ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობაში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობაში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

დაბა მანგლისში, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, თოკების პარკის ატრაქციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა და ხელი მოეწერა აღნიშნული პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტი ხორციელდება საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ევროკავშირის დაფინანსებით. პროექტი ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ I საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარადგინა და მიიღო დადებითი შეფასება.

პროექტი ითვალისწინებს ალგეთის ეროვნულ პარკში (დაბა მანგლისი) მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქციის მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ვიზიტების ზრდას. პროექტის ღირებულება შეადგენს 250 000 ლარს.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სხვა პროექტების და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ალგეთის ეროვნულ პარკში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციები.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" ასოციის თავმჯდომარე ვანო გრიგალაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის და გფა კონსალტინგ გრუპის წარმომადგენლები.