ქართული პრესის მიმოხილვა 13.03.2019

გაზაფხულზე ივანიშვილი ოთხი მინისტრის შეცვლას გეგმავს

"მეოცნებეთა“ სოლიდური რაოდენობა იუსტიციის მინისტრს ალმაცერად უყურებს, - ცისკარიშვილი

***

გაზაფხულზე ივანიშვილი ოთხი მინისტრის შეცვლას გეგმავს

"გაზაფხულზე დიდი სამთავრობო ცვლილებები იგეგმება" - ამ ინფორმაციას "რეზონანსს" რამდენიმე სანდო წყარო ერთდროულად უდასტურებს. კულუარული ინფორმაციით, გაზაფხულისათვის თანამდებობებს ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაემშვიდობებიან. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მინისტრთა კაბინეტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც დაემშვიდობოს. ასევე, მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პრემიერის გადადგომაც მომხდარიყო, ვისაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩაანაცვლებდა, თუმცა, წყაროს ინფორმაციით, "თიბისი" ბანკთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, ამ საკითხზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის. ამიტომაც უცნობია, გაზაფხულზე გახარიას ვიხილავთ თუ არა პრემიერად”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გაზაფხულზე ივანიშვილი ოთხი მინისტრის შეცვლას გეგმავს

"მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას "ოცნებაში" ოფიციალურად ჯერჯერობით არავინ ადასტურებს."მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. ახალი ჩამოყალიბებულია მთავრობის შემადგენლობა და, მე თუ მკითხავთ, ამის საჭიროება არ არსებობს. თუმცა, ზოგადად, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, თანამდებობა მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრმა დატოვოს."ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მას კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი სმენია, თუმცა ის მსგავს ცვლილებებს აუცილებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ წინასაარჩევნო დაპირებებში ესეც შედიოდა. ქანთარია ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუმცა როდის და ვინ დატოვებს კაბინეტს, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია. "კონკრეტულად ვერ გეტყვით, ვინ და როდის წავა თანამდებობიდან. ამის შესახებ რაიმე მსჯელობა გუნდში ჯერ არ ყოფილა. ვნახოთ, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ, გამორიცხული არაფერია. სამთავრობო ცვლილებებს ყოველთვის მივესალმები, მაგრამ ეს ცვლილებები ცვლილებებისათვის არ უნდა იყოს მხოლოდ. ეს ქვეყნისა და საქმისათვის სასარგებლო ცვლილებები უნდა იყოს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ვერც კონკრეტულ გვარებზე ვერაფერს ვერ გეტყვით. კი, ბატონო, ივანიშვილმა თქვა, რომ ცვლილებები იქნება და ეს მოლოდინი საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", - აცხადებს "რეზონანსთან" ნუკრი ქანთარია. ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებები სასწრაფოდ და აუცილებლად განსახორციელებელია. ანალიტიკოსის აზრით, ეს ცვლილებები უკვე გაზაფხულზე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში "ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებამდე დრო აღარ რჩება. ძაბირაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ლოგიკა ასეთია - ჯერ პარტიაში უნდა მოხდეს ახალი ბირთვის ჩამოყალიბება და იმ ადამიანების ჩამოშორება, რომლებიც ახალ გუნდში ვერ მოხვდებიან. მისი აზრით, ჯერ რებრენდიგი "ოცნებაში" მიმდინარეობს, ამის შემდეგ კი ცვლილებები ლოგიკურად ხელისუფლებასაც უნდა შეეხოს. "როდესაც პარტიაში მიმიდინარე პროცესები დასრულდება, ჯერი უკვე სამთავრობო ცვლილებებზე გადავა. პოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების გადახალისებაც უნდა მოხდეს. "მე მგონია, რომ პრემიერიც უნდა შეიცვალოს. რეალურად ახალი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ახალ სამუშაო პროგრამას წარმოადგენს, ახალი გუნდი უმრავლესობასა და ხელისუფლებაში. ამ ჩამოყალიბებულმა გუნდმა უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება“, - განაგრძობს გამოცემა.

"ესენი "ოცნების" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სახე იქნებიან. მათ მუშაობასა და ქმედებაზე "ოცნების" ბედი იქნება დამოკიდებული. მათ სოციალური კუთხით რაღაც შედეგი უნდა დადონ. ასეთი დაფანტული, გაურკვეველი, ჩამოუყალიბებელი "ოცნება" არჩევნებამდე ვერ მივა. რაღაც გუნდი უნდა გამოიკვეთოს. ოთხი მინისტრი შეიცვლება თუ მეტი, ეს ცვლილება გაზაფხულისათვის უნდა დასრულდეს, რადგანაც მმართველ გუნდს დრო აღარ აქვს და რაც უფრო დააგვიანებენ ამ ცვლილებებს, მით უფრო წაგებული დარჩებიან. ქვეყანაში ყველა სფეროში უკმაყოფილება პიკს აღწევს და გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ივანიშვილთან ერთად საზოგადოებას რაღაცის გაკეთების პირობას მისცემს", - აცხადებს ძაბირაძე "რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.

"მეოცნებეთა“ სოლიდური რაოდენობა იუსტიციის მინისტრს ალმაცერად უყურებს, - ცისკარიშვილი

"ეს ჩვენი მთავრობის უკანასკნელი გაფართხალებაა, რომელმაც საერთო მთავრობის „აჯაფსანდალი" შექმნა. არ მგონია მაღალი თანამდებობის პირებს, ჰქონდეთ დრო და უნარიც, რომ რაიმე შეტევა დაუწყონ ქალბატონ მინისტრს. „ჯერ თავო და თავოო" - ალბათ, ყველას ასეთი განცდა აქვს და ცდილობენ, რაც შეიძლება ხშირად იყვნენ მდუმარენი, მათი გამონათქვამები არ აღმოჩნდეს რომელიმე მაღალი თანამდებობის პირისთვის მიუღებელი," - ასე აფასებს ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობაზე დარჩენასა და „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს „რეზონანსთან" საუბრისას“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, „მეოცნებეთა“ სოლიდური რაოდენობა იუსტიციის მინისტრს ალმაცერად უყურებს, - ცისკარიშვილი

თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დარჩენასა და მიმდინარე წლის მაისში მოსალოდნელ შუალედური არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ „რეზონანსი" ანალიტიკოს სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა. სოსო ცისკარიშვილის თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღამ, რომელსაც თავში ქალბატონი მინისტრი ედგა, არათუ გააუმჯობესა რაიმე, არამედ ეს ის თემა არის, რომელიც ქალბატონმა წულუკიანმა ვერ დაძლია, მეტიც, ეს თემა გახდა მიზეზი „ოცნების" ნგრევის პროცესის დაწყებისა. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ არა მხოლოდ ოპოზიციური ძალები, არამედ „მეოცნებეთა" სოლიდური რაოდენობაც ალმაცერად უყურებს იუსტიციის მინისტრს, მაგრამ რაიმეს მის წინააღმდეგ ხმამაღლა ვერ იტყვიან, ვერც პარლამენტარები და ვერც მთავრობის წევრები. ჯერ საკუთარ თავს უფრთხილდებიან, ცდილობენ მიუღებელი არაფერი წამოსცდეთ. „მეოცნებეთათვის" საუკეთესო გამოსავალი თვალების დახუჭვა, ყურების დაცობვა და ენის მოკვნეტვა იქნება“, - აღნიშნავს გამოცემა.

"კორესპონდენტის კითხვაზე, „ოცნებისთვის" წულუკიანის წასვლა, რამდენად საზიანო იქნებოდა, ცისკარიშვილის თქმით, ეს იქნებოდა, რბილად რომ ვთქვათ, წკლიპურტი, რეალურად კი - ალიყური, კარგი „შემოტკაცუნება" ამა თუ იმ „მეოცნებე" პირის მიმართ. ქვეყანა დღეს ბევრად მეტი გამოწვევის წინაშე დგას. ქალბატონი მინისტრი კი არ აპირებს სუიციდზე ფიქრს. ქალბატონი წულუკიანი „მეოცნებეთა" რიგებში დარჩება და დარწმუნებული ვარ, რომ ის რაიმე მავნე ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი „მეოცნებეების" უმრავლესობა იზიარებს იმ მიდგომას, რომელმაც ლამის მთელი ჩვენი საზოგადოება გადარია. როდესაც მოსამართლეების „საამაყო ათეული" იქნა წინ წამოწეული. სიას, რომელსაც ბეჭედი ჩვენმა „კადრებთუხუცესმა" დაარტყა, იქ თემა დახურულია. ეს ყველაფერი ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს უფსკრულისკენ უბიძგებს“, - დასძენს გამოცემა.

"პარტიების გაერთიანება არ არის ადვილი. არჩევნების წინ სადღეგრძელოს სახით არის ხოლმე ასეთი განცხადებები - „გაგვიმარჯოს", "ჩვენ ერთად ვიქნებით". როგორც კი საქმე მიდგება კონკრეტულ პიროვნებაზე, სწორედ ეს ადამიანი აღარ იქნება ამა თუ იმ მიმართულებით არჩეული. არ გვაქვს პოლიტიკური კულტურა და ეს ვერც ექნება იმ ქვეყანას, სადაც დარეგისტრირებულია 250-მდე პოლიტიკური ორგანიზაცია. პარტიები, მოძრაობები... რა ქნას ამომრჩეველმა? როგორ მოიფიქროს, ვინ არის სწორი და ვინ ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე?“, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო