ქართული პრესის მიმოხილვა 14.03.2019

როგორ მოკლეს ქართველი გალში

ვაშინგტონის მკაცრი გზავნილი ანაკლიაზე - რაზე ესაუბრა ვოლკერი ივანიშვილს

ჯარიდან თავის დაღწევა მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდლებს შეეძლებათ

* * *

როგორ მოკლეს ქართველი გალში

“არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შემდეგ, რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს - 29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ის უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ენგურის ხიდთან ცხედარს ნათესავები და ახლობლები, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დახვდნენ. ირაკლი კვარაცხელიას მშობლები არ ჰყავდა და მისი ნათესავების განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ აფხაზებს ის თავადვე დაემარხათ. გარდაცვლილს 8 წლის შვილი დარჩა. ის მეუღლესთან განქორწინებული იყო. ნათესავები გამორიცხავენ, რომ მას თავი მოეკლა, რადგანაც ის მორწმუნე იყო და ეკლესიაში ცხოვრობდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით როგორ მოკლეს ქართველი გალში, რას ყვებიან ნათესავები - “თავს არ მოიკლავდა, რადგანაც მორწმუნე იყო და ეკლესიაში ცხოვრობდა”.

“მათი თქმით, რადგან კვარაცხელიას სამსახური არ ჰქონდა, ის ოკუპირებულ რეგიონში ციტრუსის კრეფის დროს სამუშაოდ გადაჰყავდათ. მუშაობდა და 600-700 ლარამდე გამოსდიოდა, ის ხურჩიდან გადმოდიოდა. კვარაცხელიას ცხედარი თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზაზეა გადასვენებული და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ცხედარს საბოლოოდ კი ზუგდიდში ბიძასთან და ბიცოლასთან გადაასვენებენ. რა გახდა რეალურად 29 წლის ქართველის გარდაცვალების მიზეზი და რას არკვევს ქართული მხარე-თვითმხილველთა ინფორმაციით, ცხედარს ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნება, რაც ოკუპანტების მხრიდან, მასზე ძალადობის ფაქტზე მიუთითებს. ირაკლი კვარაცხელია, ოკუპანტებმა სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან დააკავეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებენ, თუმცა ამ ვერსიის ოკუპანტების გარდა არავის სჯერა. ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზი მისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენება გახდა. თვითმხილველის თქმით, ადგილზე შელაპარაკება მოხდა, ასეთ დროს კი ოკუპანტები ყოველთვის ფიზიკურ ძალადობაზე გადადიან. თვითმხილველები ამბობენ, რომ ირაკლი კვარაცხელია რუსულ ბაზაზე გარდაიცვალა. კვარაცხელია სავარაუდოდ, ზუგდიდში გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფს შელაპარაკება რუს სამხედროსთან მოუვიდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გალელები “რეზონანსთან” ყვებიან, რომ რუსების მხრიდან ქართველების ფიზიკური შეურაცხყოფა ხშირია. ისინი პატარა შელაპარაკებაზეც კი ცემაზე გადადიან. ვინც მათ დამცირებას იტანს, ისინი სიკვდილს და ცემას გადაურჩებიან, ვინც არა და კვარაცხელიას და ოთხოზორიას ბედს გაიზიარებს. გალელები აცხადებენ, რომ ისინი უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობენ და მათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე როგორც ნივთებს ისე ექცევიან, არანაირი უფლება და პროტესტის გამოხატვის საშუალება მათ არ გააჩნიათ. “თვითმხილველები არიან, რომ რუს სამხედროებთან შელაპარაკება მოუვიდა. ამის შემდეგ დაინახა იქ მყოფმა ხალხმა, რომ რუსებმა მანქანა გამოიძახეს და სულ ცემით ჩასვეს. ბუნკერში ჰყოლიათ დატყვევებული. იმასაც ამბობენ, რომ 11 მარტს რუსულ ბაზაზე ექიმი გამოუძახიათ და ვერ უშველეს. ცემაში შემოაკვდათ, თავში და ზურგის არეში ცემის კვალი ეტყობაო, ასე ამბობენ”, - აცხადებს გალის მცხოვრები. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ სრულიად სამართლებრივად საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ ცხედარს არ გადმოგვცემდნენ. თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა და ახლა მთავარია ექსპერტიზის პასუხი, რეალურად რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი”, - განაგრძობს გამოცემა.

