მოვაჭრეების განცხადებით, ფოთის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

მოვაჭრეების განცხადებით, ფოთის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ფოთში, მოვაჭრეებს მერის მოადგილეები და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ. აქციის მონაწილეთა თქმით, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

„ჩვენი მაღაზიების წინ გარკვეული მონაკვეთი გადახურულია, გვეუბნებიან ჩაჭერითო, არა და ეს გადახურვა თვითონ მერიის პროექტის მიხედვით გავაკეთეთ, რაც ძალიან დიდი თანხა დაგვიჯდა. მათი მოთხოვნა უსაფუძვლოა, თავის დროზე რა საზღვრებიც მიგვითითეს იმ საზღვრებში ვართ ჩატეული. მოვედით გასარკვევად, თუმცა პასუხი ვერავინ ვერ გაგვცა. არ ვაპირებთ პოზიციების დათმობას, აქციებს გავმართავთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს რიტა ლაგვილავამ.

მერის მოადგილის კოტე თოფურიას განცხადებით, ყველა მოვაჭრე უნდა იყოს თანაბარ პირობებში, კანონის მოთხოვნების შესაბამისად. მისივე თქმით, ბაზარში გასასვლელი გზის გათავისუფლება უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით ხორციელდება.

„ჩვენ წესრიგში უნდა მოვიყვანოთ ის ტერიტორია რომელიც ეკუთვნის ქალაქს. ჩვენ ვცდილობთ ეს გზა მოვიყვანოთ წესრიგში და დავიცვათ ყველა ის ნორმები, რომელიც ეხება უსაფრთხოებას და გადაადგილებას. აქ საპროტესტო არაფერია, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქალაქისა და ბაზრის იერ-სახე მოწესრიგდეს“, - აღნიშნა კოტე თოფურიამ.

მანამდე მოვაჭრეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.