დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა „ევროპული საქართველოს“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრმა ოთარ კახიძემ კანონპროექტი წარადგინა.ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ეს კანონპროექტი ითვალისწინებს მოქმედი კანონის მე-7 და 21-ე მუხლების მოქმედების 2020 წლის 1 იანვრამდე შეჩერებას.

„„შეჩერებული იქნება დღეისათვის მოქმედი დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის რეგულაციები, რომელსაც ნაკლოვანებები აღმოაჩნდა. ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ ცალკე მომზადებული გვაქვს პროექტი, როგორი უნდა იყოს ორგანიზებული დაგროვებითი პენსია, ეს ეფუძნება ნებაყოფლობის პრინციპს, და საშემოსავლო ფარგლებში აძლევს დასაქმებულს საშუალებას, რომ მიმართოს მისი კუთვნილი შემოსავალი დაგროვების მიზნით, რაც არის ზელანდიური პროექტი, თუმცა, ამჯერად წარდგენილი პროექტი არ ეხება ალტერნატიულ მოდელს და ითვალისწინებს მხოლოდ არსებული, უკვე მიღებული მოდელის დროებით შეჩერებას, 2020 წლის 1 იანვრამდე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მომხსენებელი არგუმენტებით შეეცადა კოლეგები დაერწმუნებინა ინიციატივის მიზანშეწონილობაში. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ბეგაძის თქმით, „სამი თვეა რაც კანონი ამოქმედდა და გონივრული ვადა არ ამოწურულა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ. იმისათვის, რომ დავინახოთ რა რეალობაში ვართ დღეს და რა იქნება ხვალ, მე ვფიქრობ, რომ კანონმდებლობაში ცვლილებების მოთხოვნით არ უნდა დავიწყოთ. ჩვენ შეგვიძლია დავუძახოთ საპენსიო ფონდის ხელმძღვანელობას და ვისაუბროთ. არ გამოვრიცხავ, რომ იყოს გარკვეული შენიშვნები, რაზეც კოლეგები შევჯერდებით და ვიმსჯელებთ, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები უფრო დაცულად გრძნობდნენ თავს“. წარმოდგენილ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნინო ენუქიძემ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გამოიტანა სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად.

მომხსენებლის თქმით, კანონპროექტის მიზანია კანონმდებლობაში ფორმალური პროცედურების გაუქმება და მაღალი სახელმწიფო და საჯარო ინტერესების დაცვა. კერძოდ, მიწისქვეშა სივრცით სარგებლობის ლიცენზიის მიღებას არ დაექვემდებარება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული - შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, რამდენადაც იგი ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია განახორციელოს მგზავრთა მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით მომსახურეობა. ხოლო, პირდაპირი წესით ლიცენზიის გაცემა ვერ განხორციელდება, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ დენონსირებისთვის წარმოდგენილი „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 1974 წლის ათენის კონვენციისა“ და „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის 1974 წლის კონვენციის 1976 წლის ოქმი“. მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილის განმარტებით, კონვენციაში ნოვაციას წარმოადგენს ის, რომ გადამყვან-გადამზიდველი ვალდებულია იქონიოს სავალდებულო დაზღვევა სამგზავრო გემზე საზღვაო ავარიის დროს მგზავრისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. კონვენციიდან გამომდინარე ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისათვის წარმოდგენილია „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენცია“ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. აკაკი საღირაშვილმა კიდევ ერთი დოკუმენტი წარუდგინა კომიტეტს განსახილველად, - საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, პირველი მოსმენით. კანონპროექტის მიღების მიზეზია, საქართველოში მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემის საკანონმდებლო საფუძვლების სრულყოფა და მისი მისადაგება მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ კონვენციასთან (STCW კონვენცია). მომხსენებლის თქმით, 2017 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა STCW კონვენციაში ახალი დამატება, რომელიც განსაზღვრავს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემებზე კაპიტნის, ოფიცრებისა და რიგითების წვრთნისა და კომპეტენციის მინიმალურ მოთხოვნებს. კომიტეტის წევრებმა განხილვის შემდეგ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკითხებს.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამიომდინარე კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენით განიხილა კომიტეტმა. საკითხი სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა გამოიტანა განსახილველად.წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ანდა დემონტაჟის ხელშეწყობა, რომელთა პირვანდელ მდგომარეობაში არსებობა იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას. მომხსენებლის თქმით, „ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებობს საკმაო რაოდენობის შენობა-ნაგებობა, რომელიც საჭიროებს შეკეთებას (რემონტს), რეკონსტრუქციას, აღდგენას ანდა დემონტაჟს. ამ ტიპის შენობების არსებობა, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს, პრობლემურია რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებით: უპირველეს ყოვლისა, ისინი აფერხებენ მიმდებარე ტერიტორიის ეკონომიკურ განვითარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მხრივ თავად არ ფუნქციონირებენ და მეორე მხრივ, რიგ შემთხვევებში არ ხდება მიმდებარე ტერიტორიით ინვესტორის დაინტერესება შენობის არსებობის ან მისი მდგომარეობის გათვალისწინებით. ასევე პრობლემურია ამგვარი შენობების არსებობა ტურისტულ ზონებში, ვინაიდან ტურისტული ობიექტები წარმოადგენს ქვეყნის სახეს. ასევე ის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს ახლომდებარე სკოლების მოსწავლეებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის”. კომიტეტმა დეტალურად იმსჯელა წარმოდგენილ საკითხზე. მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატებისა და მოწვეული ექსპერტების შეკითხვებს.

საკითხის ამოწურვის შემდეგ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ბეგაძემ განაცხადა, რომ კომიტეტი კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარს უჭერს, მაგრამ არის საკითხები, რომელსაც სჭირდება სწორი გააზრება და რომელიც უნდა დარეგულირდეს კანონით. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქების იერსახის მოწესრიგება, ამიტომ კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარს დავუჭერთ, მაგრამ ჩვენს კომიტეტს აქვს შენიშვნები და დათქმები და მეორე მოსმენამდე ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობა მოგვიწევს, იმისთვის, რომ კომიტეტი ბოლომდე გამოყვეს ამ კანონპროექტს“.ამ დათქმით კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ დოკუმენტს.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე უყარა კენჭი წინა სხდომაზე განხილულ კანონპროექტს „ბავშვის უფლებათა კოდექსს“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, ანრი ოხანაშვილის, კარლო კოპალიანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ლევან ბეჟანიძის, კობა ლურსმანაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი მეზურნიშვილის, გიორგი კახიანის, ცოტნე ზურაბიანის, აკაკი ზოიძის, დიმიტრი მხეიძის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, მახირ დარზიევის, მირიან წიკლაურისა და მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი. როგორც დღევანდელ სხდომაზე ითქვა, წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ კომიტეტის წევრებმა წინა სხდომაზე გამოთქვეს მოსაზრებები.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტს აქვს გარკვეული შენიშვნები, რომლებიც ინიციატორებს გადაეგზავნათ და შესაბამისად მოხდება მათი გათვალისწინება. ამ დათქმით კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში