ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში ხმაურია

ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში გამოცხადდება.
როგორც „ინტერპრესნიუსი“ კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, სასამართლოს ეზოში ხმაურია. სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის, მოკლული ბუტა ანთაძის ოჯახის წევრები მკვლელობაში ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას და სასამართლო გადაწყვეტილების დროულ გამოცხადებას ითხოვენ.
მათი თქმით, სასამართლო პროცესი რამდენიმე თვეა ჭიანურდება და დამნაშავის დასჯა დროულად არ ხდება. ისინი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვენ.
ამ დროისთვის ბათუმის სასამართლოს ეზოში სამართალდამცველების განსაკუთრებული რაოდენობაა მობილიზებული.
აღსანიშნავია, რომ პოლიციის უფროსი ბუტა ანთაძე რამდენიმე თვის წინ თავისმა თანასოფლელმა მაშინ მოკლა, როდესაც სოფელ მუხაესტატედან გურიაში, დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის სამუშაოები მიმდინარეობდა.
სწორედ ამ დროს მოხდა ბრალდებულსა და პოლიციის უფროსს შორის ინციდენტი, რასაც მკვლელობა მოჰყვა. დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე ბუტა ანთაძისა და ბრალდებულის ახლობლები ერთმანეთს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება.

























