ლადო პაპავა - ანაკლიის პორტის ან „თიბისი ბანკის“ უკან ამოფარება არ მიმაჩნია გამართლებულად

ანაკლიის პორტის ან „თიბისი ბანკის“ უკან ამოფარება არ მიმაჩნია გამართლებულად, თუმცა ადამიანურად მესმის, აბა რა ქნან, მათაც ხომ უნდა დაიცვან რაღაცნაირად საკუთარი თავი, - ასე აფასებს ლადო პაპავა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ექსკლუზიურ ინტერვიუს „კვირის პალიტრასთან. როგორც ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებში ხაზარაძის სასარგებლოდ მხოლოდ ერთი ფაქტი მეტყველებს - თავად ბიძინა ივანიშვილის განცხადებები.

„მის სასარგებლოდ მეტყველებს ის, რაც თქვა თვითონ ბიძინა ივანიშვილმა, რომ მან არაფორმალურად განიხილა ორი ბიზნესმენის - ვანო ჩხარტიშვილისა და მამუკა ხაზარაძის საკითხი. რა თქმა უნდა, ასეთი არაფორმალური განხილვა ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრივ მშენებლობას და დაშვებულია სერიოზული შეცდომა. რაც შეეხება თვითონ იმ დავას, რაც არის გაჟღერებული, ანაკლიის პორტი თუ „თიბისი ბანკი“, ეს ხელოვნურად არის მიბმული, იმიტომ, რომ უშუალო კავშირში ნამდვილად არ არის. არავინ არ ედავება არავის ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. ხაზარაძე არ იქნება და ანაკლიის პორტი არ აშენდება?! იმ ბრალდებაში, რაც გამოქვეყნდა და რაც არ უარყვია ხაზარაძეს და ჯაფარიძეს, არის ფულის „მოტეხვის“ აშკარა სქემა. საკუთარი ბანკიდან ვერ იღებენ თვითონ სესხს, რომ აქციები არ ჩადონ გარანტად, ამიტომ აძლევენ შუამავალ ფირმას, რომელიც იმავე დღეს აძლევს ისევ მათ და შემდეგ ბანკი ამ გაცემულ სესხს ჩამოწერს. ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ამას ჰქვია კერძო სექტორში განხორციელებული კორუფციული სქემა. ისინი „თიბისი ბანკიდან“ არ წასულან, ისინი რჩებიან მეპატრონეებად, ისინი წავიდნენ „თიბისი ბანკის“ მმართველობის სტრუქტურიდან. რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტია, ეს არც ივანიშვილის პროექტია, არც ხაზარაძის , არც ჩემი და არც თქვენი. მე ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებ, როცა ასეთი მნიშვნელობის პროექტს ვინმეს სახელს უკავშირებენ. ხაზარაძე იქნება თუ არა, ეს პროექტი მაინც უნდა განხორციელდეს, იმიტომ, რომ ეს საქართველოს სტრატეგიული ინტერესია.

ანაკლიის პროექტი არის ჯერ კიდევ კომუნისტების დროს შექმნილი, ვერ მოასწრეს უბრალოდ, დაინგრა ის რეჟიმი. შემდეგ შევარდნაძის მთავრობა განვიხილავდით ამ პროექტს და მაშინ არ იყო ამის ადეკვატური ფინანსური რესურსი. შემდეგ სააკაშვილმა ქალაქიც კი მოიგონა - ლაზიკა. რა შუაშია ეს ხაზარაძესთან, ეს არის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტრატეგიული პროექტი. იქნება იქ ხაზარაძე თუ არ იქნება, ეს პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას ეყოფა იმის გონიერება, რომ მაქსიმალურად ამას ხელი შეუწყოს“, - აცხადებს ლადო პაპავა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა