ქართული პრესის მიმოხილვა 15.03.2019

ქართველებზე ნადირობა გალში: კვარაცხელიას ცხედრის მალევე გადმოცემა ნიშნავს, რომ აფხაზები რუსების დანაშაულს საკუთარ თავზე არ აიღებენ

"არანაირი მექანიზმი არ გვაქვს, რომ ეს ძალადობა შევაჩეროთ, ვერ შევაჩერებთ“ - ძაბირაძე რუს ოკუპანტებზე

***

ქართველებზე ნადირობა გალში: კვარაცხელიას ცხედრის მალევე გადმოცემა ნიშნავს, რომ აფხაზები რუსების დანაშაულს საკუთარ თავზე არ აიღებენ

“საქართველოს მოქალაქეებზე გალში რუსმა ოკუპანტებმა ნადირობა დაიწყეს და გამოსასყიდი კიდევ უფრო გააძვირეს - რა ხდება გალში და რა პირობებში უწევთ საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრება? ირაკლი კვარაცხელიას გაუგებარ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ, ოკუპირებულ სოფელ პირველ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე ლევან ძანძავა გაიტაცეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ძანძავას საცხოვრებელ სახლში დე ფაქტო ხელისუფლების ომონი (სპეცდანიშნულების რაზმი) ხუთშაბათს დილით შევარდა და გაიტაცა. აყვანისას მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ქართველებზე ნადირობა გალში: კვარაცხელიას ცხედრის მალევე გადმოცემა ნიშნავს, რომ აფხაზები რუსების დანაშაულს საკუთარ თავზე არ აიღებენ

"უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან დაკავებულს. თუმცა ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მისი გატაცება ირაკლი კვარაცხელიასთან არის დაკავშირებული. ირკვევა, რომ კვირას რუსმა ოკუპანტებმა ორივე ერთად გაიტაცეს. მოგვიანებით კი ძანძავამ გამტაცებლებისგან თავის დაღწევა შეძლო. დაკავებულის ახლობლები ყვებიან, რომ ხუთშაბათს დილით პირველ ოტობაიაში უამრავი სპეცრაზმელი მივიდა და ძანძავა სახლიდან ძალით გაიყვანა. „ეს ბიჭი ერთ-ერთი მოწმეა, რომელიც კვარაცხელიას ცემის ფაქტს შეესწრო. როგოც ჩანს, შეეშინდათ, რომ რამე არ ეთქვა და ამიტომ წაიყვანეს. სხვა არაფერი ეჭვი არ გვაქვს. საკმაოდ პატიოსანი და კარგი ოჯახია. სავარაუდოდ, შეაშინებენ, რომ არაფერი თქვას. ასე ამბობენ, რომ სოხუმშია გადაყვანილი“, - აცახდებენ ადგილობრივები. რა ხდება გალში და რატომ გახშირდა ე.წ. საზღვარზე ქართველების დაკავების თუ გატაცებების ფაქტები. „რეზონანსთან“ გალის მკვიდრი მარი ჩიტაია ყვება, რომ სიტუაცია საკმაოდ მძიმეა და ქართველები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. მისი თქმით, ყველა გალში მცხოვრებ ადამიანს გათვითცნობიერებული აქვს ის საფრთხე, რაც მას შეიძლება უკანონოდ გადასვლის დროს შეემთხვას“, - აღნიშნავს გამოცემა.

"თუმცა, მოსახლეობას ენგურზე გადაადგილებისთვის საჭირო საბუთების აღება უჭირს, მეტიც მათი უმრავლესობისთვის ეს რეალურად შეუძლებელია. ჩიტაია ამბობს, რომ ერთი მხრივ ნებართვის აღება საკმაოდ ძვირია და მეორე მხრივ კი სერიოზულ ბიუროკრატიულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ნებართვის აღების პირობებს სამ თვეში ერთხელ ცვლიან და მისი ღირებულება 1000 ლარს აღწევს. „ეს თანხა საკმაოდ ძვირია იქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის, რომლებსაც ეკონომიურად საკმაოდ უჭირთ და ფაქტობრივად ბლოკადაში ცხოვრობენ. ამიტომაც გარკვეული რისკის ფასად ცდილობენ, რომ შემოვლითი გზებით გალიდან ზუგდიდში გადმოვიდნენ. ადგილობრივები სხვადასხვა საგუშაგოებიდან ფარულად გასვლას ცდილობენ. პირველი დაკავების შემთხვევის დროსაც კი არსებობს საფრთხე, რომ ისინი საპატიმროში აღმოჩნდნენ. გამოსახსნელი მინიმალური თანხა ადრე თუ სამოცი ლარი იყო, ახლა 500 ლარიც კი არ არის საკმარისი. სანამ ოჯახის წევრები საკმარის თანხას არ მიიტანენ, მანამდე პატიმრობაში ამყოფებენ. ყოფილა შემთხვევები, რომ მცირეწლოვანი ბავშვებიც კი დაუკავებიათ. სხვადასხვა დროს დედები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად აიყვანეს. პრობლემა ადრეც იყო გადასვლაზე, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ჯარიმები იყო და ხალხს ეს ამად უღირდა. „ახლა გამოსასყიდის გაზრდასთან ერთად, ოკუპანტები უფრო აგრესიულები გახდნენ და შეპასუხების ან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს. უკეთეს შემთხვევაში დააპატიმრებენ, უარეს შემთხვევაში კი შეიძლება ცემით მოგკლან. ადრე ერთი ბილიკი იყო ოტობაია-ორსანტიას დამაკავშირებელი საცალფეხო გზა, ისიც გადათხარეს , რომ ადამიანმა გადასვლა ვერ შეძლოს. ამიტომაც ხალხი მდინარით ცდილობს გადასვლას“, - აცხადებს მარი ჩიტაია "რეზონანსთან“. მისივე თქმით, მოსახლეობა ეკონომიკურ ბლოკადის გამო იძულებულია, რომ ზუგდიდში გადავიდეს, რადგანაც მათ თხილის და სხვა პროდუქტების გაყიდვა სხვაგან არ შეუძლიათ. გალში თხილს რომ კილოს 50 თეთრად იბარებენ, ზუგდიდში 2 ლარად ხდება მისი გაყიდვა. ჩიტაია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება იქ მცხოვრებ ხალხს ვერაფრით ეხმარება და ფაქტობრივად ადგილობრივები ღვთის ანაბარად არიან მიტოვებულები“, - განაგრძობს გამოცემა.

"ანალიტიკოსი და ექსპერტთა კლუბის წევრი ირაკლი ცქიტიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ხაჯინბას მოსვლის შემდეგ, ქართველებს პასპორტები ჩამოართვეს და არჩევნებში მონაწილეობის მიღება აუკრძალეს. ამის მთავარი მიზანი კი ის იყო, რომ ქართველებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიეღოთ. მისი თქმით, გალი ერთ დიდ რუსულ სამხედრო ბაზად არის ქცეული და ქართველებს იქ მხოლოდ იმ ქონების ფლობის უფლება აქვთ, რაც ჰქონდათ. დამატებით სხვა რაიმე აქტიურობას ისინი ვერ ახერხებენ. ცქიტიშვილი ფანტასტიკის სფეროს უწოდებს იმ ვერსიას, რომ ირაკლი კვარაცხელია თავს რუსულ სამხედრო ბაზაზე მოიკლავდა. მისი აზრით, რადგანაც აფხაზებმა ცხედარი ძალიან სწრაფად გადმოგვცეს, ჩნდება ვარაუდი და საფუძვლიანი ეჭვიც, რომ ისინი რუსების დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას არ აპირებენ. ანალიტიკოსი ამბობს, ხაზგასმა იმაზე, რომ ეს ფაქტი რუსულ ბაზაზე მოხდა და აფხაზები არ იყვნენ მის დაკავებაში მონაწილეები, აჩენს მოსაზრებას, რომ აფხაზებთან რაღაც გარკვეულ მოლაპარაკებაზე და ურთიერთობაზე წასვლა შესაძლებელია. „გალში საკამოდ რთული სიტუაციაა. ხაჯინბამ თავისი ე.წ. საარჩევნო დაპირებები შეასრულა და ქართველებს პასპორტები ჩამოართვა. ასევე, მათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებაც აღარ აქვთ და არაფრის უფლება არ გააჩნიათ. ხოლო როცა არაფერს არ წარმოადგენ და შენი დამცველი არავინ არის, რა თქმა უნდა, რომ რუსები ისე მოექცევიან როგორც ვხედავთ. თუმცა კვარაცხელიას ცხედრის ასე სწრაფად გადმოცემა იმის მაჩვენებელია, რომ აფხაზებს არ სურთ სხვისი დანაშაულის საკუთარ თავზე აღება“, - დასძენს გამოცემა.