“დღეს რაიმე მტკიცებულებით ფორმაში საუბარი არ შემიძლია. ამიტომაც, მისი ცემის ფაქტს ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. ახლა ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი რა მოხდა... იმედი გვაქს, რომ მისი გარდაცვალების დამადასტურებელ კადრებს გვაჩვენებენ. საუბარია, რომ მისი თვითმკვლელობა იზოლირებულ დაკავების საკანში მოხდა და მათ ამის ამსახველი კადრები აქვთ. იმედი გავქვს, რომ ამ კადრებს გადმოგვცემენ”, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი. ირაკლი კვარაცხელიასთან დაკავშირებული შემთხვევა ძალიან მძიმეა და აჩენს ეჭვს, ხომ არ აქვს ადგილი სუიციდამდე მიყვანის ან მკვლელობის ფაქტს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. “ცხედრის გადმოსვენება მოხდა და შემდეგ ჩატარდება ექსპერტიზა. ბუნებრივია, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და გამოძიება დაიწყება”, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი კვარაცხელია ისევე დამამცირებლად შეეწირა საოკუპაციო რეჟიმს, როგორც ეს არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შემთხვევაში მოხდა, ხელისუფლებას მსგავს ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება არ აქვს და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე სიმტკიცეს არ იჩენს”, - დასძენს გამოცემა.

“ძალიან დამამცირებელი ტრაგედია დაგვატყდა თავს გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის შემდეგ, როდესაც თან დაგვცინეს, თან დაგვამცირეს და ისე მოგვიკლეს ვაჟკაცები. არანაირი შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან - გიგა ოთხოზორიას მკვლელი ცნობილია, მაგრამ ისე გადაადგილდება როგორც ჩვენ. ყველაფერზე არიან დამთმობები, იქ სადაც სწორი და სახელმწიფოებრივი მტკიცე პოზიცია უნდა ჰქონდეთ. მაგალითისთვის ერთი მხრივ ხდება ის, რაც კვარაცხელიას შემთხვევაში - ახალგაზრდა ბიჭი, უბრალოდ მოგვიკლეს და იგივე ოკუპანტებთან, რუსულ “გაზპრომთან” ვაფორმებთ ხელშეკრულებას. ამის გარდა აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის გახსნაზეც ყაბულსაა “ქართული ოცნება”. რა არის ეს, თუ არა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება. შეშინებულები არიან დამფრთხლები არიან თუ შეგნებულად აკეთებენ ამას რაღა მნიშვნელობა აქვს?”- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა მელია.

“შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დამაჯერებელი არ არის, რადგანაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის ცემის დროს შემოაკვდათ. მისი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ მისი მოკვლა არ სურდათ. ამის ნათელი მაგალითი ადგილზე ექიმის გამოძახებაც არის, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. “შეიძლება მოკვლა არ უნდოდათ და ცემის დროს შემოაკვდათ. ამიტომაც ჩამოკიდეს ხეზე, რომ ილუზია შეექმნათ, ვითომ თავი მოიკლა. ყველაზე უკეთესი ვარიანტია, რომ აფხაზებმა თავისი “სიმართლე” დაამტკიცონ, ის არის, რომ ცხედარი მალე გადმოგვცეს და ჩვენც ექსპერტიზის ჩატარების საშუალება გვაქვს. “ჩვენ დე ფაქტო აფხაზეთის პოლიციასთან არანაირი თანამშრომლობა არა გვაქვს და შესაბამისად არც იმის მექანიზმი გვქონდა, რომ გვამის გადმოცემა დაუყოვნებლივ მოგვეთხოვა. ერთი, გალის შეხვედრები იყო და ისიც გაჩერებულია. სამაგიეროდ, ახლა საქართველოში დაემთხვა, რომ ჟენევის თანათავმჯდომარეები იმყოფებიან და მათი ჩართულობით ეს პრობლემა მოგვარდა”, - აცხადებს ზაქარეიშვილი “რეზონანსთან”.

"მისივე განცხადებით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ჩაგდების შემდეგ, ქართულ მხარეს ამ უბედურებასთან საბრძოლველად რომ არანაირი ბერკეტი არა აქვს, გამოჩნდა. მისი აზრით, სამარცხვინო ფაქტი იყო, რომ სიაში ჯერ კიდევ 6 კაცი გარდაცვლილი შეიყვანეს. ზაქარეიშვილის განცხადებით, ამიტომაც სიის მიმართ მსოფლიოში არასერიოზული დამოკიდებულება გაჩნდა და ეს დამნაშავის ჩამდენი პირებისთვის ვერ იქცა სადამსჯელო მექანიზმად. ხელისუფლება მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით ვერ რეაგირებს და მისი ქცევები შეუსაბამოა იმასთან, რაც რეალურად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველების წინააღმდეგ ხდება. ეს ყველაფერი კი ოკუპანტებს და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებს დაუსჯელობის სინდრომს უჩენს და მსგავსი დანაშაულის ჩადენის რისკებს კიდევ უფრო ზრდის”, - წერს სტატიის ავტორი.

ვაშინგტონის მკაცრი გზავნილი ანაკლიაზე - რაზე ესაუბრა ვოლკერი ივანიშვილს

“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის 2-დღიანი ვიზიტი საქართველოში ეს იყო რუსეთისთვის გზავნილი - პირველი, კარასინის მუქარის შემდეგ რუსეთისთვის იმის ჩვენება, რომ აშშ არის საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და მეორე, ანაკლიის პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ დიდი გეოსტრატეგიული დანიშნულება გააჩნია და მის მშენებლობას ხელი არ უნდა შეეშალოს”, - აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია. მისი თქმით, ანაკლიის ღრაწყლოვანი პორტის მშენებლობა უკვე გახდა რუსეთიდან მუქარის მიზეზი და თებერვლის ბოლოს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრეგორი კარასინის მიერ გაკეთებული განცხადებით ეს მუქარა შემოთვალა კრემლმა. საპასუხოდ კი, ვაშინგტონმა თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი კურტ ვოლკერი გამოგზავნა და ამით აჩვენა რუსეთს, რომ საქართველო არ არის მარტო, ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი აქვს აშშ-ს, რომ შავ ზღვაში რუსეთის შესაკავებლად ღრმაწყლოვან პორტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და რუსეთს საქართველოს შანტაჟი არ გაუვა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვაშინგტონის მკაცრი გზავნილი ანაკლიაზე - რაზე ესაუბრა ვოლკერი ივანიშვილს / “აშშ-მ საქართველოს უთხრა, რომ რუსეთის შანტაჟის გამო უკან დახევის უფლებას არ მისცემენ”

“ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი კურტ ვოლკერი თბილისში 11-12 მარტს იმყოფებოდა და პირველ დღეს ჯერ პრემიერ-მინისტრს შეხვდა, შემდეგ კი სოლოლაკში ბიზნეს-ცენტრში ესტუმრა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რის შემდეგაც ანალიტიკოსებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ კურტ ვოლკერის ვიზიტი ანაკლიის პორტის თემას უკავშირდებოდა და საქართველოს ხელისუფლებამ ერთგვარი გაფრთხილებაც მიიღო ვაშინგტონიდან, რომ პორტის მშენებლობა არ უნდა შეფერხდეს. ბიძინა ივანიშვილთან 1-საათიანი შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა დიპლომატმა “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში სწორედ საქართველოს უსაფრთხოებისა და მომავალი განვითარებისთვის ანაკლიის პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ასევე იმედი გამოთქვა, რომ “თიბისი ბანკსა” თუ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული საკითხები კანონის უზენაესობის დაცვით გადაწყდება. „მთავარია, კანონის უზენაესობა იყოს დაცული... ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე მხრიდან ჭკვიანი ხალხი კანონის უზენაესობის დაცვით, სწორად მოაგვარებენ ამ საკითხს. ასე უნდა მოხდეს. დასავლეთი დიდ იმედებს ამყარებს საქართველოზე და ამიტომ, მისგანაც დიდი მოლოდინი აქვს. ანაკლიის პორტი, პირველ რიგში, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებშია”, - ამბობს ვოლკერი. კურტ ვოლკერმა არ დამალა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ამერიკის ინტერესებში შედის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როდესაც ვფიქრობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რაღა თქმა უნდა, იგულისხმება სამხედრო უსაფრთხოება. ამ პორტს აქვს პოტენციალი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს მომავლისა და უსაფრთხოებისთვის. ვაშინგტონის აზრით, ჩვენ კი არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ანაკლიის მიმართ, არამედ ჩვენ დაინტერესებულები ვართ, საქართველო იყოს წარმატებული, პროგრესული და დაცული ქვეყანა. ამ პროექტს შეუძლია ამ ყველაფერს ხელი შეუწყოს”, - განაცხადა ვოლკერმა. ვოლკერმა ასევე თქვა, რომ ანაკლიის პორტმა შესაძლოა ამერიკული წყალქვეშა გემებიც მიიღოს. “პორტი, თავის თავად ნიშნავს, რომ უნდა მიიღოს გემებიც და წყალქვეშა ნავებიც. ამაში ახალი არაფერია”, - აღნიშნა ვოლკერმა. “მე მჯერა, რომ ეს პროექტი წინ წავა. ეს საქართველოს ინტერესებშია, რადგან ყველა მხარეს სურს. დარწმუნებული ვარ, ქართველები ამ პროექტის განხორციელების გზას გამოძებნიან”, - აცხადებს კურტ ვოლკერი. ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, კურტ ვოლკერმა გააფრთხილა რუსეთი და ასევე საქართველოს ხელისუფლებას უთხრა, რომ რუსეთის შანტაჟს არ უნდა დამორჩილდეს და ანაკლიის პორტი შეუფერხებლად უნდა აშენდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვოლკერმა ღიად განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი წყალქვეშა ნავების ნავსაყუდელი შეიძლება გახდეს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ასეთ განცხადებას შემთხვევით არ აკეთებს. ეს არის რუსეთის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადება, რომ რუსებმა არ მოახდინოს ამ ტერიტორიის ექსპანსია. სამწუხაროდ, რუსეთს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ანაკლია მცოცავ ოკუპაციის გავლენის ქვეშ მოაქციოს. კრემლისგან მოულოდნელი არაფერია. ვოლკერის ვიზიტი იყო ერთგვარი გაფრთხილებაც, რომ “თიბისის” წინააღმდეგ შეტევა არ უნდა გაგრძელდეს. როგორც ჩანს, ვაშინგტონში არ მოსწონთ, რაც ხდება “თიბისის” დამფუძნებლების გარშემო და ამიტომ გახდა საჭირო ვოლკერის ჩამოსვლა და ივანიშვილთან შეხვედრა. გარდა ამისა, ვოლკერმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკელებს გააჩნიათ განსაკუთრებული ინტერესი პორტის მშენებლობის “, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ეს ვიზიტი იყო გარკვეული პასუხი კარასინის მუქარაზე. რუსებმა თავისი მესიჯი გამოუშვეს, კარასინის განცხადების სახით, ამერიკელებმა კი გამოუშვეს კურტ ვოლკერი და ამით უპასუხეს მოსკოვს, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას. პირველად მოხდა, რომ რუსეთის შანტაჟის გამო საქართველო გარკვეულწილად უკან იხევდა და აშშ-მ საქართველოს უთხრა, რომ რუსეთის შანტაჟის გამო უკან დახევის უფლებას არ მისცემენ. დაახლოებით ისეთივე გადამწყვეტი მომენტია, როგორც ეს იყო 1990-იან წლებში, შევარდნაძის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა. ოღონდ, თუ იმ დროს ეს ეხებოდა წმინდა ენერგოუსაფრთხოების საკითხებს და ახლა ანაკლიის პორტმა წმინდა სამხედრო-გეოსტრატეგიული დაპირისპირების კონტექსტი მიიღო. ჩვენთვის ანაკლიის პორტი ისეთივე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, როგორც იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი”, - განმარტავს ექსპერტი.

“მაშინ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელდა ტერაქტი. მაშინ შევარდნაძის მრჩეველი ვიყავი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში და მაშინ შევარდნაძემ პირდაპირ თქვა, რომ ეს ტერაქტი იყო რუსეთის შეკვეთილი, რომ საქართველოს ნავთობსადენის პროექტში მონაწილეობა არ მიეღო. მაშინ შევარდნაძემ ვაჟკაცობა გამოიჩინა და ბოლომდე მიიყვანა ეს საქმე და პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი აირჩია. ფაქტობრივად იგივე არჩევანია, თუ მაშინ იყო ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობა, ახლა გაიზარდა მნიშვნელობა და ანაკლიის პორტს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. აშშ-ის და რუსეთის დაპირისპირების ეპიცენტრი შავი ზღვა გახდა, ამიტომაც სერიოზული მესიჯებია როგორც რუსეთის, ისე ამერიკის მხრიდან. ჩვენ ოფიციალურად ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეები ვართ, დღის წესრიგი არავის შეუცვლია, შესაბამისად, ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს. მაშინ იყო გეოპოლიტიკური გამოწვევა, დღეს არის გეოსტრატეგიული გამოწვევა, გაცილებით უფრო რთული გამოწვევაა”, - დასძენს მაისაია.

