც. “ოცნებაში” მის შემცვლელად ზურაბ ხონელიძეს განიხილავენ, ეს უკანასკნელი სოხუმის უნივერსიტეტის რექტორია. ცვლილებები მოხდება საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. 8 მარტს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ზალკალიანი და დავით ბაქრაძე თანამდებობებს გაცვლიან. დავით ბაქრაძე რომ საგარეო საქმეთა მინისტრი გახდებოდა, ამის შესახებ “ახალი თაობა” ერთი თვის წინ წერდა. ამ ინფორმაციას “ოცნებაში” ახლა ადასტურებენ და ამბობენ, რომ ბაქრაძის მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში მოქმედი მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად დაინიშნება. თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ პრემიერის მოვალეობას გიორგი გახარია შეასრულებდა. მამუკა ხაზარაძის სკანდალური განცხადების შემდეგ მისმა შანსებმა მკვეთრად იკლო. ის შეიძლება ისევ შს მინისტრად დატოვონ ან საერთოდ გაუშვან მთავრობიდან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გახარიას “ოცნებაში” თავისი გუნდი არ ჰყავს და მას მმართველი პარტიის დიდი ნაწილი ვერ იტანს. ალბათ, ამით არის გამოწვეული, რომ ხაზარაძის ბრალდებებისგან ის ძალიან ლაითად დაიცვეს... გავრცელებული ინფორმაციით თანამდებობას დატოვებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაც. სამთავრობო ცვლილებები “ოცნებას” გუნდის შიგნით არსებული დაძაბულობის გასანეიტრალებლად სჭირდება. თუმცა არაა გამორიცხული, ამ ცვლილებებმა სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბოს”, - დასძენს გამოცემა.
“ოცნების” ლიდერი მიხვდა, რომ მონებისგან პოლიტიკურ პარტიას ვერ შექმნის” - კახა მიქაია
“ბიძინა ივანიშვილს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება სურს. ის ხელისუფლებას ასე მარტივად და იოლად არ დათმობს, და ეს არჩევნები მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ქვეყნისთვისაც. ახლავე გეუბნებით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ ისევ ერთპარტიულ პარლამენტს მივიღებთ. ნაციონალების ოპოზიციონერობა რაც არის ყველა ვხედავთ - მათი ოპოზიციონერობა მიშას სიგიჟეებით შემოიფარგლება, ყოფილი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის გარეშე არაფერს არ წარმოადგენს”, - აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მომავალი არჩევნების მოიგოს” / “ოცნების” ლიდერი მიხვდა, რომ მონებისგან პოლიტიკურ პარტიას ვერ შექმნის”.
“ოცნების” ლიდერი კარგად ხვდება, რომ კობახიძეებით, თალაკვაძეებით, კალაძეებით და ვიღაც-ვიღაცებით გამარჯვება გაუჭირდება. ის იმაზეც ფიქრობს, რომ 2020 წელს შეიძლება ქართველ საზოგადოებას მობეზრდეს “მგელი მოდის” ძახილით “ოცნებისთვის” ხმის მიცემა და თქვას, რომ ბოლოს და ბოლოს მოვიდეს ეს მგელი.... მმართველი პარტიის ლიდერი ამ საშიშროებას გრძნობს და ამიტომ გაშალა ფართომასშტაბიანი მუშაობა. მან აქტიური შეტევა მიიტანა ქართველ ამომრჩეველზე, რათა ერთხელ კიდევ მოიგოს არჩევნები. სულ უფრო მიმძაფრდება განცდა, რომ საბჭოთა საქართველოში ვბრუნდებით - “ჩვენ ვეძებთ ტალანტებს”! ტალანტებს მთავარი ტალანტი - კახა კალაძე მოძებნის, რომელსაც “ძირგამომპალი კაპიტალისტური დასავლეთიდან” დაქირავებული კერძო კომპანია დაეხმარება და “ახალი საბჭოთა ოცნების პარტიაც” ახალი ტალანტებით შეივსება. ჩვენ კი, შრომის ფერხულში ჩაბმული ამომრჩევლები, მქუხარე აპლოდისმენტების ქვეშ ისევ მივალთ საარჩევნო ურნებთან და დაუფიქრებლად მივცემთ ხმას ახალი ტალანტებისთ სავსე მშობლიურ პარტიას!!! მით უმეტეს როგორც გვამცნეს, “ქართული ოცნება” დღეს, ხელისუფლებაში ყოფნის შვიდი წლის თავზე იწყებს ნამდვილ პარტიად ჩამოყალიბებას... რასაც ახლა ივანიშვილი აკეთებს ეს ცოტა სასაცილოა, მაგრამ მას მეტი გზა არ აქვს. რესურსი ამოეწურა და დადის ახლა შუკა-შუკა და იქ ეებს ხალხს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა მიქავა.
“იმ იმედით მიდიან შუკა-შუკა, შარა-შარა, რომ შეიძლება ახალი კობახიძეები, მდინარაძეები და თალაკვაძეები იპოვონ. მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი თავის თანაგუნდელებს ისე უყურებს, როგორც ერთჯერადი გამოყენების ნივთებს. ვისაც ჰგონია, რომ "ოცნებაში" რაღაცას წარმოადგენს, ძალიან შემცდარა. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ “ქართული ოცნება” არის პარტია, რომელიც წარმოადგენს ერთ კაცს. “ოცნების” ლიდერს თუ დასჭირდა ყველას მოიშორებს, ვინც დღეს მის გვერდით არის. ბოლო დროს ბევრი საინტერესო რამ მოხდა და ივანიშვილიც მიხვდა, რომ მონებისგან პოლიტიკურ პარტიას ვერ შექმნის - მონებისგან მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების პარტიის შექმნაა შესაძლებელი და რა თქმა უნდა, შუკა-შუკა, შარა-შარა მონებს ეძებს - არა მგონია, ტალანტების ძებნით დაიღალოს”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ახალი სახეების მოძიებაზე გადასული “ოცნება” ძველ სახეებსაც ხომ არ დააბრუნებს - ღარიბაშვილის დაბრუნება ამის წინაპირობაა?” - პასუხობს:
“ღარიბაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. გულწრფელად გეტყვით, არ მომწონს, როცა მასზე ასეთ ცუდ რამეებს ამბობენ, მინდა წარმატებები ვუსურვო და ვურჩიო, რაც შეიძლება მალე მოახდინოს ადაპტირება პოლიტიკურ პროცესებში. ყურადღებით ვუსმინე მის პირველ სატელევიზიო გამოსვლას და მინდა ვუთხრა: ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილი არ არის უვადო. მიუხედავად იმ მძიმე ვითარებისა რაც ქვეყანაშია, ნაციონალების ლიდერი პოლიტიკური სპექტრიდან, როგორც პოლიტიკოსი, ძალიან მალე გაქრება, მაგრამ მურუსიძე უვადო სააკაშვილია და ეს ღარიბაშვილმა კარგად უნდა გააცნობიეროს”.

























