გორში წისქვილკომბინატ „კარმენის“ თანამშრომელთა საპროტესტო აქციას ხვალ პროფკავშირების გაერთიანება შეუერთდება

გორში, წისქვილკომბინატ „კარმენის“ თანამშრომელთა საპროტესტო აქციას ხვალ პროფკავშირების გაერთიანება შეუერთდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.
პროფკავშირების ცნობით, ქარხანაში დღეს დილით გაფიცვა დაიწყო. დასაქმებულების მთავარი მოთხოვნა ხელფასების მატებაა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გუშინ, სავარაუდოდ პროფკავშირული ნიშნით, ადმინისტრაციამ გაათავისუფლა ერთ-ერთი თანამშრომელი, ხოლო 3 თანამშრომელს სასტიკი საყვედური გამოუცხადა, რასაც თანამშრომელთა პროტესტი მოჰყვა და საბოლოოდ, დღეს დილით ქარხანა გაიფიცა.
„პროფკავშირებს გაფიცვის უფლება უკვე მოპოვებული აქვთ. გაფიცვამდე მედიაციისთვის კანონით განსაზღვრულმა 21-დღიანმა ვადამ შედეგი ვერ გამოიღო. მოლაპარაკების მთავარი საგანი იყო შრომის ანაზღაურების მატება, რომელიც ქარხანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში არ მომხდარა. დასაქმებულთა უამრავ მცდელობას, რომ შეთანხმება კონსტრუქციული მოლაპარაკებების გზით მიღწეულიყო, ადმინისტრაცია არაადეკვატურად მიუდგა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით უბიძგა დასაქმებულებს უკიდურესი ზომისკენ, გაფიცვისკენ, რაც მათ კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული“, - ნათქვამია პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