ჯარიდან თავის დაღწევა მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდლებს შეეძლებათ

“პარლამენტში ახალი კანონპროექტი შევიდა, რის მიხედვითაც უნდა გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ, თუმცა, ერთი გამონაკლისით, ეს ახალი ნორმა არ იმოქმედებს მართლამდიდებელი ეკლესიის მღვდლებზე, მათ პრივილეგია შეუნარჩუნდებათ და ჯარიდან თავის დაღწევას კვლავაც შეძლებენ. კანონპროექტის ავტორი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია და როგორც ის ამბობს, ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, იმიტომ რომ, მათზე კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს, ხოლო სხვა ყველა რელიგიური კონფესიის ღვთისმსახურებმა უნდა აირჩიონ ან ჯარი, ან ალტერნატიული სამსახური. “გირჩში” აცხადებენ, რომ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივა დისკრიმინაციულია და იდეა საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ჯარიდან თავის დაღწევა მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდლებს შეეძლებათ.

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამის მიღება გაუჭირდეთ... ირაკლი სესიაშვილი პაიკია. საპატრიარქოს ყელში აქვს გაჩხერილი ბიბლიური თავისუფლება კონკრეტულად იმის გამო, რომ ეს კონფესია ქადაგებს თავისუფლებას, ათასობით ადამიანს დაანახა, რა არის თავისუფლების ფასი”, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას თქმით, კანონპროექტი ასევე ამორალურია. “არც ერთი პარლამენტარის შვილი ჯარში არ მსახურობს და ეს კანონპროექტი ამიტომ არის ამორალური თავისი შინაარსით, რომ ის პარლამენტარის შვილებზე კი არ ვრცელდება. ჩვენი კანონმდებლობა მოწყობილია ისე, რომ ჯარიდან თავის არიდება შეძლონ მდიდრებმა და იმ ადამიანებმა, რომლებსაც მთავრობაში ნაცნობები ჰყავთ. შესაბამისად, პარლამენტის არც ერთი წევრის შვილი ჯარში არ არის. თავად კანონპროექტის ავტორის ბატონი სესიაშვილის შვილი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჯარში არ არის ნამყოფი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს. თუ ასე არ არის, დაგვიმტკიცონ. 150 პარლამენტარიდან გამოვიკვლევთ მათ, ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს... თუ ირაკლი სესიაშვილი მხარს უჭერს ჩვენი შვილების ჯარში წასვლას და ამბობს, რომ ეს კარგია, თავისი შვილი ხომ უნდა იყოს ჯარში წასული?! ისინი ჩვენი შვილების მომავლით მანიპულირებენ, მაშინ როცა საკუთარი შვილებს ცივ ნიავს არ აკარებენ. ჩემი აზრით, ეს არის ამ კანონპროექტის ამორალურობა”,- აცხადებს იაგო ხვიჩია “ნეტგაზეთთან”. “გირჩის” ლიდერები აცხადებენ, რომ თუ სესიაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივა კანონად გადაიქცევა, მას საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

ირაკლი სესიაშვილი ჯერ კიდევ 2017 წელს აანონსებდა “გირჩის” წევრების მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის საწინააღმდეგო კანონპროექტის შემუშავებას. “ბიბლიური თავისუფლება” ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს. “გირჩის” ინფორმაციით, 15 000-ზე მეტი ახალგაზრდაა დარეგისტრირებული მღვდელმსახურად. ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა 13 მარტს დარეგისტრირდა. როგორც სესიაშვილი აცხადებს, ზოგიერთი ორგანიზაცია არასწორად და არასამართლიანად იყენებდა აღნიშნულ ნორმას, რის გამოც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემას ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნა. “ცვლილებით გაუქმდება ნორმა, რომლითაც პირები, რომლებიც არიან მღვდელთმსახურები, სარგებლობენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით. დღეისათვის ამ ნორმასთან მიმართებაში გამოიკვეთა ხარვეზები და პრობლემური საკითხები, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს.... ყველა პირს, რომელიც უარს იტყვის სამხედრო სავალდებულო სამსახურზე რწმენის, აღმსარებლობის, სინდისის საფუძველზე, აქვს კანონიერი უფლება, გაიაროს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომელიც კანონით არის განმტკიცებული. რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, ამ შემთხვევაში, მოქმედებს საკონსტიტუციო ნორმა, შეთანხმება, რომლის ფარგლებში მართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლდებიან”, - ამბობს სესიაშვილი და თვლის, რომ “არ ფიქრობს, რომ ეს უნდა გაუქმდეს”, - დასძენს გამოცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა