სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე, სომხეთში მდებარე ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართვის საკითხი დააყენა

საქართველოს პრეზიდენტი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა და საქართველო - სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და საქართველო - ევროკავშირის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მან როგორც პრემიერმა პირველი ვიზიტი საქართველოში განახორციელა, რაც სომხეთის მთავრობის დამოკიდებულების მანიშნებელი და საქართველოს მნიშვნელობის ხაზგასმაა.

,,ჩვენს ურთიერთობებში უნდა დავეყრდნოთ სტრატეგიულ -საერთო ინტერესს და მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდანაც ასეთი პასუხი მივიღე. ახლა დროა ეს ურთიერთგაგება მოქმედებაში მოვიყვანოთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც შეხვედრისას პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს და სომხეთს ბევრი რამ აერთიანებს - გეოგრაფია, ისტორია, მომავალი და მომავლის გეგმები.

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებისათვის. ასევე ერთობლივი, უფრო მჭიდრო ურთიერთობებით საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რისი ერთ-ერთი მაგალითი ევროკავშირია.

„ერთად შეგვიძლია ბევრად მეტი, ვიდრე მარტო. ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია და საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები გაზრდილია საქართველოს მიერ ევროკავშირთან და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით.

„მნიშვნელოვანია, რომ სომხეთი ტურიზმის სფეროში საქართველოს პარტნიორია. მაღალია ქვეყნებს შორის ტურისტული მიმოსვლის მაჩვენებლი.

სომხეთს საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, მესამე ადგილი უკავია, ასევე, საქართველო მოწინავე ადგილზეა სომხეთში შესულ ვიზიტორთა რაოდენობით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საუბარი შეეხო ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მდგომარეობასაც, მათ ინტეგრაციას საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურებასა და ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლების საკითხებს.

მხარეებმა განიხილეს კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო - სომხეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების განახლების საკითხი დააყენა, რომლის მოქმედებასაც ვადა 2018 ამოეწურა.

საქართველოს პრეზიდენტმა დააყენა საკითხი სომხეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართულობის შესახებ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს