მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა, რომლებიც გიორგი გახარიასთან და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ, ბათუმის შემოსასვლელში გადაინაცვლეს

მოკლული პოლიციელის ბუტა ანთაძის ოჯახის წევრებმა ბათუმის შემოსასვლელში, გოგებაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს. ოჯახის წევრები შს მინისტრ გიორგი გახარიასთან დაუყოვნებლივ შეხვედრას ითხოვენ, მანამდე კი დაშლას არ აპირებენ. მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ისინი სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. შეკრებილები მოითხოვენ, რომ მათ მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც შეხვდეს, რადგან სწორედ მისი ხის გადატანას შეეწირა ბუტა ანთაძე.
ცოტა ხნის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შემთხვევა გასული წლის ზაფხულში, სოფელ მუხაესტატეში მოხდა, სადაც დენდროლოგიურ პარკში ხის გადატანითი სამუშაოები მიმდინარეობდა, როდესაც პოლიციის უფროსი თანასოფლელმა ბესიკ ტაკიძემ დაჭრა. პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

