"ე.წ. აფხაზეთის უშიშროებამ განაცხადა, რომ კვარაცხელიას დაკავებაში ისინი არ მონაწილეობდნენ და ის რუსულ ბაზაზე გარდაიცვალა. ეს არის იმის ნიშანი, რომ აფხაზები მათი დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას არ აპირებენ. ეს კი იმის საშუალებას გვიტოვებს, რომ მათთან გარკვეული მოლაპარაკებები და ურთიერთობა აღვადგინოთ. ახლა ყველაფერი ექსპერტიზის პასუხებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში წარმოუდგენელია, რომ ამ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა საბოლოოოდ პასუხი აგონ“, - აცხადებს ცქიტიშვილი „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

"არანაირი მექანიზმი არ გვაქვს, რომ ეს ძალადობა შევაჩეროთ, ვერ შევაჩერებთ“ - ძაბირაძე რუს ოკუპანტებზე

"ზოგადად, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ ამ პრობლემაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ოკუპირებული ტერიტორიები არც აფხაზების და არც ოსების მიერ არ არის დაცული, ეს რეალურად რუსული ტერიტორიებია. იქ არც აფხაზური და არც ოსური ფაქტორი არ დომინირებს," - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "არანაირი მექანიზმი არ გვაქვს, რომ ეს ძალადობა შევაჩეროთ, ვერ შევაჩერებთ“ - ძაბირაძე რუს ოკუპანტებზე

"ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ერთადერთი, რაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციები საქმის კურსში ჩააყენოს და გააქტიუროს. სხვა, რომელი ხელისუფალიც არ უნდა იყოს, რა შეუძლია გააკეთოს, არ მესმის. გასაგებია, რომ იქ არაადამიანური მოპყრობაა, ყველამ ყველაფერი იცის შინაც და გარეთაც, მაგრამ რეალური მექანიზმი იმისა, რომ ასეთი რამ მომავალში აღიკვეთოს, არავის აქვს, გარდა რუსეთისა და რუსეთს ამაზე მუდმივი პროვოცირება, რა თქმა უნდა, ხელს აძლევს, რადგან არ უნდა დაისადგუროს სიმშვიდემ ამ ტერიტორიაზე. მათი მიზანია, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშვიდი გარემო არ შეიქმნას. აქტიურობს ხელისუფლება იმდენს, რამდენი აქტიურობაც შეუძლია. გავიდა ათი წელი და ამ ათ წელიწადში სხვა უამრავი რამ მოხდა; მოახდინეს ყირიმის ანექსია, უკრაინა... იმის თქმა მინდა, რომ მეტი აქტიურობა ამას ვერ ექნება. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რა შეუძლია გააკეთოს? ეს საზოგადოების მოტყუება იქნება და სხვა არაფერი. გარდა იმისა, რომ გაეროში, ევროკავშირში, ევროსაბჭოში ეს ყველაფერი დავაფიქსიროთ, მეტს ვერაფერს გავაკეთებთ. ოპოზიციას ან ხელისუფლებას იმდენი რამ აქვს საკრიტიკო, ამ თემაზე, რომ არ იყოს სპეკულაციები სჯობს. ვერცერთი ხელისუფალი ვერ გადაწყვეტს ამას, რადგან დღეს ამის საერთაშორისო პირობები არ არსებობს. პოტენცია არც ჩვენ გვაქვს და არც სხვა ქვეყანას. მოცემულობა არის ასეთი; უნდა ვიყოთ ფრთხილად და შევძლოთ ეს ყოველთვის აქტიურად გავახმაუროთ, ამის იქით ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამთ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ძაბირაძის თქმით, მას არ ჰგონია, საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ არსებობდეს ვინმე, ვინც მეტ-ნაკლებად იცნობს სიტუაციას და გამოსავალს მოძებნის. გამოსავალი არ არის იმაზე მეტი, რომ საქმის კურსში ჩავაყენოთ და ჩავრთოთ სამშვიდობოები, საერთაშორისო წარმომადგენლები. როდესაც უნდათ, მაშინ დაიწყებენ ამის აქტუალიზაციას. ჩვენ არანაირი მექანიზმი არ გვაქვს, რომ ეს ძალადობა შევაჩეროთ, ვერ შევაჩერებთ. ხელისუფლებას ამაზე მეტს ნუ მოვთხოვთ. ნუ დავიწყებთ სპეკულირებას, რადგან ეს სპეკულაციები სწორედ იმაზე მუშაობს, რომ იქ ძალადობა ისევ განმეორდეს. თუკი იმაზე მეტს ვიყვირებთ ტყუილად, ვიდრე საჭიროა, შედეგი იქნება, რომ იქ მუდმივად დაძაბულობა იქნება“, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს