მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი - ორთაჭალის ავტოსადგურთან არსებულ ტერიტორიაზე ტაქსის მძღოლები უკანონოდ ახორციელებდნენ საერთაშორისო რეისებს

„ეს ადგილი ტაქსის მძღოლების მიერ იყო დაკავებული, საიდანაც სრულიად უკანონოდ ახორციელებდნენ საერთაშორისო რეისებს,“ - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ორთაჭალაში ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ორთაჭალის ავტოსადგურთან არსებული ტროტუარის მიმდებარე ტერიტორია, რომელსაც ტაქსის მძღოლები საერთაშორისო რეისების შესასრულებლად იყენებენ, არის გზაგამტარი და მასზე უნდა განხორციელდეს გამწვანება.

მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, მძღოლებთან შეთანხმებით, თბილისის მერიამ მათ სატაქსო მომსახურებისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე 2, ხოლო ცოტა მოშორებით 10 უფასო საპარკინგე ადგილი გამოუყო. მისივე განცხადებით, ტაქსის მძღოლებისთვის საპარკინგე ადგილების გამოყოფა მოხდა იმ პირობით, რომ ისინი აღარ შეასრულებდნენ საერთაშორისო რეისებს, რაც არ შეასრულეს.

„გამგეობიდან შემოვიდა განაცხადი ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. აქ იყო საუბარი, რომ ტერიტორია უნდა გამწვანდეს და უნდა გადაგვეხედა სატრანსპორტო კვანძისთვის. ეს ადგილი არის მთავარი გზის მეორე სათადარიგო ზოლი, რომელიც გამოყენებულია გზაგამტარად, რომ სხვა გზებთან დაკავშირდეს. ის, რაც ჩვენ იქ მონიტორინგის შედეგად დაგვხვდა, იყო შემაფერხებელი. ეს ადგილი ტაქსის მძღოლების მიერ იყო დაკავებული, საიდანაც სრულიად უკანონოდ ახორციელებდნენ საერთაშორისო რეისებს. საერთაშორისო რეისები შეიძლება განხორციელდეს ავტოსადგურებიდან.

შესაბამისად, ჩვენ შევისწავლეთ მიმდებარე ტერიტორია, გავაუქმეთ პარკირება და ტერიტორიას მივეცით თავისი ფუნქცია: იყოს გზაგამტარი. შემდგომ უკვე ტაქსის მძღოლებისგან შემოვიდა განცხადება, რომ ისინი აღნიშნულ ადგილს იყენებდნენ სატაქსო მომსახურებისთვის და ითხოვდნენ შესაბამისი ადგილის დადგენას. ჩვენ კვლავ დავუბრუნდით აღნიშნულ ტერიტორიას და ზუსტად იმ ადგილიდან 25 მეტრის მოშორებით 10 ადგილი შევქმენით მათთვის. ამ 10 ადგილით არ დაკმაყოფილდნენ, კვლავ გააკეთეს განაცხადი და გვთხოვეს, რომ ძველ ლოკაციაზე 4 ადგილი დაგვებრუნებინა. ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ თუ იქ მათთვის ადგილები კვლავ გამოიყოფოდა, ეს უნდა ყოფილიყო ქალაქის შიგნით სატაქსო მომსახურებისთვის და არა საერთაშორისო რეისებისთვის. მათი პირობის დადების შემდგომ, ჩვენ მათ ძველ ლოკაციაზე გამოვუყავით 2 ადგილი პირველი ეტაპისთვის, მაგრამ დღესაც რომ გაიაროთ იქ, ნახავთ, რომ მათ მანქანებზე კვლავ უკანონოდ განთავსებული აქვთ თბილისი-ერევანი რეისის მიმანიშნებელი. შესაბამისად, პირობა დაარღვიეს.

რაც შეეხება გამწვანებასთან დაკავშირებულ პირობას, აპრილში ტენდერის შედეგები ცნობილი იქნება და იქ გამწვანების პროექტის განხორციელებას დაიწყებენ, რაც მოისპო იმიტომ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე თვითნებურად შექმნილი ვაგზალი იყო,“ - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

იხილეთ ვიდეო: მერიის პასუხი ტაქსის მძღოლებს: ორთაჭალის ავტოსადგურთან ისინი უკანონოდ ახორციელებდნენ საერთაშორისო რეისებს

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება